ადამრ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადამრ - აკლდამა. იგივეა რაც მეგრული აკარდამა. აფხაზებმა არ იცოდნენ აკლდამა და მასში დასაფლავება. არქეოლოგებმა თავიდანვე გაამახვილეს ყურადღება ისეთ საძვლე ორმოებზე (მ. ივაშჩენკო, ბ. კუფტინი, მ. ტრაფში, ა. აფაქიძე, ო. ლორთქიფანიძე, თ. მიქელაძე, გ. ლორთქიფანიძე, რ. პაპუაშვილი და სხვ.), რომლებშიაც მეორადი დაკრძალვა იყო დადასტურებული. მეორადი დასაფლავების ფორმას, წინ ისეთი დაკრძალვის ეტაპი უსწრებდა, რომლის კავშირი მიწასთან გამორიცხული იყო. უძველეს წერილობით წყაროებში მას ჰაერზე დაკრძალვის სახელწოდებით ვხვდებით. თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იგი დროის ორ სხვადასხვა მონაკვეთში დაფიქსირდა: პირველად, ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს, ხოლო მეორედ, ახალი წელთაღრიცხვის XVI-XVIII საუკუნეებში.

პირველ ცნობას ძვ. წელთაღრიცხვის III ს-ის ბერძენი მწერალი აპოლონიოს როდოსელი გვაწვდის, რომელიც კოლხეთში მიცვალებულის ჰაერზე დაკრძალვის, ძირითადად ძვ. წელთაღრიცხვის IV საუკუნის დასასრულისა და III საუკუნის დასაწყისის წყაროს წარმოადგენს, რადგან ამ დროისათვის ჰეროდოტე, ფსევდო სკილაქს კარიანდელი, სტრაბონი და სხვ. კოლხეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ეთნიკურად ქართველურ მოსახლეობას აფიქსირებენ. როგორც ჩანს, იმ დროისათვის ეს ჩვეულება გაქრობის პირას უნდა ყოფილიყო, რასაც თვით აპოლონიოს როდოსელის ტექსტი ადასტურებს („მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალებს მიწაში ფლავდნენ“...). ცხადია, ქრისტიანობის გავრცელებამ ქართველებში ეს ჩვეულება სრულიად გააქრო. ახალი წელთაღრიცხვის XVI საუკუნის დასაწყისში ჰაერზე დაკრძალვის ეს ჩვეულება ჩრდილო კავკასიიდან მიგრანტ მოსახლეობას უნდა ჩამოეტანა საქართველოში, რაც პირველად აფხაზებში ჯოვანი ლუკამ დაადასტურა. მისი აღწერილობიდან ჩანს, რომ აფხაზები ხის მთლიანი მორიდან გამოჩორკნილ კუბოში ასვენებდნენ მიცვალებულს, შემდეგ კუბოს ტყეში ოთხ მაღალ სარზე მიმაგრებულ ფიცარნაგზე შემოდგამდნენ და იქ ტოვებდნენ. ანალოგიურად აღწერს ამ წესს XVII საუკუნის 20 - იან წლებში არქანჯელო ლამბერტი. მაგრამ ამავე საუკუნის 40 - იან წლებში თურქი მოგზაური ევლია ჩელები მიგრანტებს აბაზად მოიხსენიებს (რადგან ამ დროისათვის საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ აბაზები შემოიჭრნენ უმეტესად) და რაც მთავარია, უკვე ქართველებთან ინტეგრაციის შედეგად, მისი გადმოცემით, მიგრანტები ჰაერზე უკვე მხოლოდ „ბეგის“ გვამებს კრძალავდნენ.

XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი წინამორბედი ავტორების ძველ ტრადიციულ აღწერილობას იმეორებს, წერს, რომ აფხაზები „არღარა მონებენ რჯულსა“ ... „ვითარცა კერპნი... არა დაჰფლავენ მკვდართა თუისთა, არამედ მისთავე სამკაულ-იარაღითა და შესამოსელითა შთასდებენ კუბოთა შინა და შესდგამენ ხეთა ზედა“ ... (ვახუშტი ბაგრატიონი). ეს წესი აფხაზებს ჩრდილო კავკასიიდან ჰქონდათ ჩამოტანილი, რაც დადასტურებულია XVII-XIX სს სხვადასხვა ავტორებთან.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები