აბასთუმნის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბასთუმნის წმინდა გიორგის ეკლესია

აბასთუმნის წმინდა გიორგის ეკლესია - (XIII-XIV სს.), დარბაზული ტაძარი, მდებარეობს კურორტ აბასთუმნის ქვემო უბანში, მდინარე ოცხის მარცხენა ნაპირზე (ახალციხის მუნიციპალიტეტი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია). ტაძრის ასაგებად გამოყენებულია ტუფის, ბაზალტისა და ქვიშაქვის ქვები (გარე ზომები 12.7 X 8.9 მ). დასავლეთის ფასადზე, რომელიც მოქცეულია გზისკენ, ქვები კარგადაა დამუშავებული და ფასადი შემკულია დეკორით, დანარჩენი ფასადები ნაგებია შედარებით უხეშად დამუშავებული მოსწორებულიქვით.

არქიტექტურა

ტაძარი აგებულია რელიეფზე, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ეშვება, რის გამოც ფასადი საგრძნობლად დაბალია და ქვიშაქვის კლდეში გამოკვეთილ საფუძველს ეყრდნობა (კლდის მასივი აქ 160 სმ-მდეა ამოზიდული), ხოლო დასავლეთ ფასადის წინ საჭირო გახდა სპეციალური ბაქნის აგება და კიბის მოწყობა. ტაძარში ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან ფასადის შუა არეშია გაჭრილი. დარბაზის სივრცე ორსაფეხურიანი პილასტრების წყვილითა და მათზე დაბჯენილი თაღით ორ ნაწილად - იყოფა. საკურთხეველი დარბაზიდან გამოყოფილია კანკელით. აფსიდაში, საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ, საკმაოდ განიერი სახატე ნიშია, სარკმლის ორივე მხარეს კი — თითო ნახევარწრიული ნიში. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკიდან ამაღლებულია ორი საფეხურით. ეკლესიის დარბაზი, საკურთხევლის სარკმლის გარდა, დამატებით სამხრეთ კედელში გაჭრილი ერთი სარკმლითა და დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლებით ნათდება. დასავლეთ კედელში სამი სარკმელია გაჭრილი, ამათგან ორი საკურთხევლის სარკმლის სიმაღლეზეა და სიმეტრიულადაა განლაგებული. გარედან ისინი დიდი დეკორატიული ჯვრის ქვედა მკლავის ძირის სიმაღლეზეა, შიდა მხარეს კი ფერწერული კომპოზიციის განკითხვის დღის დიდ სცენაშია ჩართული. მესამე სარკმელი წრიულია, შედარებით მაღლაა, გარედან დეკორატიული ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე ორნამენტულ ზოლში ხვდება და დაფარულია ჯვრის ჭვირული გამოსახულებით. ფასადის შუა ღერძზე აღმართულია დიდი დეკორატიული ჯვარი, რომელიც მოჩარჩოებულია შეწყვილებული ლილვებით, მისი შუა არე მთლიანად გეომეტრიულ (ერთმანეთთან გადაბმული წრეების უწყვეტი ჯაჭვი) ორნამენტს უკავია. ჯვრის ქვედა მკლავის გვერდებზე სიმეტრიულად განლაგებული ორი თაღოვანი სარკმელია, რომელიც ასევე მოჩარჩოებულია შეწყვილებული ლილვებითა და გეომეტრიული დეკორით შემკული საპირით. ქვედა კუთხეებში დეკორატიული კვადრატებია ჩასმული. აღმოსავლეთისა და სამხრეთის სარკმლები რესტავრაციის დროს საპირისა და მოჩარჩოების გარეშეა აღდგენილი (სავარაუდოა, რომ სარკმლები თავიდანვე სადა იყო). ტაძრის ფასადები დასრულებულია თაროსებური ლავგარდნით. გადახურვა შემოსილია კრამიტით. დასავლეთ ფასადის დეკორითა და შესრულების ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, ტაძარი XIII-XIV სს. მიჯნაზე ან XIV ს. I ნახევარშია აგებული. ეკლესია აბასთუმნის წმ. გიორგის მონასტრის ტაძარს წარმოადგენს.

ABASTUMANI WM GIOGRI MXATVR.jpg

მხატვრობა

ტაძრის მხატვრობა გამოვლინდა 2011 წელს ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს (მოხატულობა XIX სა ნალესობუკუნისის ქვეშ იყო). ტაძარში, უმთავრესად, დასავლეთ კედელზე, შემორჩენილია მოხატულობის საკმაოდ დაზიანებული ფრაგმენტები. მხატვრობა სამ რეგისტრადაა განაწილებული: ლუნეტში „მირქმისა“ და „ნათლისღების“ - სცენებია, შუა რეგისტრში - „განკითხვის დღის“ დიდი კომპოზიცია; მის ქვეშ, შესასვლელი კარის მარცხნივ, ოთხი მეუდაბნოეს (წარწერების მიხედვით – წმ. ონოფრე, წმ. მაკარი, წმ. ანტონი, წმ. საბა), მარჯვნივ ოთხი წმ. მოწამე დედის (მათგან ორი მოწამის სახელი იკითხება: წმ. ეკატერინე და წმ. ირინე) წელსზედა ფიგურებია. მოხატულობას ქვემოდან ასრულებს ფართო გეომეტრიული ორნამენტი. განკითხვის დღის - სცენაში საგანგებოდ გამოყოფილ სწორკუთხა მონაკვეთზე საკმაოდ დიდი წარწერა უნდა ყოფილიყო მოთავსებული. ამჟამად მხოლოდ ორი სიტყვა იკითხება — „დეკანოზი ლუკა“.

საბჯენი თაღის ცენტრში მედალიონში ჩაწერილი ჯვარი და წინასწარმეტყველთა (დავითისა და სოლომონის) გამოსახულებებია შემორჩენილი. სამხრეტ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე საქტიტორო პორტრეტის მცირე ნაფლეთები გაირჩევა - ფიგურის ხელი ეკლესიის მოდელით, სამოსისა და ფეხსაცმლის ფრაგმენტები. აქ თავდაპირველად სამი ფიგურა უნდა ყოფილიყო გამოსახული. საქტიტორო კომპოზიცია სარკმლის გადიდებამ შეიწირა. სავარაუდოდ, პორტრეტებზე სამცხის ათაბაგთა — ჯაყელთა – საგვარეულოს წევრები იყვნენ წარმოდგენილნი, რომელთა მფლობელობაში აბასთუმანიც შედიოდა. ტაძრის მოხატულობა თავისი სტილითა და შესრულების მანერით, სცენათა იკონოგრაფიული რედაქციებით პალეოლოგოსური მოხატულობის ტიპური ნიმუშია და XIV საუკუნის მიწურულით თარიღდება. პალეოლოგოსური ფერწერის დამახასიათებელი ნიშნები ვლინდება კომპოზიციურ წყობაში, ფიგურისა და სიბრტყის ურთიერთმიმართებაში. პალეოლოგოსური ხასიათისაა სცენათა არქიტექტურული და პეიზაჟური ფონები, ფიგურათა პროპორციები და მოძრაობა, სახეთა ტიპი, ფორმის მოდელირება მკვეთრი შუქ-ჩრდილითა და ინტენსიური გამოთეთრებებით. მოხატულობის ცალკეულ — ადგილებს გვიანდელი ხანის ცვლილებათა კვალი ამჩნევია.


გ.მარსაგიშვილი
ქ. მიქელაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები