შევალე აბელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აბელ შევალიე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შევალიე აბელ

შევალე (შევალიე) აბელ (4.VII.1868, მუირონ-ანპარედი, ვანდეა - XII.1933, შანსი) - ფრანგი დიპლომატი. საფრანგეთის უმაღლესი კომისარი ამიერკავკასიაში.

ბიოგრაფია

დაიბადა მესაათის ოჯახში. ვოლტერისა და ლუი ლე გრანის ლიცეუმებში ასწავლიდა ინგლისურ ენას. 1905 წლიდან მუშაობას იწყებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1905-1910 წლებში იყო საფრანგეთის კონსული პრეტორიაში და იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა). 1912 წელს მიენიჭა სრულუფლებიანი ელჩის რანგი. 1914-1918 წლებში იკავებდა საფრანგეთის სრულუფლებიანი მინისტრის თანამდებობას ქრისტიანეაში (ოსლო). 1918 წელს დაბრუნდა საფრანგეთში. 1920 წელს დაინიშნა საფრანგეთის უმაღლეს კომისრად ამიერკავკასიაში. ამ თანამდებობაზე გრაფი დე-მარტელი შეცვალა. 1920 წლის იანვრიდან ნოემბრამდე იყო ალენშტეინის კომისიაში საფრანგეთის წარმომადგენელი. 1920 წლის 2 დეკემბერს ჩამოვიდა საქართველოში და შეუდგა მოვალეობის აღსრულებას. თბილისში ჩამოსვლისას უმაღლეს კომისარს დახვედრა მოუწყვეს საგარეო საქმეთა მინისტრის და სამხედრო მინისტრის მოადგილეებმა, საბახტარაშვილმა და გენერალმა გედევანიშვილმა. 6 დეკემბერს მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას, შეხვდა. საფრანგეთის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, არისტიდ ბრიანის, დადებითმა განწყობებმა საქართველოსადმი საფრანგეთის ამიერკავკასიურ პოლიტიკაზე დადებითი გავლენა მოახდინა. შევალიე ხშირად ხვდებოდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, 1921 წლის იანვარში აფხაზეთის მიმართულებით ბოლშევიკებთან შეტაკებებისას ქართულ ძალებს ადმირალ დიუმენელის მეთაურობით შავ ზღვაში მოქმედმა ფრანგულმა ესკადრამ დიდი დახმარება გაუწია. 1921 წლის იანვარში საქართველოს დე იურე აღიარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ ბრიანისა და საფრანგეთის პოლიტიკური მხარდაჭერა გახდა. შევალიე, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობას საჯაროდ ულოცავდა აღიარებასა და მომავალში ყოველმხრივ დახმარებას ჰპირდებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობას აქტიურად უჭერდა მხარს საბჭოთა ოკუპაციის მიმდინარეობისას, მხოლოდ 1921 წლის 13 მარტს დატოვა საქართველო. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისწერა -„ეს არის მოსკოვური კომუნიზმის მიერ პატარა სოციალისტური ქვეყნის მკვლელობა. ეს არის მესამე ინტერნაციონალის სამხედრო და იმპერიალისტური გამარჯვება მეორე ინტერნაციონალზე“. შევალიემ აქტიურად შეუწყო ხელი საქართველოს დევნილი მთავრობის საფრანგეთში თავშესაფარის მიღებას და საქართველოს განძის საფრანგეთში გამგზავრებას.

1921 საქართველოდან ევაკუაციის შემდეგ, მცირე ხნით ცხოვრობდა კონსტანტინეპოლში და ეხმარებოდა საქართველოს მთავრობას, შემდგომში დაბრუნდა საფრანგეთში. იყო საფრანგეთში საქართველოს მეგობართა საზოგადოების თავმჯდომარე, ქალაქ შანსის მერი. სიცოცხლის ბოლო წლებში გამოაქვეყნა პოემათა კრებული და ინგლისურენოვანი ნაშრომები. 1922 მიანიჭეს ღირსების ლეგიონის მეთაურის წოდება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები