აბაზასძენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბაზასძენი - აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალური საგვარეულო.

წარმომავლობით დაკავშირებული ჩანს IX-X საუკუნეების შიდა ქართლის ერისთავების, ტბელების ფეოდალურ სახლთან. ვარაუდობენ, რომ საგვარეულოს ფუძემდებელია აბაზან ტბელი. აბაზად და მისი ორი ვაჟი, ივანე და ქობული, ტბელების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იხსენიებიან ტბეთის ბორცვისჯვრის ეკლესიის წარწერაში (X საუკუნის ბოლო): „ჯუარო ბორცვისაო, ადიდე აბაზამ და ძენი მისნი: ივანე, ქობული“. ქავთარ ტბელის მეთაურობით ბაგრატ III-ის წინააღმდეგ ამბოხებული ქართლის დიდაზნაურების დამარცხების შემდეგ (980 წ. მოღრისის ბრძოლა) სამეფო კარზე ბაგრატის ერთგულ ტბელთა საგვარეულოს, აბაზას შტო დაწინაურდა. აბაზას უფროსი ვაჟი ივანე XI საუკუნის 30-40-იან წლებში ქართლის ერისთავია. იგი ლიპარიტ ბაღვაშთან ერთად მეთაურობდა ქართველთა ჯარს განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან და ლიპარიტ ბაღვაშმა 1032 წ. ხელთ იგდეს ბირთვისის ციხე და შეიპყრეს თბილილის ამირა ჯაფარი. ამ დროს აბაზასძენთა ფეოდალური სახლი თავისი ძლიერების ზენიტში იყო: „ხუთნი ძმანი აბაზასძენი... კაცნი ძლიერნი და ახოანნი, სიმდიდრესა ზედა მკლავისასა თვსისასა მოქა დულნი და სიმრავლესა ზედა ერისასა აღზუავებულნი“. XI საუკუნის შუა წლებში აბაზასძენი ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ფეოდალთა პირველ რიგებში იყვნენ. მათი განდგომა მარცხით დამთავრდა. ბაგრატ IV-მ თავდაპირველად ქართლის ერისთავობა ჩამოართვა ივანე აბაზასძეს (1044/1045), შემდეგ კი საერთოდ დაამხო ეს ფეოდალური სახლი (1060). XIII-XIV სსაუკუნეების მიჯნაზე აბაზასძენთა საგვარეულო კვლავ ახერხებს დაწინაურებას.

ნავროზ და ჭილა აბაზასძენი დავით VIII-ის კარზე ამირეჯიბის, ამილახორისა და მეაბჯრეთუხუცესის საპატიო სახელოებს ფლობდნენ. მათ მონღოლების წინააღმდეგ აჯანყებული დავით VIII-ის მხარე დაიჭირეს. დავითის დამარცხების შემდეგ ვახტანგ III-მ დასაჯა აბაზასძენი და მათი მამული შალვა ქვენიფნეველს უწყალობა. ნავროზ აბაზასძე სპარსეთში გადაიხვეწა. — აბაზასძენთა ბოლო აღზევება უკავშირდება ამირახორ ხიმშია აბაზასძეს, რომელმაც დაახლოებით 1399-1405 წწ. წინაპართა ძველი მამულები დაიბრუნა და ახლებიც დაისაკუთრა. თემურლენგის წინააღმდეგ ბრძოლებში გამოჩენილი დამსახურებისთვის გიორგი VII-მ მას კახეთის გადაშენებულ დიდგვაროვან ფეოდალთა, აბულეთისძეთა და მარილელთა, მამულები უწყალობა, რის შემდეგაც ის იწოდებოდა აბაზასძემარილელ-აბულეთისძედ. ხიმშია აბაზასძემ 1405 წ. სვეტიცხოველს შესწირა სოფელი ძაგნაკორნის მკვიდრი გლეხი შერგილაშვილი და გაათავისუფლა ყოველგვარი გადასახადისაგან. ქართული ლიტ. ტრადიციული ცნობით, ძაგნაკორნაში ცხოვრობდა დავით IV აღმაშენებლის თანამებრძოლი, სავარაუდოდ, აბაზასძენთა საგვარეულოს წარმომადგენელი იასე ხიმშიასძე, რომელიც დავითის გარდაცვალების შემდეგ ბერად აღიკვეცა. იასე ხიმშიასძის შემოქმედებას ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მას მიეწერება ქართულ პოეზიაში დამკვიდრებული ლექსთწყობის სახეობა „ძაგნაკორული“. ხიმშიას შემდეგ აბაზასძენთა საგვარეულო დაკნინდა. მათ დაკარგეს მარილელისა და აბულეთისძეთა მამულები. XV-XVI საუკუნეებში ისინი საერთოდ აღარ იხსენიებიან წყაროებში. XVIIXVIII საუკუნეებში აბაზასძენი ქართლის სამეფო აზნაურები იყვნენ და ამილახორის სადროშოში შედიოდნენ. ისინი ყმა-მამულს ფლობდნენ შიდა ქართლში (ნიქოზი, ხაშური, კარალეთი, ოძისი, თელეთგორი, შინდარა).

გ. ოთხმეზური

წყაროები და ლიტერატურა

  • გოგოლაძეა., დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი, თბ., 2001;
  • კაკაბაძეს., ისტორიული საბუთები, 3, ტფ., 1915;
  • ლორთქიფანიძემ., საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან XI ს. 80-იან წლებამდე, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979;
  • ოთხეზური გ., ქართული ფეოდალური საგ ვარეულოების ისტორიიდან (აბაზაძე-მარილელი-აბულეთისძე), - თბ., 2006;
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII სს. ქართული — ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. 1, თბ., 1991;
  • ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. 1, თბ., 1984;
  • ქართული წარწერების კორპუსი, ტ.1 - ლაპი დარული წარწერები, ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980.
  • გიორგი მცირე, ცხორებამ გიორგი მთაწმიდელისამ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 2, ი. აბულაძის რედ., თბ., 1967;
  • „მატიანე ქართლისა“. წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955;
  • ჟამთა აღმწერელი, წგ.: „ქართლის ცხოვრება“, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები