ადაბნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-დაბნა (აფხ. Адабна) - პერსონიფიცირებული სული, რომელსაც უჟმურით (მონადებით, აყოლილით) – დაავადება მიეწერება და მხოლოდ მისივე გულმოწყალებით არის შესაძლებელი „მიწით დაჭერილის“ ანუ ავადმყოფის „განთავისუფლება-განკურნება“. აფხაზის რწმენით, აღნიშნული დაავადება ადამიანს აყვება იმ ადგილიდან, სადაც შემთხვევით დაეცა (ჩამოვარდა) ან იჯდა. ამიტომ წამოდგომის დროს, იმის შიშით, რომ რაიმე არ აყვეს, იგი მიწაზე აუცილებლად სამჯერ დააფურთხებს (შდრ. მეგრულ და ლეჩხუმურ მსგავს ჩეულებას) და ამბობს: „აქ იყო ბაბუაჩემის სახლ-კარი“. დაავადების შემთხვევაში ლოცულობენ მიწის დედისა („ადგილ დედოუფალი“) და ადაბნას სახელზე. საამისოდ „სუფთა“ ქალი ხელში იღებს შვიდ კაკალს და ფეტვის მარცვლებს, მიჰყავს ავადმყოფი თხემლის ხესთან, რომელსაც ადგილის დედის სახელზე სამ ცალ კაკალს და რამდენიმე მარცვალს შემოატარებს; ასევე იქცევა კაკლის ხესთან და ადაბნას ავადმყოფის შეწყალებას შესთხოვს, შემდეგ თოჯინას მიწაში მარხავს და ამბობს: „ავადმყოფის ნაცვლად ეთამაშე და თავი ამით შეიქციე“. მოგვიანებით აცხობენ ფეტვის პურს – „დედა-მიწის პურს“, ორ გრძელ „ადაბნას პურს“. იგივე ქალი იღებს პირველი პურის ოთხივე კუთხის მონატეხს, ადაბნას პურებს, სანთელ-საკმეველს და ავადმყოფთან ერთად მიდის სამი გზის გასაყარზე. აქ მლოცველი ერთ გზაზე დებს „მიწის პურის“ ნატეხებს, მეორეზე – ადაბნას პურებს, მესამეზე – ანთებს სანთლებს და იქვე ათავსებს ფეხსაცმელს, თან ამბობს: „ქალბატონო მიწავ, ეს შენი ფეხსაცმელია!“ შემდეგ მუხლებზე აჩოქებს თავშალშემოხვეულ ავადმყოფს და „ადგილ-დედოუფალსა“ და ადაბნას ცალ-ცალკე მიმართავს: „ნუ მოაკლებ მას შენს წყალობას, მიეცი თავის, გულის, სხეულის სიმტკიცე! მიეცი მას ფერი, ტყავი და ძვალი! დაუბრუნე ლაპარაკისა და შრომის სურვილი, დაიცავი ეშმაკეულისაგან!“ შემდეგ ავადმყოფს თხილის წკნელით თავშალს მოხდის, ზურგზე წკეპლას ურტყამს და ამბობს: „წადი, დღეიდან განთავისუფლებ!“ სახლში მისულები შუაზე გასტეხენ ფეტვის პურს, რომლის ნახევრებს ხელში იჭერს ორი ქალი და კერასთან ერთმანეთის მოპირდაპირედ დგებიან. ავადმყოფი მათ შორის პურსქვემოთ ორჯერ გაივლის; ამასთან ერთი ქალი ამბობს: „მომეცი მე, რომელმაც ებრაელთა რწმენა მივიღე“, მეორე პასუხობს: „მომეცი მე, რომელიც ქრისტიანად მოვინათლე!“

უჟმურით დაავადებულთა სამკურნალოდ იდენტური მაგიური საშუალებები გამოყენებული იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მაგალითად, სვანეთში და სამეგრელოში საამისოდ თიხისაგან კეთდებოდა კაცის გამოსახულება. იმერეთში ხორბლის ცომისგან აცხობდნენ ადამიანის მსგავს ნამცხვარს, ე.წ. „ზერანს“, რომელსაც ზოგჯერ მიწაში ფლავდნენ, რათა, აფხაზური თოჯინის მსგავსად, თან წაეღო ავადმყოფობა.


ლიტერატურა

  • М. Джанашвили. Абхазия и абхазцы. (этнографический очерк) – «Записки Кавказского отдела Императорского Русского географического общества», т. XVI, Тф., 1894;
  • М. Марушко. Из области народной фантазии и быта. – «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», вып. XVIII, Тф., 1894;
  • პ. გიორგიძე. აფხაზეთი და აფხაზნი // ივერია, 1888. №183; ნ. მინდაძე. ქართული ხალხური მედიცინა. თბ., 1981;
  • ლ. ფიფია. მასალები სამეგრელოს ხალხური მედიცინის ისტორიიდან („ნაჟამა“) // ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები. თბ., 1988. III.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები