აგილახრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-გჷლახრა (აფხ. Агәылхра) – ლოგინის აღების წესი, რომელსაც მშობიარობიდან ორი კვირის შემდეგ ასრულებენ. ამ დრომდე ნამშობიარევი ქალი საწოლიდან არ დგება. აგილახჲას ქალები დღესასწაულობენ და მასზე დასწრება მამაკაცებს ეკრძალებათ. დედამთილი ან რომელიმე ნათესავი ქალი ორი-სამი დღით ადრე შემოივლის ახლობლებს და აგილახჲაზე დაპატიჟებს. დანიშნულ დღეს ყველა ადრიდანვე იკრიბება, მოწვეულ სტუმრებს მოაქვთ ქათმები ან ყველი. თუ ოჯახი შეძლებულია, კლავენ ცხვარს ან თხას, თუ არადა ქათმებს; მოამზადებენ ასევე ყველიან კვერებს („ა-კვაკვარი“). ბებიაქალი ხელში იღებს აკვაკვარს და ოჯახის მფარველს („ა-ჟაჰარა“) მიმართავს: „შეგისრულეთ ყოველივე, რაც ჩვენმა წინაპრებმა გვიანდერძეს, უმორჩილესად გთხოვთ, დიდო აჟაჰარა, დაიფარე ეს ქალი და მისი ახალშობილი, ნუ მოაკლებ მათ და ამ ოჯახს შენს წყალობას“.

ამავე დღეს მსხვერპლშეწირვა ხდება ე.წ. „სახლსგარეთ მყოფთა“ („ა-დვინიქოუ“), ე.ი. მიცვალებულთა სახელზე, რისთვისაც ხარშავენ ყვერულს, დედალს და რამდენიმე აკვაკვარს; ბებიაქალი ლოცულობს: „თქვენ ყველა, ვინც სახლს გარე ხართ, იყავით მის მიმართ (მოლოგინებულის – ნ.ა.) მოწყალენი, დაიცავით ის და მთელი ოჯახი ყოველგვარი უბედურებისაგან და ხელი მოუმართეთ“. შემდეგი მსხვერპლშეწირვა და ლოცვა სრულდება მიწის უფალის („ა-დგილ დედოუფალი“) სახელზე. იმ ადგილას, სადაც ქალმა იმშობიარა. ბებიაქალი კლავს მამალსა და დედალს (მათი ჭამა მხოლოდ ცოლ-ქმარს შუძლია), ხარშავს და აშვიმგჲალის (ჭვიშტარის) რამდენიმე ნაჭერთან ერთად სწირავს ადგილის დედას ლოცვით: „მიწის დიდო დედოფალო, გისრულებთ დანაპირებს და გთხოვთ დაიფარო დედა-შვილი კბილის ტკივილისა და სხვა დაავადებისაგან“. შემდეგ ცხვება ოთხი მრგვალი და ერთი მთვარის რქის ფორმის აკვაკვარი; პირველ ოთხს ბებიაქალი სამჯერ გაატარებს ახალშობილის დედის დიდი და საჩვენებელი თითებით შექმნილ წრეში და სამჯერ იმეორებს: „გახსნა!“ ითვლება, რომ ამის შემდეგ ქალი ისე თავისუფლად იმშობიარებს, როგორი თავისუფლებითაც გაიარეს აკვაკვარებმა წრეში. მთვარის რქის ფორმის აკვაკვარს ჩვილს ჭიპზე დაადებენ და ლოცულობენ, რომ ბავშვს ჭიპი არ ატკივდეს.

თუ აგილახჲა ხუთშაბათს დაემთხვა, იმავე დღეს ან შემდგომ ხუთშბათს ლოცულობენ წყალთა ღვთაების („ძიძლანი“) სახელზე. მოხარშული თეთრი მამლითა და დედლით და აკვაკვარებით მიდიან მდინარესთან და დედა-შვილის თანდასწრებით სწირავენ და ლოცულობენ: „დიდო ძიძლან, წყალთა უფალო, დაიცავი დედა-შვილი ყოველგვარი ბოროტებისგან“. ამ წესის შეუსრულებლად ნამშობიარევ ქალს მდინარეზე ან წყაროზე გასვლა ეკრძალება. მომდევნო მშობიარობის შემდეგ ოჯახი ნაკლებად იხარჯება, მდინარეში მხოლოდ კვერცხს აგდებენ.


ლიტერატურა

Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები