აბუბაქრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საფლავის ძეგლი. ჩრდილოეთ კავკასია

აბუბაქრ-ი (ოს. Абубæкр) – „სულის ცხენის“ დამკურთხებლის („ბახფალდისაგი“) საწესო ლოცვა-დარიგებაში ნახსენები ზეციური პერსონაჟი, რომელიც საიქიოში მიმავალი მიცვალებულის ვერცხლისფეხება ცხენის ფლოქვებს ფოლადის ნალებით ჭედავს, ბეწვის ძუას აბრეშუმის ძუათი უცვლის, ფაფარს ოქროს ცვარში ავლებს და ოქროსავე უნაგირს ადგამს. ასეთ ცხენზე ამხედრებული მიცვალებული, მიწიერი არსებიდან ზეციურ არსებად რომ იქცეს, სამჯერ უნდა დაეშვას მიწაზე და სამჯერ უნდა აიჭრას ზეცად.

ბახფალდისაგის საწესო მიმართვის ტექსტებში არცთუ იშვიათად იხსენიებიან წყვილი პერსონაჟები, რომლებიც ღვთაებებთან ერთად სამოთხეში („ძანათი“) ცხოვრობენ და მიცვალებულს ცხენის აღკაზმულობითა და სხვა საჭირო ნივთებით უზრუნველყოფენ. ვ. მილერის მიერ გამოქვეყნებული დიგორული მასალის მიხედვით, საიქიოში მიმავალ მიცვალებულს გზად პირველები ძენძეთი და ძერანზეთი ხვდებიან და ლაგამსა და უნაგირს ჩუქნიან. შემდეგ მას მზის ვაჟი – მაჰამათი და მთვარის ძე – მასამათი, ასევე გაზდუღის ვაჟი – ხამათყანი და ფარნუგის ძე – სამათყანი შეხვდებიან და ცხენის სხვადასხვა მიწყობილობას აძლევენ.

ზოგიერთი ტექსტის თანახმად, საიქიოს მბრძანებელთან („ბარასთირი“) მიმავალ მიცვალებულს კვლავ წყვილი ზეციური სულები – მზისა და მთვარის ვაჟები (მუჰამედი და ჰამედხანი) ასწავლიან გზას და თავიანთ კერასთან დასვენებასაც სთავაზობენ. შავეთის გზაზე შემდგარ მიცვალებულზე, სხვა ვარიანტით, მზისა და მთვარის ვაჟებთან ერთად ზეცის ბინადარი ღვთაებები – ვასთირჯი (წმ. გიორგი), ვაცილა (წმ. ილია) და ქურდალაგონი (ციური მჭედელი) ზრუნავენ. უნდა ითქვას, რომ ჩრდილოეთ კავკასიის საფლავის ძეგლებზე გამოსახულ ადამიანთა ფიგურებში ვ. მილერი ზემოაღნიშნული ტექსტების ციურ პერსონაჟებს – მიცვალებულთა დამხმარე ღვთაებებს და სხვა დაბალი რანგის სულებს ხედავს. როგორც ჩანს, აბუბაქრის ქვეშ იგულისხმება აბუ ბაქრ ას-სადიყი (დაახლ. 572-634 წწ.) – ოთხ მართლმორწმუნე (რაშიდუნი) ხალიფთაგან ერთ-ერთი, მუჰამედის მეგობარი, რომელმაც პირველმა მიიღო ისლამი და მედინაში გადასახლებამდე მუდმივად აფინანსებდა მუსულმანური თემს.



ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. Тф., 1876;
  • Миллер В. Ф. Дигорские сказания. М., 1902.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები