ფართო მნიშვნელობით, ნებისმიერი ჟანრის მუსიკა, რომელიც ჟღერს: მუსიკალურ თეატრში (ოპერა, ბალეტი, ოპერეტა, მუსიკალური კომედია) და დრამატულ თეატრში, სადაც მუსიკა წარმოადგენს იდეის, მხატვრული შინაარსის გადმოცემის არამთავარ, თუმც ძალზედ მნიშვნელოვან საშუალებას (დაწყებული ჯერ კიდევ ანტიკური ტრაგედიის დაბადებიდან). მუსიკას დრამატულ სპექტაკლში ხშირად აქვს არა მხოლოდ ემოციური ან ყოფითი ფონის, ისტორიული ან ეროვნული კოლორიტის შექმნის ფუნქცია, არამედ თვით სიუჟეტის განვითარების აუცილებელი კომპონენტის როლი (პერსონაჟის სიმღერა, ცეკვა). ბევრი გამოჩენილი კომპოზიტორი (ბეთჰოვენი, გრიგი, ბიზე, ჩაიკოვსკი, ხაჩატურიანი) წერდა მუსიკას დრამატული თეატრისათვის. აღსანიშნავია ქართველ კომპოზიტორთა (სულხან ცინცაძე, გია ყანჩელი, გიორგი ცაბაძე და სხვ.) მიერ შექმნილი მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის.
სცენა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სპექტაკლიდან „როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე“ (რეჟისორი რობერტ სტურუა)
სცენა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სპექტაკლიდან „სერენადა“