ადაპა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადაპა
ადაპა

ადაპა – (შუამდ.) პერსონაჟი, რომელიც დაკავშირებულია შუმერის ერთ-ერთ უძველეს ქალაქთან, ერიდუსთან და მის მთავარ ღმერთთან – ენქისთან.

ბრძენი ადაპა ემსახურებოდა ერიდუს ტაძარს, სადაც კაცთა მოდგმის მოყვარული და მფარველი ღმერთი ენქი სუფევდა. რა იყო მისი სამსახური? ყოველდღე ერიდეულ პურის მცხობელებთან ერთად პურს აცხობდა, ყოველდღე საზრდელსა და სასმელს ამზადებდა ღვთის ტაბლისათვის, ყოველდღე თავისი წმიდა ხელებით ტაბლას აწყობდა, მის გარეშე ვერავინ გააწყობდა საღვთო სუფრას.


მას ებარა ტაძრის ნავი და ყოველ ღამით, როცა ერიდუს ჭიშკრები ჩაირაზებოდა, ადაპა გადიოდა გაშლილ ზღვაში თევზის დასაჭერად, რათა ერიდუს ტაძარში თავის მეუფისათვის მსხვერპლად შეეწირა.


ერთხელაც, ადაპამ, როცა დაგმანა ერიდუს ჭიშკრები, თავისი ნავი ნანარის, მთვარის ღმერთის, ყურეში შეაცურა, რათა გაშლილ ზღვაში გასულიყო სათევზაოდ. დაჰბერა კეთილმა ქარმა და ნავი შეცურდა ოკეანეში. ზღვა, როგორც სარკე, ისე კრიალებდა. მოულოდნელად ზღვაზე ქარიშხალი დატრიალდა, სამხრეთის ქარმა დაუბერა ნავს და ჩაძირა თევზთა სამყოფელისკენ. განრისხდა ადაპა და შეაჩვენა სამხრეთის ქარი. ასე დაემუქრა: „ახლა მოიხმე საშველად შენი ძმები, ვინც კი გყავს. უნდა დაგილეწო ფრთები!“


ეს თქვა ადაპამ და არ დააყოვნა, მყისვე დაულეწა ფრთები სამხრეთის ქარს და შვიდ დღეს აღარ ქროდა სამხრეთის ქარი.


ცის ღმერთმა ანუმ მოუხმო თავის მსახურს ილაბრათს და მსახურმა ილაბრათმა მოახსენა: „მეუფევ, ადაპამ, კაცმა ერიდეულმა, ენქის ტაძრის მსახურმა, ბრძენმა და უბიწომ, დაულეწა სამხრეთის ქარს ფრთები. ამიტომაც არ ქრის შვიდი დღე სამხრეთის ქარი“. რა მოისმინა ეს სიტყვები, განრისხდა ანუ, ტახტიდან წამოიჭრა და დაიძახა: „აქ მომგვარეთ ადაპა, ერიდეული კაცი!“

გაიგო ეს ენქიმ, რომელმაც უწყის ცათა იდუმალებანი, მზრუნველი ხელი მოჰკიდა ადაპას – ურჩია თმები მოეზარდა და სამგლოვიარო ძაძით შემოსილიყო. უთხრა: „ადაპა, ჩემო ერთგულო მსახურო, მეუფე ანუსთან მიდიხარ, შეიგონე ჩემი დარიგება: ოდეს ცად ახვალ და ანუს კარიბჭეს მიადგები, ანუს კარიბჭესთან ორი ღმერთი დაგხვდება – თამუზი და გიშზიდა. დაგინახავენ და შეგეკითხებიან: კაცო, ვის გამო შექმნილხარ ასე? ადაპა, რისთვის მოგიზრდია თმა, რისთვის შემოსილხარ ძაძით? მიუგებ: ჩვენი ქვეყნიდან ორი ღმერთი დაიკარგა. მათ გამო მოვიზარდე თმა, მათ გამო შევიმოსე ძაძა. შეგეკითხებიან: ვინ ორი ღმერთი დაიკარგა თქვენი ქვეყნიდან? მიუგებ: თამუზი და გიშზიდა. ერთურთს გადახედავენ და გაიღიმებიან, კეთილ სიტყვას შეგაწევენ ანუსთან, ანუს მწყალობელ სახეს გიჩვენებენ. და, როცა წარდგები ანუს წინაშე, სიკვდილის საჭმელს მოგიტანენ, არ შეჭამო! სიკვდილის სასმელს მოგიტანენ, არ შესვა! სამოსელს მოგიტანენ, შეიმოსე! ნელსაცხებელს მოგიტანენ, ტანზე იცხე! არ დაგავიწყდეს, რაც გირჩიე, სიტყვა, რაც გითხარი, დაიმახსოვრე!“


მაშინ მოვიდა მაცნე ანუსაგან მაღალი ციდან და ანუს ბრძანება მოიტანა: „აქ მომგვარეთ ადაპა, კაცი ერიდეული, ვინც სამხრეთის ქარს მხრები დაულეწა!“


მოჰკიდა ხელი მაცნემ, ზეცის გზად დააყენა, ზეცად აიყვანა. როცა ავიდნენ ზეცად და ანუს კარიბჭეს მიადგნენ, თამუზი და გიშზიდა კარიბჭესთან დახვდნენ. დაინახეს ადაპა და შესძახეს: „კაცო, რად შექმნილხარ ასე? ადაპა, ვის გამო მოგიზრდია თმა, ვის გამო შემოსილხარ ძაძით?“ გაიხსენა ადაპამ ენქის სიტყვა და მიუგო თამუზს და გიშზიდას: „ჩვენი ქვეყნიდან ორი ღმერთი დაიკარგა, მათ გამო მოვიზარდე თმა, მათ გამო შევიმოსე ძაძა“. მათ კი: „ვინ ორი ღმერთი დაიკარგა თქვენი ქვეყნიდან?“ მიუგო ადაპამ: „თამუზი და გიშზიდა“. ერთურთს გადახედეს ღმერთებმა და გაიღიმეს.


და როცა ადაპა წარდგა მეუფე ანუს წინაშე, შეხედა ანუმ და შესძახა: „რად დაულეწე, ადაპა, სამხრეთის ქარს ფრთები?“ მიუგო ადაპამ: „შუაგულ ზღვაში, ჩემო მეუფევ, ენქის ტაძრისათვის თევზს ვიჭერდი. ზღვა, როგორც სარკე, ისე კრიალებდა. მაგრამ უეცრად ზღვაზე ქარბორბალა დატრიალდა, სამხრეთის ქარმა დაუბერა და ჩაძირა ნავი თევზთა სამყოფელისკენ, ამიტომ შევაჩვენე სამხრეთის ქარი და ფრთები დავულეწე“.


დაუდგნენ მეოხად ადაპას თამუზი და გიშზიდა. კეთილი სიტყვა მოახსენეს ადაპას გამო ანუს. დადუმდა ანუ, დაცხრა რისხვა. ეს კი თქვა: „რისთვის გაუმჟღავნა უღირს კაციშვილს ენქიმ ცათა და მიწის საიდუმლო? რად გაალაღა, სახელი რად მისცა? რა ვუყოთ ახლა ამ კაცს?“ და უბრძანა თავის მსახურებს: „სიცოცხლის საჭმელი მოუტანეთ, შეჭამოს!“ და მოუტანეს სიცოცხლის საჭმელი ადაპას, მაგრამ არ შეჭამა. კვლავ ბრძანა ანუმ: „მოუტანეთ სიცოცხლის სასმელი ადაპას, შესვას!“ მოუტანეს სიცოცხლის სასმელი ადაპას, მაგრამ არ შესვა. კვლავ ბრძანა ანუმ: „სამოსელი მოუტანეთ, ტანზე იცხოს!“ მოუტანეს სამოსელი, შეიმოსა ადაპა. მოუტანეს ნელსაცხებელი, ტანზე იცხო ადაპამ.


შეხედა ანუმ და გაუკვირდა: „ეჰა, ადაპა, რად არ შეჭამე სიცოცხლის საჭმელი, რად არ შესვი სიცოცხლის სასმელი? ამიერიდან მარადიულად ვერ იცოცხლებ“. მიუგო ადაპამ: „ენქიმ, ჩემმა უფალმა, ასე მასწავლა: არ შეჭამო, არ შესვა“.


მაშინ გახსნა ბაგე ანუმ და წარმოთქვა: „წაიყვანეთ, უკან დააბრუნეთ. თავის მიწიერ სადგომზე დასვით...“ და უკან დააბრუნეს ადაპა. ასე დაკარგა ადაპამ უკვდავების მოპოვების შესაძლებლობა. სამაგიეროდ ანუსგან მან სამეფო ნიშნები – სამოსელი და საცხებელი ზეთი მიიღო.


შუმერულ-აქადურ ტექსტებში ადაპა ნახსენებია იმ შვიდ აფქალს შორის, რომელთაც მიეწერებათ ცივილიზაციის დაფუძნება შუმერში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები