ადიშის ოთხთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადიშის ოთხთავი - (897 წ.), ქართული სახარების უძველესი თარიღიანი ხელნაწერი (ქრონოლოგიურად მას მხოლოდ ხანმეტი სახარების V ს. ფრაგმენტები უსწრებს) და ძვრლი ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი.

ადიშის ოთხთავი. წმ.ლუკა და წმ.იოანე მახარებლები

ხელნაწერს ახლავს ვრცელი ანდერძი (მოთავსებულია ტექსტის ბოლოს, ფფ. 387-388), საიდანაც ჩანს, რომ ის გადაწერილია 897 წ., სავარაუდოდ, შატბერდის მონასტერში (დასმულია სამნაირი დათარიღება — დასაბამითგანი, ქრონიკონი, ქრისტესშობიდან). XI ს-ში „ოდესმე ჯუმათისა მამასახლისმყოფელს“ ნიკოლაოსს, სხვა ხელნაწერებთან ერთად წამოუღია კლარჯეთიდან. XV ს-დან ხელნაწერი დასტურდება ზემო სვანეთის სოფელ ადიშში (ჰადიში), საიდანაც XIXსაუკუნის შუა ხანებში გახდა ცნობილი მეცნიერებისათვის, ამიტომაც მის სახელად ადიშის სახარება დამკვიდრდა (ამჟამად ინახება სვანეთში, მესტიაში, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 478, კოლ. 82). ხელნაწერის დამკვეთი დიდი სოფრონ, შატბერდის მონასტრის „განახლებით აღმაშენებელი“, გადამწერი – მიქაელი, ხოლო ყდაში ჩამსმელი („მმოსელი“) — მიქაელ დიაკონი. ხელნაწერი დაწერილია ეტრატის სქელ ფურცლებზე, ტექსტი შესრულებულია ასომთავრულით ორ სვეტად (ზომა: 30.5X28 სმ, 393 ფურცელი). ხელნაწერი შემკულია მინიატიურებით. ისინი მოთავსებულია ტექსტის წინ, განსხვავებით გვიან დამკვიდრებული ტრადიციით, როდესაც მახარებელთა მინიატიურები მოთავსებული იყო შესაბამისი სახარების ტექსტის დასაწყისში. ადიშის ოთხთავის მინიატიურებია: ტოლმკლავიანი და მომრგვალებულბოლოებიანი „საწინამძღვრე ჯვარი“, მკლავებს გარეთ, ფურცლის ჩარჩოს კუთხეებში მახარებლების წელზევითი გამოსახულებით – n-1v; წმ. მარკოზი - 2r; წმ. ლუკა და წმ. იოვანე (შეწყვილებული გამოსახულება მთელი ტანით და ფეხზე მდგომარედ) — 2v; ბ. ნიჟარაძის ცნობით, იყო მათე მახარებლის მინიატიურაც, რომელიც სხვებზე უკეთ ყოფილა შენახული (სხვები, საღებავის გადასვლის გამო, საკმაოდ დაზიანებულია). ეს მინიატიურა, კარგა ხანია, დაკარგულია (1895 წ., როდესაც ხელნაწერი შეისწავლა პ. უვაროვამ, ის 3 r-5 – ხელნაწერში აღარ იყო). კანონები, მხატვრულ კამარებში ჩაწერილი სტიქომეტრული აპარატი, ე.წ. „ევსების ათი კანონი“ — სახარებათა მსგავსი ადგილების მითითება; 5 v-ზე — სიონის გამოსახულება. დიდი ნაწილი, განსაკუთრებით პირველი ფურცლები დაზიანებულია; ხშირ შემთხვევაში ფურცლები არ არის თავის ადგილას ჩაკინძული. განსაკუთრებით დაზიანებული და ნაკლულია ის ფურცლები, რომლებზედაც გადამწერისა და მომგებლის ანდერძებია მოთავსებული (ფფ. 387-388). ტექსტის ნაწილი – ანდერძები, ძირითად ნაწილთან შედარებით, რომელიც ბაცი ოქროსფერი და ადგილ-ადგილ მუქი მელნითა და მსხვილი ასოებითაა დაწერილი. მუქი მელნითა და ოდნავ მომცრო გრაფემებით არის შესრულებული. ტექსტის სვეტის ზომაა 11 X 8 სმ; თითოეული სვეტი 16-სტრიქონიანია. შემოჭრილია 64 ფურცლის ქვედა ან მარჯვენა (ზოგჯერ - ორივე ერთად) აშიები, რომლებზედაც მიწერილი იყო სვანური საისტორიო საბუთები. ამჟამად ხელნაწერში მხოლოდ სამი ასეთი საბუთი მოიპოვება.

ადიშის ოთხთავი. ფრაგმენტი

თავისი დიდი მნიშვნელობის გამო ადიშის ოთხთავის მთელი ხელნაწერი გამოცემულია ფოტოტიპურად (ფოტოები გადაიღო დ. ერმაკოვმა), 1910 წ. ექვთიმე ღვთისკაცის (ე. თაყაიშვილის) მიერ ლეჩხუმ-სვანეთში მოწყობილი ექსპედიციის დროს; ხოლო ტექსტი გამოცემულია სამჯერ: ორჯერ – ქართულად ( ა.შანიძე და ზ. სარჯველაძე) და ერთხელ — ლათინურად (ჟ. გარიტი).

ადიშის ოთხთავის ტექსტი რედაქციულად განსხვავდება სხვა ქართული სახარების ტექსტებისაგან და ამ რედაქციის ერთადერთი ხელნაწერია. მიჩნეულია, რომ ის სახარება-ოთხთავის უძველესი ქართული თარგმანია. რომელიც მომდინარეობს ბერძნულიდან და ჩასწორებულია სომხურის მიხედვით (რითაც აიხსნება ტექსტში სომხური გავლენის კვალი, არმენიზმები) და გადმოწერილია ე.წ. ჰაემეტური ტექსტიდან (შეინიშნება აგრეთვე ხანმეტობის კვალიც). ხელნაწერის გადამწერს თავისი დროისათვის ზედმეტად მიჩნეული ზმნის მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირის პრეფიქსი „ჰ“ გამოუტოვებია, თუმცა ზოგჯერ ის ძველი ტექსტიდან მაინც გამოჰყოლია („თავ-ჰუყოს“, „ნუ ჰრქუამთ“, „ჰემტერა“, „ჰუყვეს“, „ჰევედრებოდეს“, „განხეცხადა“). გარდა ამისა, ადიშის ოთხთავი მეტად საყურადღებოა გრამატიკული თვალსაზრისით, განსაკუთრებით სინტაქსური სტრუქტურით, ლექსიკური ერთეულებით, ტერმინოლოგიით, დიალექტური და უცხოენოვანი ელემენტებით.

ადიშის ოთხთავის ტექსტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ძველი ქართული წერილობითი ძეგლია.

ადიშის ოთხთავის მნიშვნელობასა და სიძველეზე მეტყველებს IX-X საუკუნეების ტიპური ტვიფრული ყდის შემორჩენილი ფრაგმენტი, რომელზეც XIV-XV საიკუნეებში დამაგრებულია ვერცხლის გრავირებული ჯვარი. ამ ტიპის ადრეული ტვიფრული ყდები ამჟამადაც ინახება სინის მთის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში.

ვ. სილოგავა

ლიტერატურა

  • ადიშის ოთხთავი 897 წლისა, ზ. სარჯველაძის რედ., თბ., 2003;
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997;
  • მელიქიშვილი ნ., ბიბლიოლოგია, ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიიდან, თბ., 2012;
  • მეტრეველი ე., ნიკოლაოს ჯუმათელი, წგ.: ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1998;
  • სვანეთის წერილობითი ძეგლები, ვ. სილოგავას გამოც., ტ. 1, ისტორიული საბუთები და სულთა მატიანეები, თბ., 1986;
  • სილოგავა ვ., ადიშის სახარება, წგ.: ივანე ჯავახიშვილი, ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2002;
  • ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით, ა. შანიძის გამოც., ძველი ქართული ენის ძეგლები, ტ. 2, თბ., 1945.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები