ქა ქვ
ქან ქარ

ქართული ხალხური სიმღერა

ქართული ხალხური სიმღერა უძველესი დროიდან მრავალხმიანი იყო, რის შესახებაც გვამცნობს იოანე პეტრიწი (XI ს.), აგრეთვე რუსთაველის, ჩახრუხაძის, შავთელის, ორბელიანის, გურამიშვილის, ბესიკისა და სხვათა ნაწარმოებები. ხმათა რაოდენობა ქართულ ხალხურ სიმღერაში ერთიდან ოთხამდეა, ძირითადად კი სამი (ბანი, მთქმელი, მოძახილი), გვხვდება ხმათა სხვა დასახელებებიც - მაღალი ბანი, კრიმანჭული, შემხმობარი, დამწყები, გამყივანი, წვრილი; შესრულების წესი: მაღალ ხმებს ასრულებს თითო მომღერალი, ბანს - ჯგუფი; არსებობს ორგუნდოვანი მონაცვლეობითი შესრულებაც.

ქართული მუსიკალური ფოლკლორი ჟანრობრივად მდიდარი და მრავალფეროვანია, გამოიყოფა სამი ძირითადი ჟანრი: შრომის (ინდივიდუალურ და კოლექტიურ შრომასთან დაკავშირებული სიმღერები: „გუთნური“, „კევრული“, „ურმული“, „ჰერიო“, „კალოსპირული“, „გლესამ და გლესამ ნამგალო“ და სხვ.), ეპიკური (ხალხური თქმულებებისა და მითების გმირებზე და მათ თავგადასავალზე), საწესჩვეულებო (საკულტო: „კვირია“, „ლაშარის სიმღერა“, და სხვ., კალენდარული: „ჭონა“, „ალილო“ და სხვ., საყოფაცხოვრებო: „მრავალჟამიერი“, „ჩაკრულო“, „შავი შაშვი“, „იავნანა“, „ბატონებო“, „ზარი“, „არაგვისპირული ლაშქრული“, „მირანგულა“ და ა.შ.)

ქართულ მუსიკალურ ფოლკლორში საქართველოს კუთხეების მიხედვით გამოყოფენ ორიგინალობის ნიშნით აღბეჭდილ 15 მუსიკალურ დიალექტს. ესენია: ქართლ-კახეთის, ხევის, მთიულეთის, თუშეთის, ფშავის, ხევსურეთის, რაჭის, სვანეთის და ა.შ.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9