აბაანიხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ბაანიხა (აფხ. Абааныха) – ოჩამჩირის რაიონის სოფ. ჯგერდაში მცხოვრები აშუბების საგვარეულო ხატი, რომელიც ფსხუნიხას „განაყოფს“, „ნაწილს“ წარმოადგენს. გადმოცემის თანახმად, აშუბას გვარი სოფ. ჯგერდაში ჩრდილოეთ კავკასიიდან ფსხუს გავლით გადმოსახლებულა. ფსხუში შეჩერებულ აშუბას ქალს, რომელსაც შვიდი ვაჟიდან ოთხი გარდაცვლილი ჰყოლია, ადგილობრივ მკვიდრთა დარად ფსხუნიხას სახელზე ულოცია და მისთვის სამი შვილის კეთილად ყოფნა უთხოვია. ფსხუნიხას შეუსმენია დედის თხოვნა, აშუბები გადარჩენილან და გამრავლებულან. მას შემდეგ ამ გვარს ფსხუნიხას „წილის“, აბაანიხას სახელზე ყოველწლიურად დაუწყია ლოცვა. რამდენადაც ჩვეულების ძალით, აფხაზ ქალებს ქმრის საგვარეულო ხატის სახელის წარმოთქმა ეკრძალებოდათ, აშუბების ცოლებს აბაანიხასთვის „აკაკა“ შეურქმევიათ, ხოლო აკაკას სახელზე ლოცვისთვის – „აშვა-აკაკა“.

აბაანიხას სახელობის ლოცვა ანუ აშვა-აკაკა აშუბებმა მარტის თვეში იცოდნენ; ამზადებდნენ კვერებს (აკვაკვარებს), რომელთაგან ექვსი უმარილო, ხოლო დანარჩენი დამარილებული იყო; ლოცულობდნენ მხოლოდ მამაკაცები პირისახით საცხოვრებლის მარჯვენა კუთხისკენ. აშუბების გათხოვილი ქალიშვილები ავადმყოფობის შემთხვევაში ვალდებულნი იყვნენ მშობლების სახლში აბაანიხას სახელზე ელოცათ და მისთვის ორწლიანი თხა შეეწირათ.

„აბაანიხა“ შედგენილი ტერმინია, რომლის მეორე სეგმენტი მომდინარეობს ხატის, სალოცავის აღმნიშვნელი სიტყვიდან „ა-ნიხა“; რაც შეეხება პირველ ნაწილს („აბაა“), მისი ამოსავალია არა აფხაზური აბ – „მამა“, როგორც ამას ს. ბახია-ოქრუაშვილი თვლის (მისეული გააზრებით „აბაანიხა“ ნიშნავს „ღვთაება მამას“ – „божество отец“), არამედ ა-ბაა – „ციხესიმაგრე“, ზოგადად მნიშვნელოვანი სიდიდის ყოველგვარი ქვის ნაგებობა, მათ შორის ეკლესიაც.

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ „აბაანიხა“ უკავშირდება ან ფსხუში არსებულ საფორტიფიკაციო ნაგებობას, რომლის ნაშთები უკანასკნელ დრომდე იყო შემორჩენილი და არაა გამორიცხული იგი აწინდელი აფხაზების ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებული წინაპრებისთვის კულტის ობიექტი გამხდარიყო (რამდენადაც ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხები ქვის ნაგებობას არ იცნობდნენ, მათზე ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან შთაბეჭდილებას ახდენდა და თაყვანისცემის საგანი ხდებოდა. შდრ. ასევე აფხაზური „ჯაჰაშქჲარნიხა“ ← მეგრული ჯიხაშკარი – „ციხის კარი“), ან კიდევ ფსხუს ციხე-სიმაგრეში არსებულ ქრისტიანულ ტაძარს. მართალია, აფხაზური ენის აბჟუურ და ბზიფურ დიალექტებში ეკლესია აღინიშნება ტერმინით ა-უახჲამა, რომელიც მომდინარეობს მეგრული ოხვამე (ეკლესია, სალოცავი) სიტყვისგან, მაგრამ ვიდრე აფხაზთა წინაპრები ამ ტერმინს შეითვისებდნენ, ეკლესიას, როგორც ჩანს, „აბაას“ უწოდებდნენ. ასე მაგ., აძიუბჟას სასოფლო საბჭოში შემავალი პატარა სოფლის — მარმარისკარის (მეგრული მარმარკარი – „მარმარილოს კარი“) მცირე ეკლესიას, რომელიც მარმარილოთი იყო გაფორმებული, აფხაზები „მარმალაბაას“, რეკის სასოფლო საბჭოში მდებარე ეკლესიას „ჯგერიანაბაას“, ხოლო მუგუძირხვას თემში შემავალი სოფლის – ამბარის ეკლესიას „ამბარაბაას“ უწოდებდნენ.


ლიტერატურა

  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • М.М. Иващенко. Развалини в Псху // Известия Абхазского научного общества. Сух., 1926. Вып. IV;
  • В.П. Пачулиа. Исторические памятники Абхазии, их значение и охрана. М., 1968;
  • Н.Я. Марр. Абхазско-русский словарь. Л., 1926;
  • С. Бахиа-Окруашвили. Абхазы. Этнографический очерк // Разыскания по истории Абхазии / Грузия. Тб., 1999;
  • თ. ბერაძე. ოდიშის სამთავროს რუკა არქანჯელო ლამბერტის მიხედვით // მაცნე, ისტორიის სერია. 1971. №3;
  • თ. გვანცელაძე. ენობრივი მონაცემები და მათი მნიშვნელობა აფხაზეთის ეთნიკური ისტორიის კვლევისათვის // აფხაზეთის ისტორიის პრობლემები. თბ., 1998.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები