აგამემნონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგამემნონის ნიღაბი. საბერძნეთის არქეოლოგიური მუზეუმი.
აგამემნონი. კრატერის ფერწერა (ძვ. წ. 470-460 წ.წ.), ბოსტონი, ხელოვნების მუზეუმი

აგამემნონი – მიკენის მეფე, ატრევსის ძე, მენელაოსის ძმა, ზევსის მოდგმა პელოფსის შვილიშვილი, ტროას ომის გმირი.

მიკენის მეფე ატრევსი შეცოდებათა გამო ღმერთებმა დაწყევლეს. როდესაც იგი მოკლა ეგისთოსმა, მიკენში გამეფდა მკვლელის მამა თიესტესი. მეფისწულებმა, აგამემნონმა და მენელაოსმა, თავი შეაფარეს სპარტას, სადაც იქორწინეს მეფე ტინდარეოსის ასულებზე: აგამემნონმა – კლიტემნესტრაზე, მენელაოსმა - ელენეზე. ამ ქორწინების შედეგად აგამემნონს შეეძინა ქალიშვილები: იფიგენია, ქრისოთემისი, ელექტრა და ვაჟიშვილი - ორესტესი. თიესტესის გარდაცვალების შემდეგ მიკენის სამეფო სკიპტრის მფლობელი გახდა აგამემნონი (არსებობს სხვა ვერსიაც: აგამემნონმა მენელაოსის დახმარებით გააძევა მიკენიდან თიესტესი და თავად გამეფდა). როდესაც ტროელმა პარისმა მოიტაცა ელენე, მენელაოსმა დასახმარებლად მიმართა ძმას. აგამემნონი, აღმატებულად ძლევამოსილი და გამორჩეული ბერძენ მეფეთა შორის, სათავეში ჩაუდგა ტროელთა წინააღმდეგ ამხედრებულ აქაველებს (ბერძნებს). ქარებმა შეაყოვნეს ბერძენთა ხომალდები ავლისში.

ბრისეისი. თეფშის ფერწერა (ძვ. წ. 485-480 წ.წ.) პარიზი, ლუვრი.

ეს იმიტომ მოხდა, რომ ლაშქრობის დაწყების წინ აგამემნონმა მოკლა ქალღმერთ არტემისის წმინდა ირემი. ღვთაება მსხვერპლად ითხოვდა აგამემნონის ასულს, იფიგენიას. ძლევამოსილი მეფე დამორჩილდა ქალღმერთის სურვილს. თუმცა, არტემისს საბოლოოდ არ გაუწირავს იფიგენია. სამსხვერპლო კოცონზე მის მაგივრად გაჩნდა ირემი. ხოლო იფიგენია სიცოცხლის ბოლომდე არტემისის ტაძრის ქურუმი იყო.

აგამემნონი ჰომეროსის "ილიადას" მთავარი პერსონაჟია. აქილევსის რისხვა, რომელზეც აგებულია მთელი პოემა, მისმა საქციელმა განაპირობა: ტროას დარბევისას აგამემნონმა ტყვედ ჩაიგდო აპოლონის ქურუმის ასული ქრისეისი. მამამ სცადა საკუთარი ქალიშვილის დაბრუნება დიდძალი გამოსასყიდის ფასად, მაგრამ აგამემნონმა უარით გაისტუმრა ხანდაზმული ქურუმი, რომელმაც ვედრებით მიმართა აპოლონს, დაესაჯა შეურაცხმყოფელი. ღვთაებამ ბერძნებს შავი ჭირი მოუვლინა. ლაშქარი რომ გადაერჩინა, აგამემნონმა დათმო ქრისეისი. იგი ვარაუდობდა, რომ ამ დათმობით მეომართა პატივისცემას დაკარგავდა და თავისი ძალმოსილების განსამტკიცებლად აქილევსს მოსტაცა მხევალი ქალი ბრისეისი. სახელოვანი გმირი განრისხდა და ბრძოლის ველი მიატოვა, რასაც კინაღამ ემსხვერპლა ბერძენთა ლაშქარი.

ტროას დაცემის შემდეგ აგამემნონს ნადავლად ერგო ტროას მეფის ქალიშვილი კასანდრა (მითოსის ზოგი ვერსიის მიხედვით, აგამემნონმა იქორწინა კასანდრაზე და მისგან ვაჟებიც შეეძინა). სამშობლოში დაბრუნებული მეფე ვერაგულად მოკლეს დედოფალმა კლიტემნესტრამ და მისმა საყვარელმა ეგისთოსმა (ატრევსის მკვლელმა). ამ საზარელი მკვლელობისათვის შურს იძიებენ შვილები - ელექტრა და ორესტესი.

ხელოვნებაში აგამემნონს ზევსის მსგავსად გამოსახავდნენ, მშვიდსა და დიდებულს, სკიპტრით ხელში. მისი ტრაგიკული ბედით დიდად დაინტერესდნენ პოეტები. აგამემნონის მითოსზე შექმნილ ნაწარმოებთა შორის უმნიშვნელოვანესია: ესქილეს "აგამემნონ", ევრიპიდეს "იფიგენია ავლისში", რასინის "იფიგენია", ალფიერის "აგამემნონი" და სხვა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები