აბასთუმნის წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბასთუმნის წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია

აბასთუმნის წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესია, „ახალი ზარზმა“ - XIX ს. ხუროთმოძღვრების ძეგლი (ახალციხის მუნიციპალიტეტი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია), მდებარეობს აბასთუმანში, მდინარე ოცხის მარცხენა ნაპირზე. ეკლესია წარმოადგენს ზარზმის მონასტრის მთავარი ტაძრის (XIV ს. დასაწ.) პროტოტიპს, რის გამოც აბასთუმნის ამ ეკლესიას „ახალ ზარზმასაც“ უწოდებენ.

ააბასთუმნის წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მშენებლობის ინიციატივა ეკუთვნის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ვაჟს, უფლისწულ გიორგის (რუსეთის ბოლო იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ძმა), რომელიც ფილტვების ავადმყოფობის გამო ხანგრძლივად იმყოფებოდა საქართველოში. - XIX საუკუნის დასასრულს გიორგი რომანოვმა მოინახულა ზარზმის მონასტერი, აღადგინა იგი და განიზრახა მსგავსი ეკლესიის აგება აბასთუმანში. აბასთუმნის წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესია სამეფო დაკვეთა იყო, რაც, თავისთავად, გულისხმობდა ძლიერი შემოქმედებითი გუნდის არსებობას. პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი ოტო იაკობ სიმონსონი, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერად მოღვაწეობდა საქართველოში. ტაძრის მოხატულობა ეკუთვნის ცნობილ რუს მხატვარ მიხეილ ნესტეროვს. ტაძარი ზოგადად იმეორებს ზარზმის მონასტრის მთავარი ტაძრის გეგმარებასა და ფასადების მორთულობას, თუმცა ის არ წარმოადგენს ამ შენობის უბრალო ასლს და დამოუკიდებელი მხატვრული ღირებულების მქონე ნაგებობაა. ტაძრის ინტერიერის დასავლეთ კედელზე არსებული მარმარილოს დაფის წარწერა გვაუწყებს, რომ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1896 წ. 27 ივნისს, ხოლო ეკლესია აკურთხეს 1898 წ. 13 სექტემბერს. ამავე კედელზე განთავსებულია მ. ნესტეროვის ხელმოწერა და ტაძრის მოხატვის დასრულების თარიღი — 1904 წ.

სარჩევი

არქიტექტურა

ეკლესიისა და მისი სამრეკლოსთვის შექმნილია სპეციალურად მოსწორებული, კლდეში შეჭრილი ბაქანი. იგი სამი მხრიდან გალავნითაა გარშემორტყმული, რომელიც ანსამბლის ფონს წარმოადგენს. გალავნის გვერდითი ნაწილები პანდუსისებურად მაღლდება და დაახლოებით 3-4მ შემდეგ სწორხაზოვნად მიემართება. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ზედაპირმოსწორებული რუხი ფერის ქვა, რომლის არარეგულარული წყობა გარკვეულ მხატვრულ ეფექტს ქმნის. კედელი შემაგრებულია განიერი და ვიწრო ქვების მონაცვლეობით დაწყობილი პილასტრებით. მდებარეობის გამო ტაძრის ყველაზე მორთული აღმოსავლეთ ფასადი ნაწილობრივ ქვაბულშია ჩაფლული, რაც ხუროთმოძღვარმა გააწონასწორა დასავლეთით არსებული მდიდრულად მორთული სტოა-კარიბჭით, სადაც მდებარეობს ეკლესიის მთავარი შესასვლელი.

ეკლესია „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ნაგებობაა. მისი გუმბათი ეყრდნობა ორ ბურჯსა და საკურთხევლის კუთხეებს. ფასადები შემოსილია მოყვითალო და რუხი ფერის კარგად თლილი ქვის რიგების მონაცვლეობით. ორნამენტული მორთულობა თავმოყრილია ღიობების გარშემო. აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი, რომელიც სარკმლის საპირესთანაა შეზრდილი. დასავლეთით, ფასადის ცენტრში, განთავსებულია ნახევარწრიული თაღებით გახსნილი სამნაწილიანი სტოა-კარიბჭე, რომლის შუა ნაწილი დამოუკიდებელი ორფერდა სახურავითაა გადახურული. კარიბჭის სამივე ნაწილი ვარსკვლავისებური კამარითაა დასრულებული. სარკმელთა საპირეები ორნამენტითაა დაფარული. შენობის ქვედა კორპუსზე სწორკუთხა მოხაზულობის სარკმლებია. თორმეტწახნაგა გუმბათზე თითო წახნაგის გამოტოვებით გაჭრილია ორნამენტული საპირით გაფორმებული ექვსი თაღოვანი და ექვსი ცრუ სარკმელი. ტაძრის შიდა სივრცე აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხევლის წინ დეკორორატიული მოტივებით მორთული კანკელია აღმართული, რომლის პროექტი ასევე ოტო სიმონსონს ეკუთვნის.

ტაძრის განუყოფელი ნაწილია მისი სამრეკლო, რომელიც დგას ეზოს სიღრმეში, ტაძრის სამხრეთით. ნაგებობა ორსართულიანია, ქვედა სართული წარმოადგენს წრიული და თაღოვანი სარკმლებით გახსნილ კუბს. აღმოსავლეთიდან მას ეკვრის მცირე მოცულობის სათავსი, რომელიც შენობის აღქმაში თითქმის არ მონაწილეობს. ისევე, როგორც ეკლესია, სამრეკლო ნაგებია მოყვითალო და რუხი ფერის თლილი ქვის რიგების მონაცვლეობით. ნაგებობის მეორე სართული თაღებით გახსნილ რვაწახნაგა ფანჩატურს წარმოადგენს. თაღებს შემოუყვება ბურთულებიანი ლილვების კონა. მათ შორის არსებული მკვეთრად გამოყოფილი წიბოები კვადრატულ ფილაზე გამოსახული ვარდულითაა დასრულებული.

აბასთუმნის წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესია აბასთუმნის გამორჩეული დომინანტია. კომპლექსის შემადგენელი ტაძარი, სამრეკლო და გალავანი მნიშვნელოვანია ცალცალკე აღებულიც და აგრეთვე როგორც ხუროთმოძღვრული ანსამბლის განუყოფელი ნაწილი.

აბასთუმანი. „ახალი ზარზმა“. ჯვარცმა

მხატვრობა

აბასთუმნის წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მოხატულობა მ. ნესტეროვის მიერ ტრადიციული ბიზანტიული სისტემის საფუძველზეა შემუშავებული. ეკლესიის გუმბათში ოქროსფერ ფონზე ქრისტეს ამაღლებაა გამოსახული, გუმბათის ყელში კი, სარკმლებს შორის — ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები: დავითი, სოლომონი, მოსე და ილია. აფრებში ოთხი მახარებლის ნახევარფიგურაა სიმბოლური გამოსახულებებით (იოანე — არწივით, მარკოზი — ლომით, ლუკა — ხარით, მათეანგელოზით). აფსიდის კონქში ოქროსფერ ფონზე გამოსახულია ღვთისმშობელი ორანტის პოზაში ყრმა იესოსთან ერთად. მეორე რეგისტრში საღვთო ლიტურგიის სცენა ვარდისფერფრთიან ანგელოზთა დასით გარშემორტყმულ ქრისტეს წარმოადგენს. მესამე რეგისტრში თაღოვან სტრუქტურაში, სხვადასხვა ტონის მოლურჯო ფერის ფონზე მოცემულია თეთრი ნიმბებით შემოსილი ექვსი წმინდა მამის წელამდე გამოსახულება: ათანასე დიდის, კლიმენტის, ნიკოლოზის, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ღვთისმეტყველის. სახარებისეული სცენები აფსიდების გარე პილასტრების, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების კედლების ზედა რეგისტრებში და დასავლეთ მკლავის კამარაშია განლაგებული. სახარებისეული თხრობა ხარების სცენით იწყება, რომელიც მოთავსებულია აფსიდების გარე პილასტრების ზედა რეგისტრში: ჩრდილოეთით - მთავარანგელოზი გაბრიელი, სამხრეთით – ღვთისმშობელი (ამჟამად განადგურებულია). შობის სცენა ჩრდილოეთ მკლავის ჩრდილოეთ კედლის ტიმპანშია მოთავსებული. ქვევით, მეორე რეგისტრში, გამოსახულია ლაზარეს აღდგინება და დიდებით იერუსალიმში შესვლა. შემდეგ თხრობა გრძელდება სამხრეთ მკლავის სამხრეთ კედლის მეორე რეგისტრში გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს ლოცვისა და ჯვარცმის სცენებით, რომელთა თავზე ტიმპანში მენელსაცხებლე დედების სცენა ერთგვარი დამაგვირგვინებელია ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ამსახველი სიუჟეტებისა.

კიდევ ორი სახარებისეული სიუჟეტი — ფერისცვალება და ამაღლება – დასავლეთ მკლავის კამარაშია განთავსებული და შინაარსობრივად დასავლეთ კედელს უკავშირდება, რომეზედაც „დეისუსის“ მრავალიარუსიანი კომპოზიციაა წარმოდგენილი: კომპოზიციის ცენტრში მანდორლაში მოცემული თეთრსამოსლიანი ქრისტეს ფიგურა ტახტრევანზე ზის და ორივე ხელი ზევით კურთხევისთვის აქვს აღმართული. მარჯვნივ ღვთისმშობელია მთელი სიმაღლით გამოსახული, მარცხნივ – იოანე ნათლისმცემელი. მათ გვერდს მთავარანგელოზები უმშვენებენ. ქრისტეს თავზე ანგელოზთა დასი ორ მწკრივად წარმოგვიდგება და დასავლეთ კედლის ტიმპანში ზეციური იერუსალიმის თემით მთავრდება. იესოს გამოსახულების ქვედა რიგს მუხლმოყრილი წმ. გიორგი (სამხრეთით) და ამავე პოზაში გამოსახული წმ. ალექსანდრე ნეველი (ჩრდილოეთით) ქმნიან. წმ. ალექსანდრე ნეველი და წმ. გიორგი (იმპერატორ ალექსანდრე III-ისა და დიდი მთავრის, გიორგი ალექსანდრეს ძის, პატივსაცემად) აბასთუმნის ეკლესიის პატრონები არიან. „დეისუსის“ გარდა, მათი გამოსახულებები სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზეა გამოსახული. წმ. გიორგი მთელი სიმაღლით თავზე ოქროს შარავანდით არის წარმოდგენილი. მარჯვენა ხელში შუბი უჭირავს, რომლითაც სურათის ქვედა მარცხენა კუთხეში გამოსახულ გველეშაპს გმირავს. წმ. ალექსანდრე ნეველი ჯერ კიდევ ერობაში მყოფია გამოსახული, მარჯვენა ხელში ანთებული სანთელი უჭირავს და ფრესკებით გაფორმებულ ინტერიერში ლოცულობს. ამ ორ წმინდანს უკავშირდება სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების კედლებზე მესამე რეგისტრში განლაგებული კომპოზიციები: წმ. გიორგის ბორბალზე წამება და წმ. გიორგის თავის კვეთა (ჩრდ-ით), რომელთა შორის მოთავსებულია განედლებული ჯვარი და წმ. ალექსანდრე ნეველის მიძინება (სამხრეთით). ეკლესიის დანარჩენი სივრცე წმინდანების ინდივიდუალურ გამოსახულებებს უჭირავთ (წმ. პანტელეიმონი, სერგი რადონეჟელი, ქსენია, ტატიანა, სერაფიმ საროველი, ნიკოლოზი, მიხეილ ტვერელი, ალექსანდრა, გლები, ნინო). ტაძრის მოხატულობაში აშკარად ჩანს მხატვრის სურვილი, რომ პროგრამულ, შინაარსობრივ მხარეს ფერადოვანი აქცენტებითაც გაესვას ხაზი, ანუ შემუშავდეს საერთო, ფერადოვანი სიმბოლიკა.

აბასთუმანი. „ახალი ზარზმა“. საკურთხევლის მხატვრობა

ეკლესიის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილების - გუმბათისა და აფსიდის კონქის — ფონი ოქროსფერია, ზეციურ სამყაროსა და მასთან დაკავშირებულ სცენებში მხატვარი იყენებს თეთრს, ცისფერს, ვარდისფერს, მოთეთრო-მოიასამნისფროს; მიწიერთან დაკავშირებულ სცენებში კი ჭარბობს მოყავისფრო, მომწვანო და ოქროსფერი. - გარდა ფერადოვანი აქცენტირებისა, ტაძრის სისტემის ტრადიციულ გაგების გამოძახილად შეიძლება ჩაითვალოს მხატვრის სურვილი, ეკლესიის სხვადასხვა ნაწილი, კომპოზიციები და ტაძარში მდგომი მლოცველი, გარკვეულწილად, საერთო მოძრაობის ნაწილად აქციოს. ამის მიღწევას იგი ზოგიერთ შემთხვევაში ცალკეული ჟესტების, ზოგჯერ კომპოზიციის შინაგანი მიმართულების ხაზგასმით ცდილობს. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა საღვთო ლიტურგიის სცენის გადაწყვეტა. როგორც ითქვა, კომპოზიცია ვარდისფერფრთიან ანგელოზთა დასით გარშემორტყმულ ქრისტეს წარმოადგენს. ცენტრში ყვითელი სტიქარითა და თეთრი ომფორით შემოსილი მაცხოვარი დგას. მას უშუალოდ ფლანკირებს ორი ანგელოზი. ანგელოზთა რიგი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიემართება. აფსიდის ჩრდილოეთ კიდეში ანგელოზი პროფილშია გამოსახული, შემდგომი ფიგურების მოძრაობათა მონაცვლეობით რიგი ნელ-ნელა მაყურებლისაკენ ტრიალდება და უკვე აფსიდის მარჯვენა კიდესთან ფრონტალურად ხელში კანდელაპყრობილი ანგელოზის წინმავალი ფიგურით მთავრდება.

ზოგადად, მ. ნესტეროვის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი პეიზაჟისადმი სრულიად განსაკუთრებული, პოეტური დამოკიდებულება ტაძრის კედლებზედაც აისახა. აბასთუმნის წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში პეიზაჟი, როგორც წესი, კომპოზიციების აქტიური ელემენტია, რაც ხელს უწყობს გარკვეული განწყობილების შექმნას. აღსანიშნავია წმინდა სერაფიმ საროველის გამომსახველი ფრესკა (სამხრ.-დას. სადგომის სამხრ. კედელი). კომპოზიციის მარჯვენა ქვედა კუთხეში მუხლმოდრეკილი მოხუცი ბერი ლოცვის დროსაა გამოსახული, დანარჩენი სივრცე მთლიანად მოყვითალო-მონარინჯისფრო ფოთლოვან ტყეს უჭირავს, რომელიც სრულიად მშვიდი, ლირიკული განწყობილებითაა გაჯერებული. ამავე დროს წმ. სერაფიმ საროველი თავისი ხასიათით შორსაა მონუმტური მხატვრობისაგან — ის კედელზე შესრულებული დაზგური ნახატია. საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ აბასთუმნის ტაძრის მხატვრობაში იგრძნობა მ. ნესტეროვის მცდელობა, იყოს მონუმენტალისტი, ხშირად თავს მაინც ვერ აღწევს დაზგური მხატვრობისათვის დამახასიათებელ ხედვას. ეს ხედვა თავს იჩენს როგორც ზოგიერთ კონკრეტულ კომპოზიციაში (იგივე წმ. სერაფიმ საროველი ან წმ. ალექსანდრე ნეველის მიძინება), ისე, ზოგადად, ეკლესიის სივრცის გარკვეული ნაწილების აღქმაში (მაგ., სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების კედლებზე განთავსებული კომპოზიციები უფრო ცალკეული დაზგური სურათების ერთობლიობის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე საერთო მონუმენტურ-დეკორატიული გაფორმებისა).

ქართული ეკლესიის თემატიკა წმ. ნინოს ცხოვრებისადმი მიძღვნილი ორი კომპოზიციითაა წარმოდგენილი - ღვთისმშობლის მიერ წმ. ნინოსათვის ჯვრის გადაცემის ამსახველი სცენითა (ჩრდილო-დასავლეთ სადგომის ჩრდილოეთ კედელი) და წმინდანის ინდივიდუალური გამოსახულებით (ჩრდილო-დასავლეთ საყრდენ სვეტზე — აღმოსავლეთის მხრიდან ქვედა რეგისტრში). - პირველი სცენა წარმოგვიდგენს მომენტს, როდესაც ღვთისმშობელი წმ. ნინოს ვაზის ჯვარს გადასცემს და საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას ავალებს. ღვთისმშობელი მთელი სიმაღლით კომპოზიციის მარჯვენა მხარესაა წარმოდგენილი, მუხლმოყრილი წმ. ნინო კი — მის მოპირდაპირე მხარეს. ამგვარ მოღვაწეობაში გამოუცდელი ყმაწვილი ქალი დაკისრებული მოვალეობით თითქოს ოდნავ შეცბუნებული ჩანს. ამ განწყობას ამძაფრებს ასკეტურად მკაცრი მთებითა და ერთ-ერთ მწვერვალზე მიუდგომელი ციხესიმაგრით წარმოდგენილი ქართული პეიზაჟი. ეს კომპოზიცია ორი ქვეტექსტით შეიძლება იყოს წაკითხული: ერთი მხრივ, წმინდანმა უცხო მხარეში ქრისტიანობა უნდა იქადაგოს და ეს მკაცრი მხარე უფალს დაუმორჩილოს, მეორე მხრივ, თითქოს ხაზგასმულია ის სირთულეები, რომელთა გადალახვაც ახალი მოღვაწეობის გზის დასაწყისში მყოფ წმ. ნინოს შინაგან, სულიერების სფეროში აღმასვლისას მოუწევს.

მეორე კომპოზიცია უკვე არცთუ ისე ახალგაზრდა წმ. ნინოს, რწმენით განვლილი ცხოვრებისეული გზის შედეგად თავის ძალებში დარწმუნებულს, შინაგანი მადლით გაცისკროვნებული ადამიანის გამომეტყველებით წარმოგვიდგენს.

ძველ ქართულ ორნამენტულ მოტივებზეა შექმნილი სპილოსძვლისფერ ფონზე ოქროსფრად ინკრუსტირებული მდიდრული ორნამენტული დეკორი, რომელიც ეკლესიაში საზეიმო განწყობის შექმნას უწყობს ხელს.

ც. ჩაჩხუნაშვილი
ა. მგალობლიშვილი

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII-XVI | სს., თბ., 1955;
  • მისივე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • მანია მ., ევროპელი არქიტექტორები თბილისში, თბ., 2006;
  • Амиранашвили Ш., История грузинской монументальной живописи, т. Тб., 1957
  • Дурилин С., Нестеров в жизни и творчестве, М., 1976
  • Михайлов М., Нестеров, жизнь и творчество М., 1958

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები