აერგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ერგ-ი || ა-ირგ-ი || ეირიგ-ი || ერგე (აფხ. Аергь || Аиргь || Еирыгь || Ергье) – სინკრეტული ბუნების პოლიფუნქციური ღვთაება: არის ყაჩაღობისა და ქურდობის მფარველი („ეირიგ-ააცნიხი“, „ჩურგურ-ნიხი“), ზოგჯერ გაიგივებულია მესაქონლეობის, ნადირობისა და ჭექა-ქუხილის ღმერთებთან („ა-მქამგარია", „ა-ჟვეიფშაა“, „ა-ფი“); მის სახელზე ლოცულობდნენ ავადმყოფობისა და მგზავრობის ჟამს; ყოველწლიურად, უპირატესად აღდგომის დღეს სწირავდნენ მოზვერს და ოჯახის კეთილდღეობასა და დაცვას შესთხოვდნენ. აფხაზთა წარმოდგენით, აერგი თეთრ ცხენზე ამხედრებული მეომარი იყო (შდრ. წმ. გიორგი) და ლაშქრობიდან გამარჯვებით დაბრუნებულნი შემდეგი ლოცვით მიმართავდნენ:

„ო, ერგი, მეომართა წინამძღოლო, ვაჟკაცობისა და სიმამაცის მფარველო! მადლობას გწირავთ მტერზე გამარჯვებისთვის; გთხოვთ მომავალშიც ნუ დაგვტოვებ შენი მფარველობის გარეშე“ (ს. ზვანბას მიხედვით).

წარმატებული ლაშქრობისა და ნადირობის შემდეგ, მეხდაცემის, დიდი წვიმებისა თუ გვალვის შემთხვევებში აფხაზები მღეროდნენ ე.წ. „ერგეაშვას“ („სიმღერა აერგზე“). სამურზაყანოს მთიანეთში იყო ამ ღვთაების სახელობის ტბა – „ეგეძაშრა“, სადაც თავად აერგი ბანაობდა და ამიტომაც მწყემსები ტბის წყალში თითსაც არ ჩაყოფდნენ. ღვთაება აერგთან დაკავშირებული იყო ილორის, ააცის, ბალაბურხვას, ჯირხვას სალოცავები. თუ ბზიფის აფხაზეთში ყველაზე ძლიერ ხატად დიდრიფშ ანიფს-ნიხა (დიდრიფშის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი) ითვლებოდა, აბჟუასა და სამურზაყანოში განსაკუთრებული შიში აერგი ილირ-ნიხას (ილორის წმ. გიორგის) მიმართ ჰქონდათ. აბჟუის აფხაზთა რწმენით, ილირ-ნიხა მათი ა-ჯიჯხატის (←მეგრ. „ჯინჯი ხატი“) – ძირი ხატის ფსხუნიხას უფროსი ძმა იყო.

ნართულ გადმოცემათა აფხაზური ვერსია იცნობს აერგების ოჯახს (გვარს), რომელიც ნართებთან მეგობრობს (ხშირად ლაშქრობებს ერთად აწყობენ) და ნათესაური კავშირიც აქვს (სასრიყვას ცოლი აერგების ასულია). გადმოცემის ზოგი ვარიანტით, ცნობილია აერგი რარირა და მისი ცოლი რიმცა, მათი ვაჟიშვილები – რადი და რაში, ქალიშვილი – ხანია; სხვა ვარიანტით აირგების დედა სამკურნალო ბალახების მცნობი მკურნალია (მან მოარჩინა გველნაკბენი ნართი ქეთუანი). ერთი სიტყვით, აერგების ოჯახი ისეთივე მრავალწევრიანია, როგორიც აფხაზური ღვთაების – აჟვეიფშას, ოსური – ვაცილის (წმ. ილიას), უასთირჯის (წმ. გიორგის) და სხვა კავკასიური ღვთაებების ოჯახები. ერთ-ერთი ნართული თქმულების მიხედვით, ძმები აჟვეიფშები ნადირობიდან აერგთა სადიდებელი სიმღერით ბრუნდებიან, რაც, შესაძლოა, აერგთა უპირატესობაზე მიუთითებს. უნდა ითქვას, რომ ნართულ გადმოცემებში, ზღაპრებსა და ხალხურ სიმღერებში აერგი და აჟვეიფშა ხშირად ერთად იხსენიებიან, აქვთ საქორწინო კავშირიც („აერგების ქალიშვილები – აჟვეიფშების რძლები“, – ნათქვამია სიმღერის ერთ-ერთ ტექსტში).

აერგის გარდა აფხაზურ პანთეონში არ არის სხვა ღვთაება, რომელსაც მრავალი ფუნქცია ჰქონდეს შეთავსებული და ამდენად მიახლოებულიც კი იყოს უზენაეს ღმერთთან – ანცვასთან. ამ ღვთაების გენეზისის თაობაზე აფხაზ სპეციალისტთა აზრი ორად არის გაყოფილი: ერთი ნაწილი მას წმ. გიორგისთან მოგვიანებით გაიგივებულ ქრისტიანობამდელ ღვთაებად მიიჩნევს (შ. ძიძარია, შ. ინალიფა, ც. ბჟანია), მეორე კი აერგში ქრისტიანულ წმინდანს ხედავს და მის სახელს "გჲარგ" ფორმიდან მომდინარედ თვლის (ს. ზვანბა, ა. ანშბა). რა თქმა უნდა, აერგი არის "გააფხაზურებული" წმ. გიორგი, თუმცა აფხაზები ქრისტიანობისათვის წამებულ ასეთ წმინდანს (და არც სხვას) არ იცნობდნენ; უშუალო მეზობლებისაგან – მეგრელებისაგან გაცნობილნი იყვნენ, ისიც ნაწილობრივ, მხოლოდ ილორის წმ. გიორგის ხატთან დაკავშირებულ ლეგენდებს. რამდენადაც სამეგრელოში წმ. გიორგის (ჯგერგეს, ჯეგეს) იგივე ფუნქციები ჰქონდა, რაც აფხაზურ ღვთაებას, ვფიქრობთ, რომ აერგის კულტი აფხაზებში მეგრელების მეშვეობით არის დაფუძნებული. თვით ტერმინი "აერგი" მიღებულია არა "გჲარგ" ფორმიდან, არამედ წმ. გიორგის, ეპითეტის გარეშე დამოწმებული, მეგრული სახელიდან „ერგე“, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული სამურზაყანოსა და აბჟუის აფხაზეთშიც. აქვე უნდა ითქვას, მართალია, აფხაზების მეზობლად ყაბარდოსა და შაფსუღებში XIX საუკუნისათვის შემორჩენილი იყო აუში-გერის – წმ. გიორგის თაყვანისცემის კვალი, მაგრამ ვფიქრობ, რომ „გერი“ „ერგესგან“ დამოუკიდებელი ფორმაა.


ლიტერატურა

  • С.Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • Д. И. Гулия. Божества охоты и охотничий язык у абхазов. Сухуми, 1926;
  • Ш.Д. Инал-Ипа. Абхазы. (историко-этнографические очерки). Сух., 1965;
  • Ц.Н. Бжания. Из истории хозяйства и культуры абхазов. Сух., 1973;
  • Л.Х. Акаба. Из мифологии абхазов. Сух., 1976;
  • А.А. Аерг // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • А.А. Аншба. Абхазский фольклор и действительность. Тб., 1982;
  • თ. სახოკია. მოგზაურობანი. გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი. თბ., 1985;
  • ნ. აბაკელია. ქრისტიანული წმინდანები დასავლურ-ქართულ რწმენა-წარმოდგენებში (წმინდა გიორგი) // მაცნე, ისტორიის სერია. თბ., 1985. №3.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები