ფა ფე ფლ ფო ფრ ფს
ფრე

ფრესკა

ახალი
ფერწერის სახეობა, რომელიც სრულდება კირიან წყალში გახსნილი საღებავებით სველ შელესილობაზე. გაშრობისას იკეთებს გამჭვირვალე აფსკს, რის გამოც ნახატი მყარი და გამძლე ხდება. ფრესკას უწოდებენ აგრეთვე ამ ტექნიკით შესრულებულ მხატვრულ ნაწარმოებს. ფრესკის ტექნიკით ასრულებენ მონუმენტური ფერწერის კომპოზიციებს, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული არქიტექტურასთან. ფრესკა კედლის მხატვრობის ძირითადი ტექნიკაა. მასში გამოიყენება საღებავები, რომლებიც კირს არ უერთდება. ფრესკის საღებავების პალიტრა მრავალფეროვანი არ არის. ფრესკის საღებავებს ურევენ წებოს. ოსტატი ყოველთვის ითვალისწინებს, რომ შელესილობის გაშრობის შემდეგ საღებავები ბაცდება. ფრესკის ხელოვნება განვითარებული იყო ჯერ კიდევ ძვ.წ. II ათასწლეულში ეგეოსურ კულტურაში, აღორძინდა ანტიკურ ხანაში, როდესაც ოსტატები ფრესკას ასრულებდნენ მშრალ ბათქაშზე, ტემპერით. ამ ხერხებს ნაწილობრივ შუა საუკუნეებშიც იყენებდნენ. ფრესკის შერეული ტექნიკა განვითარდა ბიზანტიაში, საქართველოში, იტალიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. განსაკუთრებულ დონეს მიაღწია იტალიური აღორძინების ხანის ოსტატთა შემოქმედებაში (ჯოტო, მაზაჩო, რაფაელი, მიქელანჯელო და სხვ.). ფრესკის ტრადიცია არსებობდა XVII-XVIII სს-ის დეკორატიულ მხატვრობაში, XIX ს-დან კი ფრესკის ტექნიკაში მუშაობენ მხოლოდ ცალკეული ოსტატები. XX ს-ში ახალი სინთეზური საღებავების შექმნამ ახალი შესაძლებლობები გახსნა ფრესკული ფერწერის შემდგომი განვითარებისათვის. საქართველოში შემორჩენილი ფრესკებიდან ყველაზე ადრეული ფრესკები თარიღდება VIII-IX სს. (მაგ., არმაზი). განსაკუთრებით განვითარდა XI-XIII სს-ში (ატენის, ვარძიის, ყინწვისის, ბეთანიისა და სხვა ფრესკები). მონუმენტური მხატვრობის ძეგლები შემორჩა გვიანი შუა საუკუნეებიდანაც. ახალი აღმავლობა კი განიცადა XIX ს-დან (მაგ., კაფე „ქიმერიონის“ მოხატულობა - ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძე და სხვ.).


ლეონარდო და ვინჩი. საიდუმლო სერობა
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9