გურამ აბრამიშვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აბრამიშვილი გურამ-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურამ აბრამიშვილი

გურამ აბრამიშვილი - (01.01. 1928, ქ. ხაშური - 18.03. 2002, ქ. თბილისი). ხელოვნებათმცოდნე. ქართული ხელოვნების ისტორიის, საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, არქეოლოგიის, პალეოგრაფიის მკვლევარი.

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1952); საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი (1971); საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი (1981), ღირსების ორდენის კავალერი (2000), ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1966), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1993), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის მასწავლებელი (1969-1974), დოცენტი (1974-1994), პროფესორი (19942002), თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნევის სახელმწიფო მუზეუმის ფოტოთეკის გამგე (1953-1962), საგანძურის განყოფილების გამგე (1962-2002).

გურამ აბრამიშვილის სახელს უკავშირდება. საქართველოში ეროვნული იკონოგრაფიის წარმოშობა-განვითარების პრობლემატიკის საგანგებო კვლევა. მან მონოგრაფიულად შეისწავლა წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი ციკლის შემცველი ძეგლები ძველ ქართულ სახვით ხელოვნებაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გურამ აბრამიშვილის წვლილი ატენის სიონის კვლევის საქმეში. აღნიშნულ ტაძარს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ამიერკავკასიაში ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტექტურული ტიპის წარმომავლობის პრობლემის გადაწყვეტაში (ატენის სიონი).

აბრამიშვილის კვლევამ ცხადყო, რომ ატენის სიონის სომხურენოვან წარწერაში მოხსენიებული ტაძრის მაშენებელი თოდოსაკი იყო ტაძრის არა ხუროთმოძღვარი, არამედ X საუკუნეში მასზე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების ოსტატი.

აბრამიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ტაძრის მშენებლობა VII საუკუნის II ნახევარში კლარჯეთის ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლის, ვარაზ ერისმთავრის, ზეობაში უნდა დაწყებულიყო და მისი ძის, ნერსე I დიდისა, (682/86-689), და შვილიშვილის, სტეფანოზ III მამფლის (711-739), დროს დასრულებულიყო. ნერსესა და სტეფანოზის რელიეფური ქტიტორული გამოსახულებები განაწილებული ყოფილა აღმოსავლეთ აფსიდის შვერილის ჩრდილოეთ წახნაგზე. მათი სახელები X საუკუნის რესტავრაციის პერიოდის ოსტატ-მოქანდაკეს გაუმეორებია იმ ახალ რელიეფზე, რომელიც ამ ქტიტორთა თავდაპირველი სკულპტურული გამოსახულების ნაადგილევზე მოუთავსებია.

აბრამიშვილმა ატენის სიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევაძიების ჩატარების შედეგად ნაგებობის ქვეშ, სამხრეთ და დასავლეთ ფასადების გასწვრივ, გამოავლინა თავდაპირველი ეკლესიის ნაშთები. გაირკვა, რომ გრანდიოზულ სუბსტრუქციაზე V საუკუნის ბაზილიკური ტიპის ეკლესია იდგა. კვლევამ დაადასტურა VI საუკუნის სირიული წყაროს ცნობა, რომ იმხანად ატენში არსებობდა მონასტერი და ის საეპისკოპოსო კათედრასაც წარმოადგენდა.

ატენის სიონის რელიეფური ქანდაკებების საფუძვლიანი შესწავლის შედეგად აღმა დაადგინა, რომ თავდაპირველი ბაზილიკური ნაგებობის კუთვნილი ზოგიერთი რელიეფური ქანდაკება მეორედ გამოუყენებიათ VII საუკუნის მიწურულის გუმბათიანი ტაძრის შესამკობად. გამოიყო რელიეფთა ორი ჯგუფი — VII და X სს.

აბრამიშვილმა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ატენის სიონის კედლის მხატვრობის შესწავლაში. მან საქტიტორო წარწერების შესწავლის საფუძველზე გამოთქვა მოსაზრება საერო პირთა რიგისა და მათი თანამიმდევრობის თაობაზე: გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი; ჭაბუკი მეფე დავით IV აღმაშენებელი (1089-1125); მეფე ბაგრატ IV (1027-1072); სუმბატ აშოტის ძე, ბაგრატოვანთა - სახლის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი მისი მცირეწლოვანი უფლისწული აშოტ სუმბატის ძე, მეფე გიორგი II (10721089), მისი მეუღლე, ისდუხტ დედოფალი. მკვლევარი ატენის სიონის მოხატვის თარიღს 1094 - 1096 წწ. განსაზღვრავს.

აბრამიშვილის ხელმძღვანელობით ატენის სიონის მუდმივმოქმედი კომპლექსური ექსპედიციის მუშაობის შედეგად გამოვლენილმა მასალამ დიდი წვლილი შეიტანა ატენის სიონისა და ტანის ხეობის დანარჩენი ძეგლების შესწავლაში, აგრეთვე ნუსხური და მხედრული დამწერლობის ქრონოლოგიის გარკვევის საქმეში. გამოვლენილმა წარწერებმა გაამდიდრა ქართული წყაროთმცოდნეობა. ატენის სიონის მრავალრიცხოვან წარწერათა შორის წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, გამოიყო განსაკუთრებული ჯგუფი, რომელიც სრულიად ახალ ცნობებს გვაწვდის საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხზე.

აბრამიშვილი მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ საქართველოს ისტორიული წყაროების კომისიის ექსპედიციებში (თანახელმძღვანელი), რომლის მუშაობის შედეგად 1989 წელს გამოიცა ფრესკული წარწერების I ტომი. მისი ინიციატივით დაინერგა საქართველოში ძნელად გასარჩევი ფრესკული წარწერებისა და ამა თუ იმ კომპოზიციის ულტრაიისფერი და ინფრაწითელი დასხივებით გამოვლენა და ფოტოგრაფირება.

აბრამიშვილის ხელმძღვანელობითა და მზრუნველობით შესაძლებელი გახდა უძველესი ტიხრული მინანქრის დაკარგული ტექნოლოგიური პროცესების აღდგენა.

გურამ აბრამიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლითონმქანდაკებლობის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში. იგი იყო ჟენევაში (1979), ვენაში (1981), ბელგრადსა (1981) და პარიზში (1982) გამართული ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლების გამოფენათა კატალოგების ერთ-ერთი ავტორი.

დიდია გურამ აბრამიშვილის დამსახურება საქართველოში სამუზეუმო საქმის განვითარების საქმეში და განსაკუთრებით შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის წინაშე, რომლის საგანძურის განყოფილებას ის ხელმძღვანელობდა ოთხი ათეული წლის განმავლობაში.

ე. კავლელაშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები