ქა ქვ
ქან ქარ

ქართულ სასულიერო მუსიკა

ქართველი ხალხის მუსიკალური კულტურის განუყოფელი ნაწილია. მას საფუძველი ჯერ კიდევ IV საუკუნიდან ჩაეყარა - საქართველოს გაქრისტიანებასთან ერთად. IX საუკუნიდან იქმნება გალობის სწავლების მთელი სისტემა, საქართველოს ცნობილ ტაძრებსა და მონასტრებთან (იყალთო, გელათი, გრემი, მცხეთა) არსდება სემინარები და აკადემიები, სადაც საპატიო ადგილი ეთმობა მუსიკის სწავლებას, ყალიბდება საგუნდო კაპელები, იქმნება ორიგინალური ქართული საგალობლები.

ქართულ სასულიერო გალობას IX-XII სს-ში დიდი ღვაწლი დასდეს გრიგოლ ხანძთელმა, იოანე ზოსიმემ, იოანე მინჩხმა, მიქაელ მოდრეკილმა, გრიგოლ მთაწმინდელმა, არსენ იყალთოელმა, იოანე პეტრიწმა.

ჩამოყალიბდა საგალობელთა კრებულების ოთხი ძირითადი ტიპი: 1. „რვა-ხმა საგალობელთა კრებული“ - „სადაგ და კვირა დღეთა საგალობლები“; 2. „თთვენი“ - წმინდანებისადმი მიძღვნილი საგალობლები; 3. „მარხვანი“ - მარხვასთან დაკავშირებული საგალობლები, და 4. „ზატიკი“ - სადღესასწაულო საგალობლები.

ქართული საგალობლები ძირითადად, სამხმიანია, თუმცა არის ცნობები ექვსხმიან საგალობლებზეც, რომლებიც არ შემორჩენილა. ისევე, როგორც ქართულ ხალხურ შემოქმედებაში, ქართულ გალობაშიც ორი შტოა: აღმოსავლურ-ქართული (ქართლ-კახური) და დასავლურ-ქართული (იმერულ-მეგრული). საგალობელთა კრებულებიდან აღსანიშნავია მიქაელ მოდრეკილის მიერ X ს-ში შედგენილი უდიდესი (1289 პერგამენტი) კრებული, თანდართული სამუსიკო ნიშნებით.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9