ადამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღმერთის მიერ ადამის შექმნა.
ფრესკა. მიქელანჯელო სიქსტის კაპელის ჭერი

ადამი - (ებრ. წითელი მიწა) ბიბლიისა და ყურანის თანახმად, უფლისაგან შექმნილი პირველი ადამიანი.

სარჩევი

ბიბლიის მიხედვით

შექმნა

თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

ღმერთმა შესაქმის გვირგვინად ადამიანი შექმნა და განუზომელი ღირსებით - საკუთარი ხატებითა და მსგავსებით დააჯილდოვა. ღმერთმა მარტოდენ ადამიანს მიმადლა ის, რაც მას, და მხოლოდ მას, - ცისა და ქვეყნის შემოქმედს, ამკობს - აზროვნება, ნებისყოფა, არჩევანის თავისუფლება და შემოქმედებითობა.

ადამი და ევა სამოთხის ბაღში. ლუკას კრანახი (უფროსი)
ედემის ბაღში

ღმერთმა გამორჩეულ ალაგას დაასახლა ადამი: „უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა“ (დაბ. 2:8). ადამიანს უნდა გაეგრძელებინა შემოქმედისაგან დაწყებული საქმე, ე.ი. უნდა ეშრომა და ეღვაწა, ოღონდ არა ლუკმაპურისათვის (როგორც წუთისოფელში), არამედ სულიერი და ფიზიკური ძალების განმტკიცებისათვის, რათა აღსრულებულიყო ღვთის ლოცვა-კურთხევა: აღორძინდით და გამრავლდით (ახალი თარგმანით - ინაყოფიერეთ და იმრავლეთ)! რა თქმა უნდა, ისინი უნდა აღორძინებულიყვნენ, მათ უნდა ენაყოფიერათ და ემრავლათ, მაგრამ არა ისე, როგორც დღეს - ხრწნილებით, არამედ სულიერად, წმიდად და უმანკოდ (მსგავსად ქალწული მარიამისა).

ბიბლია გვამცნობს:

„გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო.

თქვა უფალმა ღმერთმა:. არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რასაც დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.

უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი, დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.

შიშველნი იყვნენ ორთავენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ“ (დაბ. 2:16-24).

პირველცოდვა

ადამიანი ავტონომიური, თავისთავადი, თვითმყოფადი და თავისუფალი არსებაა. ღმერთი არ ერევა მის შემოქმედებით აქტში, არ ზღუდავს მის ნებას საგნებისა და მოვლენების სახელდების ჟამს. ეს კი ნიშნავს, რომ უზენაესმა მოაზროვნესა და მეტყველ არსებას მიმადლა ყველა სულდგმულისაგან გამორჩეული ნიჭი ანუ ტალანტი - თავისუფლება. და რადგან თავისუფლება მიმადლა, მისცა არჩევანის გაკეთების, ორიენტაციის დამოუკიდებლად აღების, ნაბიჯის შემოქმედებითად გადადგმის საშუალებაც. ამის ნიშანი იყო ედემის შუაგულში აღმოცენებული ორი ხე: ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. პირველის ნაყოფი განამტკიცებდა უკვდავებასა და უხრწნელებას, მეორისა - პირიქით, სოფელს ავადმყოფობასა და სიკვდილს უქადდა. ორი ხე ორი გზის სიმბოლო იყო: კეთილისა და ბოროტისა. არჩევანი კი ადამიანს უნდა გაეკეთებინა: საითაც გადადგამდა ნაბიჯს, იქით წარიმართებოდა მისი ბედი. ღმერთი კაცის ნება-სურვილში ვერ ჩაერეოდა. თუ ჩაერეოდა, თავის თავს დაუპირისპირდებოდა, ადამიანში კი ადამიანს მოკლავდა, რადგან ძეხორციელი მხოლოდ თავისუფლებით, პიროვნულობითა და ნების უნარით განირჩევა არაადამიანთაგან. სამივე ცნება - აზროვნება, ნება და თავისუფლება - ერთი მთლიანობაა, რომლის ჩახშობა და ჩაკვლა ნიშნავს პიროვნების - ღვთის ნაპერწკლის, „სიცოცხლის სუნთქვის“, „ღვთის სულის“ - ხელყოფას, რაც მიუტევებელი ცოდვა და დანაშაულია. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: ღმერთი ყოვლის შემძლებელია, მაგრამ არ შეუძლია ადამიანის ცხონება, თუ უკანასკნელი თვითონ არ ინებებს ცხონებას. ამის გამო ღმერთმა ედემში მხოლოდ მცნება მისცა ადამს; აუკრძალა კეთილისა და ბოროტის შემეცნების ნაყოფის ჭამა, მაგრამ ნებისყოფისათვის გზა არ დაუხშვია.

ადამი და ევა. ლუკას კრანახი (უფროსი), ლონდონი

ბიბლიის კომენტატორთა თქმით, ბოროტება ხილულ სამყაროში არახილულიდან შემოიჭრა. ამქვეყნად ეს აქტი გველის მეშვეობით განხორციელდა. ეშმაკი შევიდა ქვემძრომის სხეულში, ეახლა ადამის ცოლს - ევას, დააინტერესა იგი კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის ნაყოფით; აცდუნა იგი: „უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა“. აი, დასაბამი ცოდვისა, საბედისწერო ნაბიჯისა, რომელიც გადადგა ადამიანმა, მოაზროვნემ, თავის თავზე კონტროლის უნარმქონე არსებამ. ცოდვა საღვთო განაწესის ანუ მცნების დარღვევაში გამოიხატა. ამ ფაქტს პირველცოდვა ეწოდება. მისი მასშტაბი და შინაარსი გლობალური, კოსმიური, ყოვლისმომცველი იყო. მან მყისიერად, ერთბაშად და თვისობრივად შეცვალა კაცის სხეულიც და ხასიათიც. ცოდვის შედეგად დაირღვა გვამისა და სულის სიმრთელე: სხეული ხრწნადად და მოკვდავად იქცა, - დაავადდა, დასნეულდა. ცოდვის შედეგი იმავდროულად გავრცელდა გარემომცველ სამყაროზე: უსულო და სულიერ საგნებზე - მინერალებზე, ფლორასა და ფაუნაზე, კოსმოსზე, მთელს გალაქტიკაზე, ნებისმიერ კუთხესა და კუნჭულზე. მატერიალური სამყარო განემსგავსა პირველსახეს და შეიძინა ის ქიმიური შემადგენლობა, ფორმა და თვისებები, რასაც დღეს ვხედავთ, აღვიქვამთ და ვსწავლობთ. ასე რომ, ჩვენი თვალთახედვის წინ მყოფი სამყარო - ჭუჭყიანი და ცოდვილი - შეიქმნა ადამიანის მიზეზით, პირველცოდვის გამო, ერთბაშად, მყისიერად, ცოდვისა და რისხვის ერთჯერადი აფეთქების შედეგად.

წამოიჭრება კითხვა: რატომ იყო დანაშაული კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის ნაყოფის ჭამა? განა კაცობრიობის იდეალი განათლება, ცოდნის დაუსრულებლად მზარდი მწვერვალების დაუფლება არაა? - რა თქმა უნდა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია პიროვნების ზრდისა და განვითარების მრავალწახნაგოვანი გზის გავლა, ე.ი. ცოდნის კიბეზე ასვლისათვის მომზადება, რომ შუა გზაზე არ დავეცეთ და არ დავიღუპოთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ზიარების საიდუმლოს შესახებ ეკლესიის მოძღვრებას თუ გავიხსენებთ, ბიბლიის ეს ეპიზოდი შეგვიძლია ასეც გავიაზროთ: ეს ხე იგივე ვაზია და მისი ნაყოფის ჭამა-ზიარება. ზიარება სულისა და ხორცის კურნებაა, მაგრამ სულით და ხორცით მოუმზადებელთათვის სასჯელი და უბედურება.

კოსმიური ტრაგედიის პირველშედეგი წერილში გადმოცემულია ასე: „აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.

მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ? მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე. უთხრა: ვინ გითხრა შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე? უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე. უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.

უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე! დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას. ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.

ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.

უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი სიცოცხლის დედა.

ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნე. მიქელანჯელო, სიქსტის კაპალის ჭერი

გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა...“ (დაბ. 3:7-21). ცოდვის გამო ადამიანის არა მხოლოდ ფსიქიკა და ცნობიერება შეიცვალა, არამედ ხორციც. ადამს ემოსა ნათლის სხეული, რომელიც აეხადა აკრძალული ნაყოფის გემოს ხილვის შემდეგ და შეეძინა უხეში სხეული - „ტყავის სამოსი“, რომელიც ყოველ წუთს განიცდის მოლეკულათა ცვალებადობას, რასაც თან სდევს სიცივე, სიცხე და ავადმყოფობა, უკანასკნელს კი - სიკვდილი. ამიტომაცაა საჭირო საკვები დაკარგული მოლეკულების აღსადგენად, სამოსელი სიცივისა თუ სიცხისაგან თავის დასაცავად, მედიკამენტები საკურნებელად და ა.შ. „მიწის დაწყევლა“ სიმბოლურად აღნიშნავს გარემომცველი სამყაროს (და არა მარტო დედამიწის) ნირშეცვლას სულიერიდან ფიზიკურისაკენ, უხრწნელებიდან ხრწნადობისაკენ, ლპობისა და აღხოცვისაკენ. ასე რომ, წუთისოფელი ადამიანის ცოდვისა და დანაშაულის შედეგია.

სამოთხიდან განდევნა

ცოდვას და დანაშაულს, აუცილებლობის პრინციპით, სასჯელი მოჰყვა. სასჯელმა ცისქვეშეთში ყველაფერი მოიცვა. დაირღვა ჰარმონია, თანხმობა ადამიანისა ღმერთთან და გარემომცველ სამყაროსთან, მცენარეებთან და ცხოველებთან. ზოგიერთი ცხოველი გახდა მტაცებელი და მავნებელი, მცენარე კი - შხამიანი და მომწამვლელი. ყველა და ყოველივე დაიმონა ცოდვის მარწუხმა, რომლის მიზეზი არის ადამიანი - ხილული სამყაროს პატრონი, მეფე და პასუხისმგებელი. ამიტომაც ყოველი დაბადებული, პავლე მოციქულის სიტყვის თანახმად, ადამის გამო „თანაელმის და თანაკვნესის მოაქამომდე“ (რომ. 8:23).

ცოდვის შედეგები

ცოდვის შედეგები ქრისტიან თეოლოგთა მიერ ასეა გააზრებული: „გვწამს, რომ პირველი ადამიანი, შექმნილი ღვთისაგან, დაეცა სამოთხეში მაშინ, ოდეს ეურჩა ღვთის მცნებას და აღასრულა გველის მზაკვრული რჩევა. სწორედ იქიდან გავრცელდა მემკვიდრეობით წინაპართა ცოდვა შემდგომ თაობებზე. ასე რომ, არ არსებობს დაბადებულთაგან ძეხორციელი, თავისუფალი რომ იყოს ამ ტვირთისაგან და დღევანდელ ცხოვრებაში არ აჩნდეს პირველცოდვის დაღი. ამგვარ ტვირთად ანუ დაცემის შედეგად ჩვენ მიგვაჩნია არა თვით ცოდვა, როგორიცაა: უპატიოსნება, ღვთის გმობა, მკვლელობა, მძულვარება და სხვა ამგვარი, რაც მომდინარეობს, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ, ადამიანის ბოროტი გულიდან და არა ბუნებიდან (რადგან ბევრი მამათმთავარი, წინასწარმეტყველი და სხვა უამრავი წმინდანი ძველი და ახალი აღთქმისა, აგრეთვე ღვთის წინამორბედი და, უპირატესად, სიტყვისა ღვთისა მშობელი და ყოვლადწმიდა მარიამი არ იყვნენ მონაწილენი ამ და მსგავს ცოდვათა). ეს ტვირთი ანუ დაცემის შედეგი არის მიდრეკილება ცოდვისაკენ და ის უბედურებანი, რაც ღვთის მართლმსაჯულებამ განუჩინა ადამიანს მისივე ურჩობის გამო. ესენია: მომქანცველი შრომა, მწუხარება, ფიზიკური უძლურება, სალმობანი შობისა, განსაზღვრულ დრომდე ამქვეყნად ცხოვრება-ხეტიალი. ბოლოს კი ხორციელი სიკვდილი“ (მსოფლიო პატრიარქების ეპისტოლე, „საღვთისმეტყველო კრებული“, 1988, №3, გვ.61-62).

ნუთუ ღმერთმა დაწყევლა ყოველივე და არ დაინდო ძუძუთა ბავშვიც? პასუხი ცხადია და ერთადერთი: ადამიანმა თვითონ დაიწყევლა თავი; დაიტეხა ცოდვის ლოგიკური შედეგი - სასჯელი; თავისივე მიზეზით, გაუკუღმართებული ნებით დაიავადა სხეული და დაასნეულა სხვაც. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა განდევნა ადამი და ევა სამოთხიდან, რაც თარგმანებით (კომენტარით) ნიშნავს შემდეგს: ადამმა თავად განიდევნა თავი სამოთხიდან, რადგან განემსგავსა მას. უმწიკვლო და მწიკვლოვანი ერთმანეთის გვერდით ვერ თავსდებიან. სამოთხეში კი მხოლოდ სიკეთე და სიწმიდე ხარობს, ბოროტების ნაფრცქვენიც არაა იქ. მითუმეტეს: იქ ჰყვაოდა და ჰყვავის ცხოვრების ანუ უკვდავების ხე, რომლის ნაყოფი გააუკვდავებდა დაცემულ ადამს - მის შებღალულ ხორცსა და სისხლს, მასთან ერთად ყოველივეს ცისქვეშეთში, უკვე ლპობისა და ხრწნისაკენ მიდრეკილს. ეს კი აღუწერელი ტრაგედია იქნებოდა, რადგან ყველაფერი გახდებოდა უკვდავი, მაგრამ მარად ლპობადი და მარად ხრწნადი. ავადმყოფობა, სიბერე და მიხრწნილება განიგრძობოდა უკუნითი უკუნისამდე; სიმყრალე და შმორი მოიცავდა ყველაფერს (შდრ. დაბ. 3:22- 24).

ასე დაკარგა ადამიანმა სამოთხე და მის არსებაში ღვთის ხატება დაკნინდა, მაგრამ არ აღხოცილა. მას კვლავ შერჩა ის ძალა და ბუნება, რითაც ღმერთმა შემოსა. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი გარდაიქმნებოდა უგონო არსებად, ე.ი. არაადამიანად. ამის საპირისპიროდ ვხედავთ, რომ ადამიანს შერჩა შემოქმედების და მადლის მომუშაკების უნარი. კაცობრიობამ შემოინახა აგრეთვე ხსოვნა სამოთხისა, ღმერთთან უშუალო კავშირისა, ნეტარი ცხოვრებისა; ვიცით, რომ ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო, სადაც დაგვასახლა ზეციერმა მამამ, არის ედემი. წუთისოფელი კი მდგმურობისა და მსხემობის ქვეყანაა. ამიტომაც კაცთა მოდგმის ნარეკლიანი ისტორია სავსეა ნოსტალგიით, სამშობლოზე მოთქმითა და ვაებით, იქ დაბრუნების დაუოკებელი სწრაფვით, დაკარგული სამოთხის განცდით.

ამ იდეალის სრულყოფა კი სათანადო გზათა და საშუალებათა ძიებას გულისხმობს,რაც კაცობრიობის პირველივე თაობამ აღმოაჩინა. ესაა სასჯელის მოხდა ანუ მსხვერპლის გაღება დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით.

ედემიდან განდევნის შემდეგ

ადამსა და ევას, უკვე დაცემულთ, შეეძინათ შვილები - აბელი და კაენი. პირველი მწყემსი იყო, მეორე - მიწისმუშა. 130 წლის ასაკში ადამსა და ევას შეეძინათ მესამე შვილი სეითი (შეთი), ნოესა და შესაბამისად მთალი კაცობრიობის შთამომავალი. ადამის სხვა შვილთა შთამომავლობა წარღვნის შედეგად დაიღუპა.






წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები