ადგილ დედოუფალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-დგჷლ დედოუფალ-ი (აფხ. Адгьыл дедоуҧал – „ადგილის დედოფალი“) — კონკრეტული ადგილისა და ზოგადად მიწის მფარველი ქალღვთაება. იგი სრულ შესაბამისობაშია ქართულ „ადგილის დედასთან“ („დედა მიწასთან“) და კერიის მფარველ სულთან („ჭაპი“) და ფუძის ანგელოზთან („ა-ჟაჰარა“) ერთად ქმნის მდედრობითი სქესის ხთონურ არსებათა იერარქიულ სისტემას, რომელშიც წარმმართველი ძალა „ადგილ დედოფალი“ ანუ „დედა მიწაა“.

აფხაზები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სამოსახლო ადგილის შერჩევას; თვლიდნენ, რომ ესა თუ ის კონკრეტული ადგილი შესაძლოა ყოფილიყო ბედნიერების ან უბედურების მომტანი. მაგ., ადგილი, სადაც დასასვენებლად ხშირად იკრიბებოდნენ ძროხები – კეთილისმყოფელი იყო. ჰქონდათ მიწის ნაკვეთის შერჩევის სხვა წესებიც: საცხოვრებელი ნაგებობისათვის განკუთვნილ ადგილზე დადებდნენ დიდი ზომის ქვას და აკვირდებოდნენ: თუ ქვის ქვეშ საშუალი სიდიდის შავი ჭიანჭველები მოგროვდებოდნენ – კარგი ნიშანი იყო, თუ წვრილები ან ფრთოსნები – ცუდი; სახლის აგების პროცესში თუკი ჭიანჭველები სხვაგან გადასახლდებოდნენ, მშენებლობა უნდა შეეწყვიტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახს უბედურება ეწეოდა. მშენებლობის დაწყების წინ აფხაზი აუცილებლად ადგილ დედოფალს შესთხოვდა მიეღო მისი ოჯახი და მშენებლობის დამთავრებისთვის მსხვერპლის შეწირვას შეპირდებოდა. საცხოვრებლის დადგმისთანავე, პირველივე სამშაბათ დღეს, ადგილ დედოფალის სახელზე ლოცვას გამართავდნენ. მოამზადებდნენ ყველიან კვერებს, ოთხ ნახევარწრის ფორმის ხაჭაპურს, დაკლავდნენ ყვერულს, თხას ან ცხვარს და ოჯახის უფროსი ქალი, რომელსაც ერთ ხელში სამსხვერპლო ცხოველის ან ფრინველის გულ-ღვიძლწამოცმული თხილის ხის შამფური ეჭირა, მეორეში კი – ღვინით სავსე ჭიქა, ადგილ დედოფალს ოჯახის გამრავლებასა და კეთილდღეობას შესთხოვდა. შემდეგ კვერზე ღვინოს მოასხურებდა სიტყვებით: „ვიდრე ამ საკვებით არ დავაპურო ყველა აჩბა (ანჩაბაძე) და ჩაჩბა (შერვაშიძე), ნუ იქნება ამ სახლში ავადმყოფობა და სხვა უბედურება“. თუ ოჯახს ახალ სახლში არ უმართლებდა, მკითხავის რჩევით, საცხოვრებელ ნაგებობას სხვაგან გადაიტანდნენ. ყოფილა შემთხვევა, როცა ნაგებობა რამდენჯერმე გადაუტანიათ, ვიდრე „ბედნიერ“ ადგილზე დამკვიდრდებოდნენ.

აფხაზი მწყემსები და მონადირეები ყოველი გადაადგილების დროს დახმარებისა და მფარველობისათვის ადგილ დედოფალს მიმართავდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ. ბავშვის დაცემისას, აიღებდნენ ერთ მუჭა მიწას, რომელსაც დაცემულს სამჯერ შემოავლებდნენ თავზე და იტყოდნენ: „დე, ამ ადგილის დედოფალმა შენს ჯანმრთელობას ნუ მიაყენოს ზიანი“ (შდრ. ბავშვის დაცემის შემთხვევაში გურიაში დამოწმებული ლოცვა: „ფერო, მოდი ფერთან, გულო, მოდი გულთან...“). გაზაფხულზე, როცა კრუხს წიწილებიანად ბუდიდან მიწაზე გადმოსვამდნენ, ადგილ დედოფალის სახელზე აუცილებლად ჭვიშტარს (ყველიან მჭადს) გამოაცხობდნენ და ფრინველის დაცვა-გამრავლებას შესთხოვდნენ. დიდ ხუთშაბათს ალიონზე ქალიშვილები, უფროსი ქალების ხელმძღვანელობით, ტყეში მიდიოდნენ სამკურნალო ბალახების შესაგროვებლად. ბალახის ამოთხრის შემდეგ მიწაში მარილს ჩაყრიდნენ და იტყოდნენ: „ადგილ დედოფალო, ჩვენ დაგიბრუნეთ შენი წილი“. გარდა ზემოაღნიშნულისა, ადგილ დედოფალს მიმართავდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ სიყვითლითა და შეშუპებით, უჟმურით დაავადების შემთხვევაში („ა-დაბნა“), მშობიარობის დროს და მოლოგინების შემდეგ.

მართალია, ადგილ დედოფალი მიწის ქალ-ღვთაებათა შესახებ საერთო კავკასიურ წარმოდგენათა წრეში ჯდება, მაგრამ როგორც აფხაზური საკულტო ტერმინი, ისე მასთან დაკავშირებული რწმენა და რიტუალური პრაქტიკა ქართული ხალხური რელიგიური სისტემის პირმშოა. აქვე უნდა ითქვას, რომ თუ საქართველოში ადგილის დედის მიერ მშობიარისა და დედა-შვილის მფარველობა ღვთისმშობლის კულტში მისი გადასვლის აუცილებელი პირობაა, აფხაზურ მასალაში ეს არ შეიმჩნევა.


ლიტერატურა

  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • Д.И. Гулия. История Абхазии. I. Тф., 1925;
  • Н. Абакелия. О местных культовых терминах и святилищах в Западной Грузии (Абхазия) // Разыскания по истории Абхазии / Грузия. Тб., 1999;
  • ნ. ჯალაბაძე. ქალ-ღვთაებათა ბუნებისათვის (ადგილის დედა || ღვთისმშობელი) // ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები. თბ., 1988. III;
  • ქ. სიხარულიძე. მიწის ღვთაებები კავკასიაში // ქართული ფოლკლორი“. თბ., 2004. 2 (XVII).


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები