აგორაფობია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგორაფობია - (F40.0), (agoraphobia) ფობიების ჯგუფი, საკმაოდ მკაფიოდ შემოფარგლული. აერთიანებს სახლიდან გარეთ გასვლის, მაღაზიებში სიარულის, ადამიანთა თავყრილობებში მონაწილეობისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის, სხვადასხვა ტრანსპორტით (მატარებელი, ავტობუსი, თვითმფრინავი) მარტო მგზავრობის შიშებს.

უპირატესად დამახასიათებელი ნიშანია პანიკური შეტევები. ამასთან, ხშირად დამატებითი ნიშანია ობსესიური სიმპტომების თანაარსებობა, დეპრესიის სიმპტომები და სოციალური ფობია. ხშირად გამოხატულია ამრიდებლობა შფოთვის გამომწვევი სიტუაციების მიმართ.

აგორაფობიის მქონე ზოგი ავადმყოფი განიცდის უმნიშვნელო შფოთვას სწორედ იმის გამო, რომ თავი აარიდა ფობიურ სიტუაციას. აშლილობა 1872 წელს პირველად აღწერა Westphal-მა, როგორც გაშლილი სივრცის პათოლოგიური (ავადმყოფური) შიში. (ფსიქიატრიის ლექსიკონები).

სარჩევი

კლინიკური მახასიათებლები

აგორაფობიის დროს პაციენტები განიცდიან შფოთვას სახლისგან მოშორებით ყოფნისას, ხალხმრავალ ადგილას ან ისეთ სიტუაციაში აღმოჩენისას, რომელსაც თავს იოლად ვერ დააღწევენ. ისინი თავს არიდებენ ასეთ ვითარებებს და მათი ანტიციპაციისას შფოთვა ან სხვა სახის სიმპტომები აღენიშნებათ.

შფოთვა

ფობიკურ სიტუაციებში აგორაფობიის მქონე პაციენტებს სხვა შფოთვითი აშლილობისთვის დამახასიათებელი შფოთვითი სიმპტომები აღენიშნებათ, თუმცა ორი მათგანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  1. პანიკის შეტევები, რომლებიც აღმოცენდება სპონტანურად ან როგორც რეაქცია გარე სტიმულებზე.
  2. შფოთვის გამომწვევი კოგნიციები გულის წასვლის ან საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის შესახებ.

ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტს ოთხი კვირის განმავლობაში ოთხზე მეტი პანიკის შეტევა აღენიშნება, DSM-IV-ში კლასიფიცირებულია არა როგორც აგორაფობია, არამედ როგორც პანიკური აშლილობა აგორაფობიის მეორადი სიმპტომებით.

სიტუაციები

შფოთვისა და განრიდების რეაქციის პროვოცირებას მრავალი სიტუაცია იწვევს. ერთი შეხედვით მათ ცოტა რამ აქვთ საერთო, მაგრამ რეალურად ისინი სამი ძირითადი თემის გარშემო ერთიანდება: სახლისაგან მოშორებით ყოფნა, ხალხმრავალი ადგილები და ადგილები, სადაც გადაადგილება შეზღუდულია. ასეთ სიტუაციებს განეკუთვნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მატარებლები, მაღაზიები, სუპერმარკეტები და, ასევე, ადგილები, რომელთა სწრაფად დატოვება სხვათა ყურადღების მიქცევის გარეშე, შეუძლებელია (მაგ., სავარძელი საპარიკმახეროში ან შუა ადგილი საკონცერტო დარბაზში). რადგანაც პაციენტის მდგომარეობა თანდათანობით უარესდება, ის სულ უფრო და უფრო მეტ სიტუაციებს არიდებს თავს და საბოლოოდ, მძიმე შემთხვევების დროს, მეტ-ნაკლებად მიჯაჭვული ხდება საკუთარ სახლზე (ასეთ მდგომარეობას ზოგჯერ „დიასახლისის სახლზე მიჯაჭვულობის სინდრომს” უწოდებენ). ამ პატერნის სხვადასხვა ვარიაციები, ჩვეულებრივ, განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, რომლებსაც, გარკვეული დროით, სიმპტომების შესუსტება შეუძლიათ. მაგ., პაციენტების უმრავლესობა ნაკლებად შფოთავს, როდესაც ისეთ ადამიანთან ერთად იმყოფება, რომელსაც ენდობა, ხოლო ზოგიერთისათვის შფოთვის შესასუსტებლად ბავშვთან ან შინაურ ცხოველთან (მაგ., ძაღლთან) ერთად ყოფნაც კი საკმარისია. შფოთვის ინტენსივობის ამგვარმა ცვალებადობამ შეიძლება შეცდომით გვაფიქრებინოს, რომ ძლიერი სიმპტომების არსებობისას პაციენტის მიერ მათი გაზვიადება ხდება.

ანტიციპატორული შფოთვა (მოლოდინის შფოთვა)

მოლოდინის შფოთვა გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს. მძიმე შემთხვევებში, პიროვნებას შფოთვა რამდენიმე საათით ადრე ეწყება, ვიდრე იგი მისთვის საფრთხის შემცველ სიტუაციაში მოხვდება. ეს კიდევ უფრო აძლიერებს პაციენტის დისტრესს და ზოგჯერ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ შფოთვას უფრო გენერალიზებული ხასიათი აქვს, ვიდრე ფობიკური.

სხვა სიმპტომები

ანტიციპატორული შფოთვის დროს პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ დეპრესიული სიმპტომები. ასეთი სიმპტომები ზოგჯერ შფოთვისა და განრიდების გამო ნორმალური ცხოვრების წესის შეზღუდვით არის გამოწვეული, ზოგ შემთხვევაში კი თავად აშლილობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს (ისევე, როგორც სხვა შფოთვითი აშლილობების დროს). ამ დროს პაციენტებს შეიძლება მძიმე დეპერსონალიზაციაც აღენიშნებოდეთ

დებიუტი და მიმდინარეობა

აგორაფობიას სხვა ფობიკური აშლილობებისაგან რამდენადმე განსხვავებული დებიუტი და მიმდინარეობა გააჩნია. დებიუტის ასაკი. უმეტეს შემთხვევებში აგორაფობია 20-დან 25 წლამდე ასაკში იწყება. ასევე ხშირია მისი გამოვლენა 35 წლის ასაკში. ანუ, ის უფრო გვიან ვითარდება ვიდრე მარტივი ფობიები (ბავშვობაში) ან სოციალური ფობიები (უმეტესად მოზარდობის პერიოდში).

რა ვითარებაში იჩენს თავს აგორაფობია

პირველი ეპიზოდი, ჩვეულებრივ, თავს იჩენს მაშინ, როდესაც პიროვნება (უმეტეს შემთხვევაში ქალი) საზოგადოებრივ ტრანსპორტს ელოდება ან ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრში საყიდლებზე იმყოფება. უეცრად, მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო, მას ძლიერი შფოთვა ეწყება, რასაც გულის წასვლის შეგრძნება და გახშირებული გულისცემა ახლავს თან. ის მაშინვე ტოვებს ამ ადგილს და სახლში ან საავადმყოფოში მიდის, სადაც სწრაფადვე გამოდის მდგომარეობიდან. გარკვეული დროის შემდეგ, იგივე ან მსგავს ვითარებაში აღმოჩენისას, მას ისევ ეწყება შფოთვა და კვლავ გაქცევით შველის თავს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი პაციენტი საკუთარი მდგომარეობის აღწერისას არ აფიქსირებს იმ ფაქტს, რომ შფოთვა პანიკის აუხსნელი შეტევით დაეწყო. ისეთი ძლიერი სტრესის დადგენა, რომელსაც უშუალოდ შეუძლია პირველი პანიკური შეტევის გამოწვევა, იშვიათად არის შესაძლებელი, თუმცა ზოგიერთ პაციენტს მიზეზად სერიოზული პრობლემები მოჰყავს (მაგ., შვილის ავადმყოფობაზე ნერვიულობა). არის შემთხვევები, როდესაც პაციენტებს სიმპტომები სომატური დაავადებების ან მშობიარობის შემდეგ მალევე უვლინდებათ.

შემდგომი მიმდინარეობა

პირველი ეპიზოდის შემდეგ შფოთვა და განრიდება კვირებისა და თვეების მანძილზე მეორდება. პანიკის შეტევები სულ უფრო მეტ ვითარებაში იჩენს თავს და, თანდათანობით, პიროვნებას განრიდების ჩვევა უყალიბდება.

ოჯახზე ზეგავლენა

მდგომარეობის პროგრესირებასთან ერთად, აგორაფობიის მქონე პაციენტი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება მეუღლეზე ან ოჯახის სხვა წევრებზე, რადგან ისინი ეხმარებიან მას იმ საქმიანობის შესრულებაში, რომელიც პაციენტში შფოთვას იწვევს (მაგ., წაყვნენ მაღაზიაში საყიდლებზე). მოთხოვნები, რომლებსაც პაციენტი ამის გამო მეუღლეს უყენებს ხშირად მათ შორის დავასა და კამათს იწვევს, თუმცა აგორაფობიის მქონე პირების შემთხვევაში სერიოზული ცოლ-ქმრული პრობლემები არ არის უფრო ხშირი, ვიდრე იგივე სოციალური წრის სხვა წარმომადგენლებში (Buglass et al., 1977).


ICD-10-ის (აგორაფობია) და DSMIV-ის (აგორაფობია პანიკის შეტევების გარეშე) დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

(შემოკლებული ვერსია)

ICD-10 DSM-IV
პაციენტს აღენიშნება მკვეთრად გამოხატული, პერმანენტული შიში ან განრიდების რეაქცია მინიმუმ ორი სახის სიტუაციაში. ამგვარ სიტუაციებს განეკუთვნება ხალხმრავალი და საზოგადოებრვი ადგილები, სახლიდან მოშორებით ყოფნა ან მარტო მოგზაურობა პიროვნება განიცდის შფოთვას ისეთ სიტუაციებში აღმოჩენისას, საიდან გაქცევა ან პანიკის შეტევის შემთხვევაში დახმარების მიღება ძნელი იქნება. მაგალითად: სახლს გარეთ, ხალხმრავალ ადგილებში, მოგზაურობის დროს ან ხიდზე ყოფნისას
პიროვნება განიცდის მნიშვნელოვან დისტრესს, რომელიც გამოწვეულია განრიდებით ან შფოთვით. ამ დროს შფოთვა გადაჭარბებული ან უსაფუძვლოა პიროვნება ასეთ სიტუაციებში აღმოჩენისას განიცდის დისტრესს ან თავს არიდებს მათ
საშიშროების შემცველ სიტუციაში პიროვნებას აღენიშნება ვეგეტატიური აგზნების სულ ცოტა ერთი სიმპტომი და დამატებით, შფოთვის ერთ-ერთი სიმპტომი პაციენტები არ აკმაყოფილებენ პანიკური აშლილობის კრიტერიუმებს
სიმპტომები თავს იჩენს ან დომინირებს მხოლოდ ისეთ სიტუაციებში, რომელიც აშინებს პაციენტს; ან ასეთი სიტუაციების წარმოდგენისას -
სიმპტომები არ არის გამოწვეული სხვა აშლილობით ან პაციენტის კულტურისათვის დამახასიათებელი რწმენებით სიმპტომები არ აიხსნება რომელიმე სხვა აშლილობით
  • შედარების გასაიოლებლად ICD-10-სა და DSM-IV-ის კრიტერიუმები შემოკლებული და პერეფრაზირებულია, ხოლო ზოგიერთი პუნქტების თანმიმდევრობა - შეცვლილი.

ეპიდემიოლოგია

ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, რომლის დროსაც DSM IIIR-ის კრიტერიუმები გამოიყენეს, აგორაფობიის (პანიკის შეტევების გარეშე) გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი ერთი წლის მანძილზე შეადგენდა მამაკაცებთან 1.7%-ს და ქალებთან 3.8%-ს (Kessler et al., 1994), ხოლო მთელი ცხოვრების მანძილზე - დაახლოებით 6-10%-ს (Weissman and Merikangas, 1986).

ეტიოლოგია

აგორაფობიის ეტიოლოგიურმა თეორიებმა უნდა აგვიხსნან, თუ რატომ იჩინა თავი შფოთვის თავდაპირველმა შეტევებმა და რატომ ხდება მათი გავრცელება და გამეორება.

1. კოგნიტური ჰიპოთეზის თანახმად შფოთვა მაშინ ვითარდება, როდესაც პიროვნებას უსაფუძვლოდ ეშინია სიტუაციის ზოგიერთი ასპექტის ან გარკვეული სომატური სიმპტომების, რომლებიც ამ სიტუაციაში უჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ უსაფუძვლო შიში აგორაფობიის დიაგნოზის მქონე ადამიანებისათვის არის დამახასიათებელი, დაუდგენელია, ჰქონდათ თუ არა მათ ამგვარი შიშები ადრეც, იქამდე, სანამ აშლილობა განუვითარდებოდათ.

2. ბიოლოგიური თეორიის თანახმად ინიციალური შფოთვის შეტევა გამოწვეულია მოულოდნელი გარე სტიმულებით, რომლებიც ზემოქმედებს გადამეტებული შფოთვითი რეაქციის მიმართ კონსტიტუციური პრედისპოზიციის მქონე ადამიანზე. არსებობს მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც ასეთი პრედისპოზიცია გენეტიკურ კომპონენტს შეიცავს (Kendler 1992a).

3. ფსიქოანალიტიკური თეორიის თანახმად ინიციალური შფოთვა გამოწვეულია არაცნობიერი ფსიქიკური კონფლიქტებით, რომლებიც პიროვნებისათვის მიუღებელ სექსუალურ ან აგრესიულ იმპულსებთან არის დაკავშირებული. ასეთი იმპულსების აღმოცენებას არაპირდაპირი გზით ბიძგს აძლევს საწყისი სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიტური თეორია წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული, იგი არ არის ემპირიული მასალით განმტკიცებული.

პროგნოზი

ზოგადი სამედიცინო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ აგორაფობია მალევე იკურნება, თუმცა, თუ ის ერთი წლის მანძილზე შენარჩუნდა, ჩვეულებრივ, შემდეგი ხუთი წლის მანძილზეც განაგრძობს არსებობას (Marks, 1969). ქრონიკული აგორაფობიის დროს ხშირია დეპრესიის ეპიზოდები. კლინიკური გამოცდილება გვეუბნება, რომ ადამიანები ექიმს დახმარებისათვის ყველაზე უფრო ხშირად სწორედ ამ ეპიზოდების დროს მიმართავენ.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები