აბრამადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრამადი – სულხან-საბას განმარტებით, აბრამადი იგივე ეზოსმოძღვარი, ნაზირია, ხოლო ნაზირთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ „ქართულად სალაროს ნაზირს აბრამადი და ქარხნის ნაზირს ეზოსმოძღვარი ჰქვიან“. დავით და ნიკო ჩუბინაშვილების ლექსიკონებშიც აბრამადი იგივე ნაზირი და სალაროს ნაზირია. ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, აბრამადის, ანუ სახლთუხუცესის განსაგებელი იყო სამეფო (სახასო) შემოსავალ-გასავალი; მას ეკითხებოდა სამეფო კარის წესების დაცვა, სხდომების ორგანიზება. მის უშუალო ხელქვეითებად ეჯიბის ქვემორე მოხელენი ითვლებოდნენ. იქვე განმარტავს ეზოსმოძღვარის ფუნქციებს, რომლებიც შინაარსობრივად სრულიად ფარავს აბრამადისას, მხოლოდ ემატება მეფის „ტაბლისა და სანოვაგისა, ანუ სხუათა“ განმგებლობაც. როსტომის (1632-1658) დროს შემოტანილი ყიზილბაშური სამოხელეო ტერმინების ძველი შესატყვისების ჩამოთვლისას ვახუშტი ეზოსმოძღვარს ნაზირს უფარდებს.

ტერმინი აბრამადი წყაროებში XI ს-დან გვხვდება. ნიშანდობლივია, რომ დასავლეთის დიდი დომესტიკოსის გრიგოლ ბაკურიანის-ძის მიერ 1083 წ. პეტრიწონის ქართული მონატრისათვის დადებულ ტიპიკონში აბრამადი მონასტრის ერთ-ერთი ხელისუფალთაგანია. იგი ტიპიკონის ქართულ ტექსტში იკონომისთან და განმგესთან ერთად იხსენიება, ხოლო ბერძნულში აბრამადს შეესიტყვება ეპიტროპოსი ან იკონომისი.

XII-XIII სს-ის სეტის გაბრიელ მთავარანგელოზის ხატის წარწერის თანახმად, ხსენებული ხატი მოუჭედავთ „იონას აბარმადობის და მიქელა ჭურას ნაცვალობის დროს“. ამ მასალების მიხედვით, აბრამადის ქართული შესატყვისი მონასტრის მოურავი („გამგე“, „ეკონომისი“) უნდა იყოს. ამ შესატყვისობითაა ჩანაცვლებული აბრამადი XII ს-ით დათარიღებულ ერთ-ერთ ლიტურგიკულ ხელნაწერზე დართულ კოლოფონშიც, სადაც ნათქვამია, რომ კლარჯეთში მდებარე სვეტის უდაბნოს ჰყოლია საკუთარი მოურავი ანტონი, რომელსაც მონასტრის საფასით ხანცთის სკრიპტორიუმში გადაუწერინებია ხსენებული ხელნაწერი. ამავე შინაარსიით დასტურდება აბრამადი XII-XIII სს-ის ქართულ დოკუმენტურ წყაროებში. თამარ მეფის მიერ გელათისათვის ბოძებულ სიგელში (1187) მოხელეთა შორის იხსენიება „აჯამეთის აბრამადი“, რაც მიანიშნებს, რომ აჯამეთის სამეფო ნაკრძალებს აბრამადები (იგივე იკონომისები ანუ მოურავები) და მათი ხელქვეითი ტყისმცველები განაგებდნენ.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები