აბრაჰამ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრაჰამ I - (XIII საუკუნის II ნახევარი - XIV საუკუნის დასაწყისი), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1282-1310 წლებში.

კათოლიკოს-პატრიარქ აბრაჰამ I-ის წინამორბედმა, მეფე დემეტრე II-ის პოლიტიკითა და ცხოვრების წესით უკმაყოფილო პატრიარქმა ნიკოლოზმა, „დაუტევა კათალიკოსობა და ელითა თვსითა აკურთხა ჯურისმტართველი მეფისა აბრაჰამ კათალიკოსად...“. კათოლიკოსის ტახტის დაკავებამდე აბრაჰამ I მოხსენიებულია 1278 წელს გუდარეხის წარწერაში: „ადიდენ ღმერთმან ძლიერი და უძლეველი მეფეთ-მეფე დიმიტრი. მე, მიწა მეფობისა მათისამ, უღირსი მღდელი ჯუარისმტრთველი აბრაჰამ, ღირს ვიქმენ აღშენებად სამრეკლოთა ამათ, სადიდებელად მეფობისა მათისა და სალოცველად სულისა ჩემისა...

კათოლიკოს-პატრიარქ აბრაჰამ I-ს საპატრიარქოს ტახტის დაკავება და მამამთავრობა მოუხდა საქართველოში მონღოლთა ბატონობის მძიმე პირობებში. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და „კეთილად მართებდა საჭეთა კათოლიკე ეკლესიისათა, რამეთუ იყო კაცი ესე მართლმოქმედი კეთილთა საქმეთა და საურავთა სამეფოთა გამგე კეთილი.“ 1289 წელს ზამთარში, როდესაც მეფე დიმიტრი II ურდოში დაიბარეს, „მოუწოდა მეფემან კათალიკოსსა აბრაჰამს და ეპისკოპოსთა, მონასტერთა და უდაბნოთა გარესჯისა მღდელ-მონაზონთა, და ყოველთა მთავართა სამეფოსა მისისათა“ და განუცხადა დარბაზს, რომ გადაწყვიტა ურდოში წასვლა: „აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენს წინაშე და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქუეყანა უვნებლად დარჩეს“. კათოლიკოსმა აბრაჰამ I-მა მიმართა მეფეს: „არა არს საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა, რამეთუ მრავალთა მეფეთა მიურიდნია და დაუცავს თავი თასი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათს, ჩუენ, ყოველნი ეპისკოპოსნი, ვიტორთავთ ცოდვათა შენთა, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასა შინა ბრძანებს: „უფროს ამისა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თესი მოყუასისათვის“, და უკეთუ ერთისა მოყუსისათვის სულისა დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხუთა სულთა ცხოვრება ეგოდენ სარგებელ არს“. მეფე დიმიტრი გაემგზავრა ურდოში მთავრებისა და კათოლიკოს-პატრიარქ აბრაჰამ I-ის თანხლებით, სადაც გასამართლების შემდეგ მას 1289 წლის 12 მარტს მოვაკანში, მდ. მტკვრის პირას თავი მოჰკვეთეს. წამებული მეფის ცხედარი კათოლიკოსმა აბრაჰამ I-მა მალულად საქართველოში გადმოასვენებინა.

დიმიტრის შემდეგ მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ტახტზე აიყვანეს დავით VI ნარინის (1246-1293) ძე ვახტანგი, რომელსაც დიდხანს არ უმეფია, იგი 1292 წელს გარდაიცვალა. მის ნაცვლად სამეფო ტახტზე დაამტკიცეს დიმიტრის შვილი დავითი „და დასუეს მეფე ტახტსა ზედა, და აკურთხეს კათალიკოსმა აბრაჰამ და ეპისკოპოსთა“.

1297 წელს ყაზან-ყაენსა და დავით VIII-ს (1293-1311) შორის უნდობლობა ჩამოვარდა. ყაზანმა დავითი ურდოში დაიბარა, მაგრამ, დარბაზის რჩევის მიუხედავად, მეფე არ ეახლა ყაენს, აუჯანყდა მონღოლებს და მთიულეთს შეეხიზნა. დავითი მონღოლებს მთელი თავისი მეფობის განმავლობაში ებრძოდა. მონღოლებმა, საბოლოო ჯამში, ვერც მისი ხელში ჩაგდება და ვერც მასთან დაზავება მოახერხეს, თუმცა მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ქართველთა მხარეს ამ მეტად რთულ და სახიფათო ვითარებაში წარმოადგენდა კათოლიკოსი აბრაჰამ I, მასთან ერთად – ივანე ბურსელი და ყადი თბილელი.

აბრაჰამ I-ის მიერ დამტკიცებულია დავით VIII-ის მიერ 1297 წ. გრიგოლ ჭარბაულისათვის მიცემული სოფ. ლაუშის წყალობის წიგნი. აბრაჰამი მოხსენიებულია სინის მთის მონასტრის სულთა მატიანეში: „სლსა ქრთლისა კათალიკოზისა აბრაჰამს შ-ს ღ ნ“.

იხილე აგრეთვე

აბრაჰამ I

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები