აბსტრაქტული იმპრესიონიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მორის ლუისი, სად. 1962

აბსტრაქტული იმპრესიონიზმი ნიუ იორკშიII მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები უფრო სწრაფად გაიმართა წელში, ვიდრე ევროპა. მისი ტერიტორია დაცული აღმოჩნდა ომის უბედურებებისგან. შესაბამისად, ტრავმები საგრძნობი იყო მხოლოდ იმ ამერიკელებისთვის, ვინც თვითონ მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში ევროპასა და წყნარ ოკეანეზე, ამერიკას შეფარებული ევროპელი ლტოლვილებისთვის და დაპატიმრებული იაპონელი და ამერიკელი მოქალაქეებისთვის. ვიდრე ევროპულ სახელოვნებო სამყაროს ათწლეულები დასჭირდა ძალების აღსადგენად, პარიზმა კი თავისი არტისტული დინამიკურობა და მიმზიდველობა დაკარგა, ნიუ იორკმა, როგორც ხელოვნების ისტორიკოსი სერჟ გიბო წერდა: "ახალი ხელოვნების იდეა მიისაკუთრა". ახალი ცენტრი ნიუ იორკი ხდება ბევრი წამყვანი ევროპელი ხელოვანი და მწერალი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოექცა II მსოფლიო ომს. 1941 წლისთვის ანდრე ბრეტონი, სალვადორ დალი, ფერნან ლეჟე, პიტ მონდრიანი და მაქს ერნსთი უკვე ნიუ იორკში ცხოვრებდნენ. მათ მნიშვნელოვნად შეცვალეს სახელოვნებო სცენის ხასიათი, მისი მხატვრული ამოცანები და მიდგომები.

ნიუ იორკში, ამერიკელ ხელოვანებზე ყველაზე ღრმა გავლენა ევროპელი სიურეალისტების ნამუშევრებმა მოახდინა, მაგრამ ამერიკელმა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის წარმომადგენლებმა საბოლოოდ მაინც შეიმუშავეს საკუთარი, უნიკალური ამერიკული მხატვრული იდენტობები, რომლებშიც, გავლენის მიუხედავად, სრულიად ახლებურად იყო გააზრებული ევროპული და ამერიკული მოდერნიზმი.

ტერმინი აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი 1940-იანი და 1950- იანი წლების დასაწყისის ნიუ იორკელი არტისტების საკმაოდ ფართე წრის ხელოვნებას მოიცავს. ეს არ იყო ფორმალურად ორგანიზებული მოძრაობა, არამედ ქალაქში მომუშავე შემოქმედთა თავისუფალი ჯგუფი, რომელსაც საერთო მიზნები აერთიანებდა. მათ სურდათ გამოეხატათ II მსოფლიო ომის შემდეგ წარმოქმნილი საკუთარი სოციალური გაუცხოვება და შეექმნათ ახალი ხელოვნება, რომელიც მორალურიც იქნებოდა და უნივერსალურიც გავლენიანი ფორმალისტი (შინაარსზე მეტად, ფორმაზე ორიენტირებული) კრიტიკოსი კლემენთ გრინბერგი აბსტრაქტულ ექსპრესიონისტებს მოუწოდებდა თავიანთი ნამუშევრები "ავტონომიურ" და სრულიად თვითციტირებად ობიექტებად განეხილათ. საუკეთესო ფერწერა, ამტკიცებდა გრინბერგი, არასდროს ციტირებს გარე სამყაროს, მას აქვს საკუთარი, შინაგანი ნარატივი და წესრიგი.

აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმზე დიდი გავლენა მოახდინა შვეიცარიელი ფსიქოანალიტიკოსის კარლ იუნგის (1875-1961) თეორიებმა, რომელმაც კაცობრიობის მიერ გაზიარებული, უნივერსალური არქეტიპების კოლექტიური არაცნობიერი აღწერა. აბსტრაქტული ექსპრესიონისტები ჰეროიკული და ამაღლებული, უნივერსალური სიმბოლური ფორმებით დასახლებული ფერწერული სამყაროების შექმნისკენ ისწრაფვოდნენ. 1940-იანი წლების განმავლობაში, მათი ნამუშევრების სიმბოლური შინაარსი სულ უფრო მეტად პირადული და აბსტრაქტული ხდებოდა. ზოგი მათგანი ადამიანთა შორის არსებულ კავშირებს კოლექტიური არაცნობიერის მეშვეობით, "პრიმიტიულ", მითიურ ხატებებში, არქაულ და არქეტიპულ პირველად სიმბოლიზმში ეძიებდა, ზოგიერთმა თავის მხატვრობაში ბიომორფული ფორმების გამოყენება დაიწყო ან საკუთარი, ინდივიდუალური სიმბოლური ენა განავითარა. თუმცა ყველა მათგანი თავის ვნებებსა და ექსპრესიას დიდ, ფართე ტილოებზე გამოხატავდა. აბსტრაქტული ექსპრესიონისტები აცნობიერებდნენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვან კვალს დატოვებდნენ ხელოვნების ისტორიაში. მათ სწამდათ, რომ საკუთარი ხელოვნებით მსოფლიოს გარდაქმნის ძალა შესწევდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპრესიონისტების მხატვრობა მათ პირად ხედვებს ასახავდა, ისინი სრულად იზიარებდნენ პროგრამის ოთხ ძირითად დებულებას. ეს იყო: ფერწერული ტრადიციისადმი ინტერესი, თუმცა, იმავდროულად, მის წინააღმდეგ მიმართული ამბოხისა და ევროპული მოდერნიზმის იდეების გადახედვის სურვილი; სურვილი, ფერწერული ტილოს შექმნის აქტი განხილულიყო თვითკმარ, გამომსახველობით ამოცანად; მხატვრობაში უნივერსალური იდეების გადმოსაცემად, გადამუშავებულიყო გავლენიანი იუნგის ვიზუალური არქეტიპები და ჰეროიკული მასშტაბის, ამაღლებული ხელოვნების შექმნის ამბიცია.

კრიტიკოსმა, ჰეროლდ როზენბერგმა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი ორ, მთავარ კატეგორიად გაყო: მოქმედების ხელოვნება (Action Painting) და ე.წ. ფერადოვანი ველის ფერწერა (color field painting), მაგრამ აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის წარმომადგენლები უარყოფდნენ ამ ტერმინებს და საკმაოდ არგუმენტირებულადაც ამტკიცებდნენ, რომ ისინი ძალზე ამარტივებდნენ მხატვრული მოვლენის არსს.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები