აბზინდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბზინდა

აბზინდა – (Artemisia absinthium); მეგრულად – აბზინდე. მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. სიმაღლით 60-100 სმ, ძალზე მწარე, სპეციფიკური არომატით. მისი ფესვები ფუნჯისებურია. ღერო სწორმდგომი, 0,8-1,2 მ.-მდე. ფოთლები განლაგებულია სპირალურად. მათი ზედა ნაწილი მომწვანო-მორუხოა, ხოლო ქვედა – თეთრი. ყვავილები წვრილია, ყვითელი ფერის, მილისებრი, შეკრებილი სფეროსებრ, თავდაქინდრულ კალათებად, 3 მმ-მდე დიამეტრის კალათაში.

ვერცხლისფერი აბზინდა

აბზინდა - ბიბლიური მცენარე

აბზინდა უდაბნოს ბინადარი მძაფრი სუნის, მწარე გემოს მქონე დაბალი ბუჩქოვანი მცენარეა მისი ეთერზეთები და უმწარესი ნაყენი უხსოვარი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. აბზინდას ფოთლებით და ღვინით დამზადებულ ნაყენს პალესტინის უდაბნოში არსებული მონასტრების ბერ-მონაზნობა იყენებდა უამრავ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

„ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებაზე: აჰა, შევაჭმევ მათ აბზინდას და შევასმევ მწარე წყალს, რადგან იერუსალიმის წინასწარმეტყველთაგან მოდის ცთუნება მთელს ქვეყანაში.“ (იერემია 23, 15).

იზრდება ზღვის სანაპირო ზოლიდან ალპურ სარტყლამდე მდელოებზე, სტეპებზე, რიყნარებზე, ტყის პირებზე, რუდერალურ ადგილებზე, როგორც სარეველა გზის პირებსა და საცხოვრებელი ადგილების მახლობლად. სამკურნალო მიზნით იყენებენ აბზინდის ფოთლებს (გროვდება ყვავილობამდე და ყვავილობის დასაწყისში) და მოყვავილე შეფოთლილი ყლორტების წვეროებს.

მცენარის მიწისზედა ნაწილი შეიცავს სესკვიტერპენულ ლაქტონებს, მწარე გლიკოზიდებს (აბსინტინს, ანაბსინტინს, არტაბსინს და სხვებს), რომლებიც მცენარეს ანიჭებს თავისებურ მწარე გემოს, საპონინებს,ფლავონოიდებს, ფიტონციდებს, ასკორბინის მჟავას, ფისოვან და მთრიმლავ ნივთიერებებს, კალიუმის მარილებს, არტემიზეტინს, ეთერზეთებს (0,2-0,5%), კაროტინს, ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ქარვის). ეთერზეთების შემადგენლობაში შედის ტუიოლის სპირტი, ტუიონი, პინენი, კადინენი, ფელანდრენი, B¬კარიოფილენი, Y¬სელინენი, ბიზაბოლენი, კურკუმენი და ხამაზულენოგენი.

ხასიათდება დამამშვიდებელი, არტერიალური წნევის მარეგულირებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული, ანტიჰელმინტური, ანტიპროტოზოული, ეპატოპროტექტორული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. იხმარება საჭმლის მონელების დარღვევის, მაღალი მჟავიანობის, მუცლის ჭიის, გასტრიტის, მეტეორიზმის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ელენთის სიმსივნის, ანემიის დროს. აბზინდას ნაყენი ან ფხვნილი აქრობს უსიამოვნო სუნს პირიდან. შედის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის გამაუმჯობესებელ წვეთებში, მადისმომგვრელ, მეტეორიზმის საწინააღმდეგოდა ნაღვლისმდენ ნაკრებებში. მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი ძარღვების დაჭიმვის, ამოვარდნილობის, მსხვილი ნაწლავის სპაზმის და ანთების დროს. ამზადებენ მწარე ნაყენს, წყლის ექსტრაქტს,იყენებენ მრავალი ქვეყნის ტრადიციულ მედიცინაში და ჰომეოპატიაში. არასწორმა და ზედმეტი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ჰალუცინაცია, პირღებინება და ჭკუაზე შეშლაც კი.

ი. შაბლოვსკის (1886) თანახმად აფხაზეთსა და სამეგრელოში ადგილობრივი ექიმების მიერ აბზინდის ბალახი გამოიყენებოდა საშვილოსნოს შესავიწროებლად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები