ირაკლი აბაშიძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აბაშიძე ირაკლი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირაკლი აბაშიძე

ირაკლი აბაშიძე - (23.11.1909, ქუთაისის გუბერნია, ქუთაისის მაზრა, დაბა ხონი – 14.01.1992, ქ. თბილისი), ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო, გ. ტაბიძისა და ჯ. ნერუს სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), ქ. თბილისი საპატიო მოქალაქე (1980), სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს (გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1939-1944), პირველი მდივანი (1953-1966), გამგეობის თავმჯდომარე (19661967)), იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1969-1985), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1970-1976), სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პირველი თავმჯდომარე (1988). ირაკლი აბაშიძის ძალისხმევით დაარსდა ქართული ენციკლოპედია, რომლის მთავარი რედაქტორი (1966-1992) იყო სიცოცხლის ბოლომდე.

ირაკლი აბაშიძის პირადი ინიციატივით 1966 წ. გაიმართა შოთა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი დიდი იუბილე, რომელმაც საერთაშორისო მასშტაბი მიიღო.

ირაკლი აბაშიძის პირველი ლექსები 1928-1929 წწ. დაიბეჭდა. მისი ლექსების კრებულებია: „რამდენიმე ლექსი“ (1932), „ახალი ლექსები“ (1938), „მიახლოება“ (1957-59,1968), „რჩეული“ (1969,1989). ირაკლი აბაშიძეს ეკუთვნის ასევე ლირიკული ციკლები: „მონადირის ღამე“, „ჰიმნი სიცოცხლეს დედამიწაზე“, „მონოლოგი აჩრდილებთან“, „ქარები რიონის ხეობაში“, აგრეთვე საბავშვო ლექსები და პოემები („რას გადაურჩა თბილისი“, 1955). ირაკლი აბაშიძე ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა. 5060-იან წლებში პოეტმა იმოგზაურა ინდოეთში, რის შედეგადაც დაიწერა ლექსების ციკლი — „რუსთაველის ნაკვალევზე“. 1960 წელს ა. შანიძესა და გ. წერეთელთან ერთად მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის ცნობილ სამეცნიერო ექსპედიციაში. ქართველმა მეცნიერებმა შეისწავლეს ქართული და უცხოური წყაროები წმ. მიწაზე და ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ კედელზე მიაკვლიეს შოთა რუსთაველის ფრესკულ გამოსახულებას. ჰქონდათ შეხვედრები იერუსალიმის პატრიარქ ბენედიქტესთან. ქართველ მეცნიერთა დასკვნები საზოგადოებამ უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნია. მოგზაურობის შემოქმედებითი შედეგი იყო ლექსების ციკლი — „პალესტინა, პალესტინა“ და მოგზაურობის ამსახველი წიგნი - „პალესტინის დღიური“ (1966). ირაკლი აბაშიძის წერილებში „ერთი სურათის გამო, ანუ ვისია ის საფლავი“ და „...და ისევ პალესტინა“ გამოთქმულია ვარაუდი თამარ მეფის საფლავის შესაძლო ადგილმდებარეობის შესახებ. 2003 წელს გამოიცა პოეტის მოგონებათა წიგნი – „ზარები ოცდაათიანი წლებიდან“.

ირაკლი აბაშიძე დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისი სახელი ეწოდა ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციას და ქ. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.

ლიტერატურა

ირაკლი აბაშიძე 90, ა. საყვარელიძის რედ., თბ., 1999.

წყარო

იხილე აგრეთვე

ირაკლი აბაშიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები