აგვინდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგვინდა (ოს. Агуындæ) – ნართული ეპოსის მზეთუნახვი პერსონაჟი; ერთი ვარიანტით, შავი მთის მრისხანე მპყრობელის – საინაგ-ალდარის ქალიშვილი, რომელიც პოპულარული ნართი მუსიკოსის – აცამაზის ცოლი ხდება; სხვა ვარიანტით, ბორათა ბურაფარნიგის ასული აგვინდა ახსართაგათი ზივაგის, ნართებს შორის უზარმაცესი მამაკაცის, წყევლის შედეგად უმამროდ დაორსულდა და ვაჟი გააჩინა. შერცხვენილმა ბორათებმა აგვინდა შვილთან და ზივაგთან ერთად ხარის ტყავში გაახვიეს და მდინარეში გადააგდეს. ღვთის წყალობით გადარჩენილებმა ღვთისავე განგებით ცხოვრება ისე მოიწყვეს, რომ შემორიგებული ნართები (ბორათები და ახსართაგათები) თავიანთი მდიდრული კოშკის მახლობლად დაასახლეს. გარდა აღნიშნულისა, პერსონაჟი აგვინდას სახელით გვხვდება ეპოსის არაერთ ეპიზოდში, რომელთაგან ერთის მიხედვით, იგი ნართი ქალიშვილების ლაშქრის მეთაურია, შავთავიანი ვაიგების (დევების) წინააღმდეგ იბრძვის და ტყვედჩავარდნილს სახელოვანი ნართები დაიხსნიან. ძალზე საინტერესოდ გამოიყურება გადმოცემის ის ვარიანტი, რომლის თანახმად აგვინდა ახსართაგათების დაა და გათხოვილია ბორათებში. ამ ორ გვარს შორის ატეხილი ომის დროს იგი თანამოძმეებს წყევლის.

აგვინდა კავკასიის ხალხებში გავრცელებული სახელია (გუნდას სახელით მას ნართული ეპოსის აფხაზური ვერსიაც იცნობს, ხოლო ბალყარულ-ყარაჩული – აგუნდას სახელით). ვ. აბაევი აგვინდა/აგუნდას „იაგუნდის“ აღმნიშვნელ სპარსულ ტერმინს yākand-ს უკავშირებს.



ლიტერატურა

  • Сказания о Нартах; В пяти томах. В пяти томах. Том I. Орджоникидзе, 1989;
  • Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 2. Владикавказ, 2004;
  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1959.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები