ადამაშვილი ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო ადამაშვილი

ადამაშვილი ნინო Adamashvili Nino, Адамашвили Нино, 1913-1999

ქართველი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის ქართული სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელი. დაამთავრა თბილისის პედაგოგიკური ინსტიტუტის პედაგოგიკის ფაკულტეტი 1934 წელს. მაშინვე დაიწყო მუშაობა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრაზე. პარალელურად გაიარა ასპირანტურის კურსი პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დ. უზნაძის ხელმძღვანელობით. 1941-1950 წლებში მუშაობდა აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. 1946 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო ერთი წლის მერე მას მიენიჭა უფროსი მეცნიერ თანამშრომლისა და დოცენტის წოდება. ნ. ადამაშვილი მთელი ცხოვრების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, სადაც მიჰყავდა სხვადასხვა კურსები. იგი იყო ქართველ ფსიქოლოგთა რამდენიმე თაობის საყვარელი, გამორჩეული მასწავლებელი. 1983 წელს ხანგრძლივი, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის საპატიო მედლით. ნ. ადამაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი წლები საქართველოში სამოქალაქო ომის, უმძიმესი კრიზისისა და გაჭირვების ხანას დაემთხვა (1990-1999 წლები). საინტერესოა, რომ ამ წლების განმავლობაში მარტოხელა ნ. ადამაშვილი თავის ყოფილ სტუდენტთან, ფსიქოლოგ ზურაბ გურასაშვილთან ცხოვრობდა, რომელიც უანგაროდ ზრუნავდა თავის ღრმადმოხუცებულ მასწავლებელზე.

ნ. ადამაშვილმა საკანდიდატო დისერტაცია უშუალოდ დ. უზნაძის ხელმძღვანელობით მოამზადა. მასში მოცემულია კ. ლევინის ველის თეორიის ანალიზი განწყობის თეორიის პოზიციებიდან. ნ. ადამაშვილი შემდგომშიც უბრუნდებოდა ისტორიულ-თეორიულ თემატიკას, კერძოდ ბავშვის ფსიქოლოგიის საკითხებს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თეორიაში (სიღრმის ფსიქოლოგია, პერსონოლოგია, ჰუმანისტური ფსიქოლოგია). თუმცა მისი კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო განვითარების ფსიქოლოგია, განწყობის ექსპერიმენტული ფსიქოლოგია და თვითცნობიერების ონტოგენეზის პრობლემატიკა. ეს უკანასკნელი თემა განწყობის თეორიის თვალთახედვით იყო გაშუქებული. საგანგებოდ იქნა შესწავლილი საკითხი საკუთარი სახელის მონაწილეობის შესახებ თვითცნობიერების ჩამოყალიბებაში {რეფლექსიურობის ეფექტი}.

ადამაშვილი აქტიურად იყო ჩართული იმ მუშაობაში, რომელიც მიმდინარეობდა უზნაძის სკოლაში განწყობის თეორიის ექსპერიმენტული საფუძვლების გაფართოებისა და გამყარების მიმართულებით. ამ მხრივ ნ. ადამაშვილის კვლევებში ორი ხაზია. პირველი ფიქსირებული განწყობის მეთოდით მოპოვებულ ახალ მონაცემებს უკავშირდება. აღსანიშნავია ნ. ადამაშვილის წვლილი განწყობის სიმტკიცისა და ირადიაციის კვლევაში. ირადიაციის ფენომენის აღმოჩენა უშუალოდ უკავშირდება ნ. ადამაშვილის სახელს. კერძოდ, გაირკვა, რომ განწყობის მოქმედება ზოგჯერ გადადის არა მხოლოდ ერთი ორგანოდან მეორე შესაბამის ორგანოზე (მაგალითად, ხელიდან ხელში, თვალიდან თვალში), არამედ აგრეთვე ერთი მოდალობიდან მეორეშიც − მაგ., ჰაპტური ოპტიკურში და პირიქით. ამის გარდა, აღმოჩნდა, რომ ფიქსირებული განწყობის უზნაძისეულ კლასიკურ ექსპერიმენტში კონტრასტულ ილუზიაზე, რელევანტური ცვლადის, სიდიდის გარდა, ზემოქმედებს აგრეთვე ირელევანტური ცვლადიც − ფერი.

კვლევის მეორე ხაზი განწყობის ფსიქოგენეზის შესწავლას ეხება. ნ. ადამაშვილი გენეზისური ფსიქოლოგიის ერთერთი წამყვანი სპეციალისტი იყო. მისი კვლევითი ინტერესი მოიცავდა როგორც ფილოგენეზს (ზოოფსიქოლოგია), ისე ონტოგენეზს (ბავშვის ფსიქოლოგია). ზოოფსიქოლოგიის დარგიდან აღსანიშნავია დაბალი მაიმუნების (კაპუცინები და მაკაკ რეზუსები) ქცევისა და განწყობის თავისებურებათა შესწავლაზე მიმართული კვლევა-ძიება. გაირკვა, რომ ფიქსირებული განწყობის დინამიკის ტიპი მაიმუნებთან ხასიათდება ძლიერი აგზნებადობით, ნაკლები დიფერენცირებულობით და მკვეთრად გამოხატული ვარიაბელობით. თანაც ეს განწყობა ცვალებადობს „განსაკუთრებით სიმტკიცის, დინამიკურობა-სტატიკურობის და აგზნებადობის მხრივ”. ქათმებზე ექსპერიმენტის ჩატარებისას ადამაშვილმა აღმოაჩინა მოყირჭება, რომელიც, თუკი საგანგებოდ არ იქნა აცილებული, მთლიანად ჩაშლის ექსპერიმენტს.

მრავალფეროვანია ნ. ადამაშვილის მიერ შესრულებული ნაშრომების თემატიკა ბავშვის ფსიქოლოგიაში. ისინი ეხება მოსწავლეთა მხატვრული ლიტერატურისადმი ინტერესს, თვითცნობიერების ონტოგენეზს, სათამაშოების ფსიქოლოგიურ ანალიზს, ბავშვის ფსიქოლოგის ფუნქციებს და სხვა. აღმოჩნდა, რომ ფიქსირებული განწყობის დინამიკის ტიპი ბავშვებთან გაუწონასწორებელია − ხასიათდება ერთი მხრივ, სუსტი აგზნებადობით, მაგრამ, მეორე მხრივ, სტატიკურობით.

მთავარი ნაშრომები


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები