აბრსკილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრსკილი – ქართული ამირანის აფხაზური ორეული.

თავიდან აბრსკილი იბრძოდა ხალხის კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის: ანადგურებდა მიწათმოქმედების ხელისშემშლელ მცენარეებს, უადვილებდა ადამიანებს შრომას, იცავდა ადამიანებს ბოროტი ძალებისგან. ბოლოს, აბრსკილი იმდენად გადიდგულდა, რომ ღმერთსაც არ ეპუებოდა. ამხედრდებოდა თავის ფრთიან ცხენზე, აიჭრებოდა ცაში და იქიდან გადმოყრიდა ლოდებს, ღრუბლებს ხმლით კვეთდა და ელვას აკვესებდა. განრისხებულმა ანცვა-ღმერთმა ბრძანა მისი შეპყრობა და გამოქვაბულში დამწყვდევა.

ხალხის რწმენით, აბრსკილი დღემდე ჭილოუს (ოჩამჩირის მახლობლად) გამოქვაბულშია მიჯაჭვული სვეტზე, რომელსაც ფესვები მიწის გულში აქვს გადგმული. აბრსკილი არყევს სვეტს და, სადაცაა უნდა ამოძირკვოს, რომ ამ დროს ბოლოქანქარა ჩიტი აჯდება სვეტს, აბრსკილი მოიქნევს უროს, რომ მოსპოს აბეზარი არსება, მაგრამ ფრინველი აფრინდება, ურო სვეტს მოხვდება და სვეტი კიდევ უფრო ღრმად ჩაიჭედება მიწაში.

სხვა გადმოცემით, აბრსკილი თავს აღწევს ტყვეობას, გამოდის გამოქვაბულიდან, მაგრამ რაკი მზის სინათლეს ვერ უძლებს, ისევ უკან ბრუნდება. მისი გათავისუფლების ჟამი ჯერ არ დამდგარა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები