შა შუ
შუა

შუა საუკუნეების ხელოვნება

ფეოდალიზმის ხანის ხელოვნება, რომელიც ეკლესიის ძალაუფლების ქვეშ ვითარდებოდა. X ს-დან მოყოლებული, ევროპის კულტურის ცენტრებად მონასტრები იქცა. ბერები წერდნენ წიგნებს, ქმნიდნენ შესანიშნავ მინიატურებს მდიდრულად გაფორმებული წიგნებისათვის, სახელოსნოებში ბრინჯაოსაგან ასხამდნენ სკულპტურულ ნაკეთობებს.


სასახლის კაპელა პალერმოში

XI ს-დან აღმავლობა განიცადა ქვის ნაგებობათა მშენებლობამ, რომელთაც რომანული სტილი ეწოდა. ასევე იწოდებოდა მთელი იმდროინდელი სახვითი ხელოვნებაც. რაინდთა ციხე-დარბაზები, სამონასტრო ანსამბლები და ტაძრები, - აი, რომანულ ნაგებობათა მთავარი ტიპები. შიგნიდან რომანულ ტაძრებს ამშვენებდა კედლის ფერწერა - ფრესკები, გარედან - ნაირგვარი რელიეფები, რომლებიც ეკლესიის ძალაუფლების გაძლიერებას, ღვთის შიშის დამკვიდრებას უწყობდა ხელს.


ნოტრ-დამი. პარიზი

XII ს-დან რომანული სტილი შეცვალა გოთურმა. გოთიკის ეპოქა - შუა საუკუნეების ახალი კულტურული ცენტრების - ქალაქების აყვავების ხანაა: ჩაისახა რაინდული პოეზია, ხალხური სატირა... წამყვანი სფერო კვლავ არქიტექტურაა, რომანულისაგან განსხვავებით, გოთურ ტაძრებში, რომლებსაც აგებდნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, არქიტექტორებმა თამამად გამოჭრეს ფართო თაღები, შიგნიდან იყენებდნენ სკულპტურას, რელიეფებს ძველი ლეგენდებისა და რაინდული რომანების გმირთა გამოსახულებებით. შუა საუკუნეებში იქმნება ხალხური სიტყვიერების შესანიშნავი ნიმუშები - ლექსები, ლეგენდები, რომლებსაც ავრცელებდნენ მოხეტიალე მსახიობები: საფრანგეთში - ჟონგლიორები, გერმანიაში - შპილმანები. მათ რეპერტუარში შედიოდა სატირული და სამიჯნურო სიმღერები, განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობდა საგმირო ეპოსი. მათ შორის აღსანიშნავია «სიმღერა როლანდზე» (დაახლ. 1100 წ.), რომლის სიუჟეტიც დაკავშირებულია რეალურ ისტორიულ მოვლენებთან. ამავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი რაინდულ რომანს, განვითარდა რაინდული პოეზია. შუა საუკუნეებისდროინდელ ქალაქებში, რაინდთა ციხე-დარბაზებთან, მოედნებზე ხშირად მართავდნენ მხიარულ სანახაობებს მოხეტიალე მსახიობები - ჰისტრიონები, რომელთაც ფეოდალები და ეკლესია სასტიკად დევნიდა და უკრძალავდა წარმოდგენების გამართვას, მაგრამ, როდესაც ეკლესიამ ხალხს სანახაობისადმი ლტოლვა ვერ ჩაუკლა, გადაწყვიტა თეატრი რელიგიური მიზნებისათვის დაექვემდებარებინა. ასე წარმოიშვა საეკლესიო თეატრი - შუა საუკუნეების ევროპის თეატრალური ხელოვნების ძირითადი ფორმა, მაგრამ ყველაზე მასობრივი თეატრალური სანახაობა მისტერია გახლდათ, რომელსაც, საეკლესიო თეატრისაგან განსხვავებით, ოსტატ-ხელოსნები დგამდნენ და არა სამღვდელოება, ქალის როლს კი ასრულებდა არა მამაკაცი, არამედ - ქალი. მისტერიის წარმოდგენა ქალაქში დიდი მოვლენა იყო. ეწყობოდა ფარდულები, რომლებშიც სხვადასხვა სცენები თამაშდებოდა, მზადდებოდა დეკორაციები.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9