ადოფცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადოფცია - (adoptio) შვილად აყვანის ერთ-ერთი ფორმა ძველ საბერძნეთსა და რომში.

ადოფცია ძველ რომში

შვილად აყვანის ერთერთი ფორმა, რომლის მიხედვითაც ბავშვები თავისუფლდებოდნენ ოჯახის უფროსის (Paterfamilias) ძალაუფლებისაგან და ქალაქის პრეტორის თანდასწრებით გადაეცემოდნენ სხვა ოჯახს. თავიდან ამ უფლებას ფლობდნენ მხოლოდ კაცები, მოგვიანებით იმპერიის ეპოქაში იგი გავრცელდა ქალებსა და გათავისუფლებულებზე (ლიბერტუსი). ადოფციის მიზეზი განსხვავებული იყო, მაგრამ უმთავრესს მემკვიდრის არარსებობის პირობებში გვარის გაგრძელების სურვილი წარმოადგენდა. ადოფცია ხშირად ოჯახებს შორის კავშირის განმტკიცებას და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა.

ადოფცია საკმაოდ რთული იურიდიული პროცედურა იყო და XII დაფის კანონებს (duodecim tabularum) ემყარებოდა. მამა სამჯერ გადასცემდა ვაჟს სხვა ოჯახს (ქალიშვილისა და შვილიშვილისათვის ერთხელ გადაცემის აქტიც საკმარისი იყო). მიმღები პირველი და მეორე მანციპაციის (mancipatio) შემდეგ ყოველ ჯერზე ანიჭებდა მას თავისუფლებას, რის შემდეგაც ვაჟი უბრუნდებოდა მშობელ მამას. მესამე გადაცემის შემდეგ მამობილი იყვანდა ვაჟს თავისი ზედამხედველობის ქვეშ და მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა შვილად აყვანილზე. ამის შემდეგ ნაშვილების სამართლებრივი მდგომარეობა იცვლებოდა ძველ და ახალ ოჯახთან მიმართებაში. ამასთან ნაშვილები ძველ გვარს იტოვებდა მეორე cognomen-ად დაბოლოებით - anus. ბევრი პატრიცი უფლებას აძლევდა პლებსის წარმომადგენელს, რომ შვილად აეყვანა იგი იმ მიზნით, რომ მას საშუალება ჰქონოდა მომავალში კენჭი ეყარა სახალხო ტრიბუნის თანამდებობაზე.

შვილად აყვანის უფლება ჰქონდათ მხოლოდ დამოუკიდებელ მოქალაქეებს და ამასთან მათ არ უნდა ჰყოლოდათ მამრობითი სქესის სისხლით მემკვიდრე. შვილად ამყვანს თუკი ჰყავდა ქალიშვილი, ნაშვილები, როგორც წესი, მისი ქმარი ხდებოდა. ლიტერატურული წყაროები (არა იურიდიული) გვაწვდიან ინფორმაციას adoptio testamentaria-ს შესახებ (შვილად აყვანა ანდერძის საფუძველზე). ასეთი ფორმა ჰქონდა იულიუს კეისრის მიერ ავგუსტუსის შვილად აყვანას, რომელმაც მოგვიანებით, დამტკიცდა რა კომიციებში, მიიღო ადროგაციის (adrogatio) ფორმა.

ადოფცია ძველ საბერძნეთში

შვილად აყვანის (ადოფციის) შესახებ დეტალურ ინფორმაციას პირველად გორტინის კანონებში ვხვდებით. აქ ადოფციას ცოცხალთა შორის (inter vivos) აქვს ადგილი; მამა, რომელსაც შვილი აჰყავდა, თავად აყვანილი შვილი არ უნდა ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში მას თავისუფლად შეეძლო შვილი აეყვანა, განურჩევლად იმისა, ჰყავდა თუ არა საკუთარი შვილები.

შვილად აყვანის შესახებ დიდძალი ცნობები ათენური დოკუმენტებიდან მოგვეპოვება (ძვ. წ. IV ს-ის ორატორთა სიტყვები), თუმცა ყოველთვის ეს ინფორმაცია ზუსტი არაა. თავდაპირველად ადოფციის მიზანს წარმოადგენდა მემკვიდრის არჩევის უფლების მიცემა იმ მოქალაქისათვის, რომელსაც ვაჟი არ ჰყავდა. მემკვიდრის არჩევა, უმეტესწილად, ნათესაური წრის შიგნით ხდებოდა. დიდი უნდა ყოფილიყო არაფორმალური ადოფციების წილი საბერძნეთის ისტორიის ყველა პერიოდში. არაფორმალური ადოფციები აყვანილ შვილებს იმავე იურიდიულ და ფინანსურ პრივილეგიებს არ ანიჭებდა.

ისეოსის დროისთვის შვილად აყვანის სამი ეტაპი არსებობდა: ა) ცოცხალთა შორის; ბ) ანდერძისმიერი; გ) სიკვდილის შემდგომი. ამ შემთხვევაში მემკვიდრის არმყოლ მამაკაცს სიკვდილის შემდეგ აკუთვნებდნენ ვაჟს, რათა ამ უკანასკნელს ოჯახური ხაზი გაეგრძელებინა. საბერძნეთში ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო ქალიშვილის ქმრის შვილად აყვანა. ისეოსი იმეორებს მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში რელიგიური მოსაზრებანი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა - უნდა გაგრძელებულიყო საოჯახო კულტმსახურება და ოჯახის საგვარეულო ხაზი.

არსებობს მინიშნებები, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადოფცია ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ უფრო გაძიძებას ვუწოდებთ. ასევე შესაძლებელია, რომ ის სასწავლებლად გაგზავნის რაღაც სახეობად იქნას მოაზრებული (ჰიპოკრატესის ფიცში შვილად აყვანა საექიმო პრაქტიკასთან მიმართებით არის მოხსენიებული).

სულ მცირე, რომაული იმპერიის გარიჟრაჟზე არსებობდა პრაქტიკა, რომლითაც ქალაქს ან ადამიანების გარკვეულ ჯგუფს შეეძლო შვილად აეყვანათ პირი, როგორც ქალაქის შვილობილი - υίός (θυγάτηρ) τής πόλεως. ამგვარ ადოფციად შეიძლებოდა მოაზრებულ იყოს ის პრივილეგიები, რომლებიც ძვ. წ. V ს-ში ომში დაობლებულთ მიანიჭეს (თუკიდიდესი, 2. 46), თუმცა ერთობის მიერ შვილად აყვანის შესახებ ყველაზე ადრეული დამოწმება ძვ. წ. II ს-ს განეკუთვნება.




წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები