აგური (სამშენებლო მასალა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგური

აგური − (ინგლ. Brick) – მინერალური წარმოშობის სხვადსხვა მინარევისგან (თიხა, კვარცის ქვიშა, ტრეპელი, კირი) დამზადებული ცალობითი, მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მტკიცე საშენი მასალა, რომლის სტანდარტული ზომებია: 250×120×65 მმ (მომატებული სისქის ანუ მოდულური – 250×120×88 მმ; ინგლისური – 215×102,5×65 მმ). გამოყენებული ნედლეულისა და დამზადების ხერხის მიხედვით არსებობს ოთხი სახის: ალიზის, კერამიკული (თიხის), სილიკატური (კვარცის ქვიშა და საჰაერო კირი) და ჰიპერდაწნეხილი – კირქვის ქანების (მარმარილო, ნიჟარქვა) ნაფხვენისა და პორტლანდცემენტის ნარევი. ამჟამად საქართველოს კანონმდებლობით სილიკატური აგურის გამოყენება მზიდ და თვითმზიდ კედლებში აკრძალულია, რადგან მიდრეკილება აქვს ტენშთანთქმისადმი და დროთა განმავლობაში კარგავს მზიდუნარიანობას (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება No1-1/2284, 7 ოქტომბერი, 2009 წ.).

საქართველოში ტერმინი „აგური“ X საუკუნემდე ალიზის სახელით იყო ცნობილი. ათონის ივერთა მონასტრის XII საუკუნის აღაპში ნახსენებია მოჭიქული აგურიც.

ძველი მეთუნეები აგურს ამზადებდნენ აყალო მიწისგან, რომელსაც ურევდნენ ქვიშას (მასის 30-35%), ალბობდნენ წყლით და ორ ან ოთხაგურიან ყალიბში ათავსებდნენ, შემდეგ გადმოაპირქვავებდნენ, დაჭრიდნენ და აშრობდნენ მზეზე. გამშრალ აგურებს ათავსებდნენ ცეცხლის ქურაში და გამოწვავდნენ 3-6 დღის განმავლობაში.

ძველად, გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. XV-VII საუკუნეები) უმთავრესად კვადრატული ფორმის აგურს ამზადებდნენ. ანტიკურ (ძვ.წ. VII ს. - ახ.წ. V ს.) და ადრეფეოდალურ ხანაში (IV-X სს.) აგურის გვერდის ზომა იყო 46-54 სმ, სისქე – 10-11 სმ, ხოლო შუა შუასაუკუნეებში (X-XV სს.) მისი ზომა შემცირდა 21-25 სმ-მდე, სისქე კი – 4-7 სმ-მდე.

ევროპასა და რუსეთში აგურის წინამორბედად ითვლება „პლინფა“ – მართკუთხა ფორმის თხელი და ფართო თიხის ფირფიტა სისქით 2,5 სმ, რომელიც მზადდებოდა ხის ფორმებში და აშრობდნენ 10-14 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გამოწვავდნენ ღუმლებში. საინტერესოა ის, რომ ყველა ფირფიტას დასმული ჰქონდა დამამზადებლის დამღა, რაც გამორიცხავდა უხარისხო მასალის დამზადებას. რაც შეეხება ეგვიპტეს, ძველ რომსა და შუამდინარეთს, აქ გამომწვარ აგურს ძვ. წ. 3-2 ათასი წლის წინათაც იყენებდნენ.

ძველი ბერძენი ისტორიკოსისა და გეოგრაფის სტრაბონის ცნობით, აგური უკვე I საუკუნეში იყო გავრცელებული იბერიის სამეფოში. ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევებით კი აგური საქართველოში X საუკუნიდან გვხვდება (ე.წ. ქართული აგური).

კერამიკული აგურის სიმკვრივეა – 1400-1900 კგ/მ3 (სიღრუეებიანის 1000-1450 კგ/მ3). მარკა განისაზღვრება სიმტკიცის მიხედვით (დროებითი წინაღობით კუმშვაზე): ჩვეულებრივი თიხის აგურის – მ10; მ12,5; მ15; მ17,5; მ20; მ25; მ30 მპა. კლინკერული აგურის – მ30; მ40; მ50; მ60; მ80; მ100 მპა. აგური და ქვა ჰორიზონტალური სიღრუეებით – მ2,5; მ3,5; მ5, მ7,5, მ10. სხვა მახასიათებლები: ფორიანობა – 6-8%; ყინვამედეგობა – 15-50 ციკლი; წყალშთანთქმა 6-12%; თბოგამტარობის კოეფიციენტი – 0,3-0,5 ვტ/მ°С; ფერი – მუქი წითლიდან ღია ყავისფერამდე. რაოდენობა 1 მ3-ში – 395 ცალი, 1 მ2-ში – 53 ცალი.

აგურის ფართო გვერდს საგები ეწოდება, გვერდით წახნაგს – გრძივი პირი, ხოლო ტორსულ წახნაგს – განივი პირი.

აგურის სახეები

არსებობს აგურის სახეები: ალისფერი, ბზენარევი, ბრძმედის, გადამეტმწვარი, გამომშრალი, გამომწვარი, გამოუწვავი, დაბიტუმებული სილიკატური, დაკალიბრებული, დაფაქტურებული, დიატომიტის, დინასის, დოლომიტური, ვარსკვლავა, ზომამცირე, თაღის, თბოსაიზილაციო, თიხამიწოვანი, თიხატრეპელის, თიხის, ინდური, ირანული, კაჟმიწოვანი, კერამიკული, კერამიკული ორფენიანი, კირქვიშის, კლინკერის, კლინკერ-ცემენტის, ლავგარდნის, ლეკალოსებრი, მაგნეზიტის, მაგნიუმნახშირბადოვანი, მაგნიუმქრომოვანი, მანქანის, მარტენის, მასიური, მინის, მოსაპირკეთებელი, მოჯავშნული, მრუდთარგა, მსუბუქი, მტკიცე, მშრალნაწნეხი, მხურვალგამძლე, ნაოთხალი, ნარანდიანი, ნახევარრკინაქვა, ნახევარმშრალნაწნეხი, ნახვრეტებიანი, პემზის, პლასტიკური დაყალიბების, პრიზმული, რადიალური, რიგითი, რუსული, საბრძმედე, სამარტენე, სამმეოთხედიანი, სამშენებლო, სამშენებლო მსუბუქი, საქუსლე, საღუმელე, სილიკატური, სიფონის ამოსაგები, სიფონური, სოლისებრი, სუსტად გამომწვარი, ტკეპნილი, ტრეპელის, უბრალო, ფასადის, ფასონური, ფერადი, ფისდოლომიტური, ფისდოლომიტურმაგნეზიური, ფოროვანი, ფუძე, ქართული, ქვედის, ქრომიანი, ქრომმაგნეზიტიანი, ღრუტანიანი, ყვითელი, შამოტის, შესამოსი, ჩამკეტი, ცემენტის, ცეცხლგამძლე, ცირკონის, ძლიერ გამომწვარი, ძლიერი გამოწვის, წვაუკმარი, წიდის, წითელი, წინაპირის, წრიული, წყობურის, ხელის, ჰაერზე ნაშრობი და სხვ.


Logo1.JPG აგური მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები