ადგილის დედა ღვთისმშობელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადგილის დედა ღვთისმშობელი - დედა-ღვთისმშობელი, ღვთისმშობლის სახელზე არსებული საყდარი ან სალოცავი ნიში, რომელიც მოცემული სოფლის, ამა თუ იმ ადგილის, იქაურ მკვიდრთა და მის სამფლობელოში მოსული უცხო კაცის „ადგილის დედად“ - მფარველად – ითვლება. მას შესთხოვდნენ ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის დაცვა-გამრავლებას, პურისა და ღვინის სიუხვეს. ის კურნავდა ავადმყოფს, პურის მარცვლებს მავნე ჭიებს აცლიდა, ებრძოდა მავნე სულებს, რის გამოც ხალხში „აქიმად“ — მკურნალად — იყო ცნობილი და მშველელად უხმობდნენ ყოველგვარი განსაცდელში. თუ მგზავრს ან მონადირეს უცხო ადგილას შემოაღამდებოდა, ამ „ადგილის დედას“ მიებარებოდა. საქონლის პირველ მონაგებსა და მოსავლის საუკეთესო ნაწილს დედა ღვთისას სახელზე შეუთქვამდნენ. პირველ მოგებულ ხბოს „ხთიშობელას“ ეძახდნენ. იგი აუცილებლად „ადგილის დედისათვის“ უნდა შეეწირათ ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე, დიდმარხვის დადგომამდე. პირველად მოგებული „დოლისთავის ბატკანიც“ „ადგილის დედისთვის“ იკვლებოდა, რათა ცხვარში ზარალი არ ენახათ. გაზაფხულზე პირველად შედღვებილი, „ნათავარი“ ერბო-კარაქიც ზედაშედ იყო შეთქმული. ერბოთი პოხავდნენ სალოცავის მომრგვალებულ ქვებს — „ძიქვებს“, ანუ „ძუძუს ქვებს“, და სალოცავის კედლებს. ზოგი „ადგილის დედაში“ მდგომ ბროლის ქვას წააცხებდა ერბოს (ხევსურეთი). ამას აკეთებდნენ წველის ღალიან-ბარაქიანობისთვის. ამასვე აკეთებდნენ რძედამშრალი ქალებიც. წველის გადიდებაზე აცხობდნენ „ფურთ-ნათავარ“ (ერბოს) გულიან ქადებს. საქონლის მფარველად განთქმული სალოცავი იყო თურსიეხი. „ადგილის დედის“ სახელით ცნობილ ეკლესიას ალგეთის ხეობაში, დაბა მანგლისის მახლობლად, მარიამწმინდას (თუშეთი) ხალხი „ფურების ხატს“, „საქონლის ხატს“ უწოდებდა. დაილოცებოდნენ: „დედაო მარიამწმიდავ, ძროხის ღალა და ბარაქა მოგვეცი, სიმრავლე ორფეხსა და ოთხფეხში; გვიმატე ფურსა, ფურის ხბოსა“. ძროხა ოჯახის სიმდიდრე, „ქონების“ ერთ-ერთი მთავარი საზომი იყო, მისი მოვლა-პატრონობა — მთავარი „საქალებო“ საქმე. ამიტომ „ნაწველ-ნადღვების“ ბარაქას ღვთისმშობელს შესთხოვდნენ, როგორც „საქალებო“ საქმის „დედას“, გამგებელს. მის სახელზე წესად იყო მარცვლეულის, ღვინის თუ თაფლის ზედაშეების შეთქმაც. კერიასთანაც დიასახლისები ოჯახის კეთილდღეობას, გამრავლებას შესთხოვდნენ „ადგილის დედას“ საგანგებო „კერიის პურით“, რომელსაც კერიაზე გადატეხდნენ და იქვე შეჭამდნენ. კერიაც ქალური შინასაქმის შუაგული იყო.

ძველად წლის განმავლობაში დიასახლისის არჩევაც სწორედ მარიამობას (ძვ. სტ. – 14 აგვ., ახ. სტ. - 28 აგვ.) იცოდნენ (ქართლი). დედები ქალიშვილთა ბედ-იღბალს ავედრებდნენ მას. ამისათვის ბამბის ძაფზე ფერად მძივებს, „შარნებს“, აასხამდნენ. ქსოვილის ფერად ნაჭრებსაც მიამაგრებდნენ, შიგ ნემსებს გაუყრიდნენ. ამ ნაჭრებს „დედა ღვთისას საბურავს“ უწოდებდნენ. დედა „საბურავს“ ქალიშვილებს თავზე შემოავლებდა და „ადგილის დედას“ შესწირავდა. ხალხური რწმენით, შარნიდან მოხსნილი მძივი კურნავდა თვალით სნეულს. თხოვნა-მადლიერებისათვის წესად იყო „საკადრისების“ (ფერადი ნაჭრების), ასევე საკუთარი ხელით მოქსოვილის (წინდები, პერანგი და სხვ.) შეწირვაც.

ღვთისმშობელი ხალხურ წარმოდგენებში ქალური ხელსაქმის მფარველიცაა: „ჯდა მარიამ სკამსა ოქროსასა, ქსელსა ქსელამდა ძოწეულისასა“. უშვილო ქალები თითისტარით ხელში ჩოქვით უვლიდნენ მის საყდარს და ბამბის ძაფს ავლებდნენ ირგვლივ, რასაც „სარტყლის შემორტყმას“ ეძახდნენ. ბოლოს თითისტარს ტაძრის კედელში არჭობდნენ. უამრავი „ადგილის დედა“ პირდაპირ დალურსმული იყო ამგვარი თითისტარებით. სარტყლის შეხსნა და შემოკვრა ქორწილშიც სრულდებოდა. ზოგჯერ პატარძალს კაბაზე ღილს ააგლეჯდნენ და დედა ღვთისას სალოცავში დედნენ ვაჟიანობის დასაბედებლად. ქალებს წესად ჰქონდათ ასევე „სათმეების“ შეწირვაც. ეს იყო გრძელ ძაფზე ასხმული დიდი მძივები, რომლითაც თმებს იმაგრებდნენ. „სათმეებს“ ხის ჯვრებს შემოახვევდნენ და „ადგილის დედაში“ ტოვებდნენ. ქრისტიანულ რელიგიაში თმა ღვთისმშობლის სულიერი ნათელმოსილების სიმბოლოა, იგივე შარავანდია. ამგვარი რიტუალებით გამოხატავდნენ თავიანთ თხოვნა-მადლიერებას დედა ღვთისასადმი.

გ. ჩინჩალაძე

ლიტერატურა

  • მაკალათია მ., მსხვილი მესაქონლეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, თბ., 1975;
  • ოჩიაური ა., ხალხური დღეობების კალენდარი (ფშავ-ხევსურეთი), თბ., 1990;
  • ქართული ხალხური დღეობების კალენდარი, თბ., 1991;
  • ჯალაბაძე ნ., ადგილის დედასთან დაკავშირებული ზოგიერთი წესის შესახებ, ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები, თბ., 1985.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები