ადვინიქოუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-დვნჷიქოუ (აფხ. Адәныиқәу) – „სახლს (ოჯახს) გარეთ მყოფნი“. ასე უწოდებენ აფხაზები წინაპართა და ახალგარდაცვლილ ნათესავთა სულებს, რომლებსაც, მათი აზრით, შეუძლიათ ოჯახისათვის კეთილდღეობის მოტანაც და ზიანის მიყენებაც. მათ სახელზე ლოცულობენ და მსხვერპლს სწირავენ ყოველ მნიშვნელოვან შემთხვევაში – დიდ ოჯახში ახალრძლის შეყვანისა თუ მშობიარობის დაწყების წინ და მოლოგინების შემდეგ, საქონლის დაკარგვისა თუ ნამატის მოგების დროს, განსაკუთებით კი ავადმყოფობის ჟამს. ადამიანისა და საქონლის დაავადების მიზეზი, მკითხავის აზრით, მიცვალებულთა გამწყრალი სულები არიან. მათი რისხვის გარეგნული ნიშნებია ხშირი მთქნარება, ძილისგუდობა, საერთო მოქანცულობა. თუ ავადმყოფი არ დააკმაყოფილებს „გარეთ მყოფთ“ ლოცვითა და მსხვერპლშეწირვით, მას აუცილებლად სიკვდილი ელოდება. ამ უბედურების თავიდან აცილების მიზნით, ოჯახის უფროსი ავადმყოფს სამჯერ შემოავლებს ოქროს ან ვერცხლის მონეტას, იარაღს ან სპილენძის ქვაბს (ტაფას ან სხვა საგანს) და ადვინიქოუს მსხვერპლშეწირვისთვის გარკვეულ დროს შესთხოვს. საწინადრს (აფხ. „აშასი“), ვთქვათ, მონეტას სადმე სუფთა ადგილზე დაკიდებენ და სათანადო რიტუალის შესრულებამდე ხელს არ ახლებენ.

მსხვერპლშეწირვა შემდეგი წესით ხდება: საღამო ჟამს თეთრებში გამოწყობილი ავადმყოფი გამოჰყავთ ეზოში და სკამზე დასვამენ. სამსხვერპლოდ დაყენებულ ახალგაზრდა ჭაკცხენს ან კვიცს (შეიძლება იყოს ხბო ან ძროხა), რომელსაც თეთრი ჩული აქვს გადაფარებული (შდრ. „ათარჩეი“) სამჯერ შემოატარებენ ავადმყოფის ირგვლივ, ამასთან ხნოვანი ქალი (ზოგჯერ მამაკაცი) მსხვერპლს თხილის ოც ცალ ჩხირს ესვრის და თხილისავე ორი წნელით ზურგზე ურტყამს, თან ლოცულობს:

„ადვინიქოუ, ამ ოჯახის მფარველებო! მუხლმოყრილი გევედრებით: წყალობას ნუ მოაკლებთ ცოდვილ ოჯახს, მიუტევეთ ნებსით თუ უნებლიედ ჩადენილი ცოდვები. თქვენდამი ერთგულად მსახურების ნიშნად გწირავთ ამ წმინდა ცხოველს, მიიღეთ ის და მიეცით ავადმყოფს საშუალება კვლავაც შეასრულოს თავისი ვალი თქვენს წინაშე“.

სჯეროდათ, რომ ამ წესის შესრულების შემდეგ ავადმყოფობა გადავიდოდა ცხოველზე, რომელიც აუცილებლად მოკვდებოდა. ამ უკანასკნელის გადარჩენის მიზნით, მას თავზე შემოავლებდნენ მამალს, რომელიც, აფხაზის რწმენით, ცხოველის ნაცვლად უნდა მომკვდარიყო, ყოველ შემთხვევაში მისი ხორცის ჭამა იკრძალებოდა.

ფურკამეჩისა და ძროხის ნამატის მოგების შემდეგ, მათი რძის საკვებად გამოყენება არ შეიძლებოდა, ვიდრე ამ რძეს რომელიმე ორშაბათს ჯერ ღვთაებებს – აითარსა და ამქამგარიას არ შესწირავდნენ, ხოლო მომდევნო ხუთშაბათს – ადვინიქოუს. საამდღისოდ მოამზადებდნენ ა-ილარჯს (ელარჯს) და ა-ჩამაქუას – ხაჭოსთან ერთად მოხარშულ ღომს (შდრ. მეგრ. ჩემქვა), რომლებსაც ღია კარებთან დაალაგებდნენ და სანთლებს აანთებდნენ (ძროხისთვის – ორს, კამეჩისთვის იმდენს, რამდენიც მეწეველი ჰყავდა ოჯახს) და უფროსი მამაკაცი დაილოცებოდა: „თქვენ, ადვინიქოუ, ძველებო და ახლებო! ჩვენი წინაპრების მიერ დადგენილი წესით გწირავთ მსხვერპლს და გთხოვთ იყოთ ჩვენი და ჩვენი საქონლის მფარველები, გაგვიმრავლეთ ისინი და ნურაფერს გვავნებთ!“ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა რძისა და მისი პროდუქტების საკვებად მოხმარება. ახალდაქორწინებულთათვის განკუთვნილი საცხოვრებლიდან, ამჰარადან, დიდ ოჯახში ახალრძლის შეყვანისა და ქალის მოლოგინების შემდეგ,

ადვინიქოუს აუცილებლად ყვერულსა და დედალს შესწირავდნენ. აფხაზურ ადვინიქოუსთან ტიპოლოგიურად ახლოს დგას მეგრული „გალენიში ორთა“ — „გარეთ მყოფთა ორთა“ (შდრ. მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული იმერული დღეობის სახელწოდება – „გარეგნობა“).


ლიტერატურა

  • М. Джанашвили. Абхазия и абхазцы. (этнографический очерк) – ЗКОИРГО. Тф., 1894. Т. XVI;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • მ. მაკალათია. მესაქონლეობასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები სამეგრელოში // სამეგრელო“, თბ., 1979;
  • ნ. აბაკელია. ცის თაყვანისცემა დასავლეთ საქართველოში // მაცნე, ისტორიის სერია. თბ., 1983. №2.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები