აბზუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბზუ - (ბაბილონ.) პირველარსებული, დაუსაბამო მტკნარი წყლების სტიქია. აბზუ მამრული ბუნებისაა და უპირისპირდება თიამათს - მლაშე წყლების განსახიერებას, მდედრულ საწყისს. იმთავითვე აბზუსა და თიამათის წყლები ერთმანეთში იყო აღრეული და ამ ურთიერთაღრევამ წარმოშვა კოსმოსის საწყისის მატარებელი ღმერთები.

აბზუ აგრესიულად არის განწყობილი ახალი თაობის ღმერთების მიმართ და განიზრახავს მათ განადგურებას. მაგრამ მას ამარცხებს ეა, მესამე თაობის ღმერთი, და ტახტს დაიდგამს მის სამფლობელოში. მისგან იღებს სათავეს დედამიწის ზურგზე არსებული მდინარი წყლები და ის წყალიც, რომელიც წვიმის სახით ჩამოდის. შუამდინარული კოსმოგონიის მიხედვით, აბზუს წყალი გარს ეკვრის დედამიწას, როგორც უზარმაზარი მდინარე, მსგავსად ბერძნული მითოლოგიის ოკეანოსისა. სხვა ტრადიციით აბზუს წყლები მიწის ქვეშ არის, საიდანაც ჭებისა და წყაროების სახით ჟონავს იგი. ამ მაცოცხლებელი წყლების გამო აბზუ წმიდა ადგილად არის შერაცხილი, ამავე დროს მისი წიაღი სიბრძნის წყაროც არის, ამიტომაც ეა ანუ ენქი - სიბრძნის ღმერთი განაგებს მას.

აბზუს თიხიდან არის მოზელილი შუმერის პირველი ქალაქის, ერიდუს ტაძრის აგურები: "ოდეს ანუმ ცა შექმნა, ნუდიმუდმა აბზუ თავის სადგომად შექმნა, ეამ აბზუში თიხა მოიღო, მოზილა..." შდრ. წყევლა: "შენი თიხა აბზუს დაუბრუნდეს, ენქისაგან დაწყევლილ თიხად იქცეს".

აბზუდან მიღებული თიხიდანვე არის შექმნილი ადამიანი ბაბილონური ანთროპოგონიური მითოსის მიხედვით.

აბზუ ზოგჯერ შეიძლება ქვესკნელის სინონიმი იყოს, მაგ., შემდეგ გამონათქვამში: "აბზუ არის ზღვა, ზღვა კი არის ერეშქიგალი". მაგრამ უფრო გავრცელებული წარმოდგენის თანახმად აბზუ ქვესკნელზე ქვემოთ მდებარეობს, რაკი გარს უვლის მთელ დედამიწას (უფრო სწორად, დედამიწა თავისი ქვესკნელითურთ აბზუზე დევს).

აბზუ ცის ანტიპოდად არის წარმოდგენილი კოსმიური მთის დახასიათებაში: "წვერი მისი ზეცას სწვდება, ხოლო ფესვი მისი აბზუშია გადგმული" (ასეთია კოსმოსური მთა იმხურსანგი)


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები