ავალიშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ავალიშვილი

ავალიშვილი გიორგი - (1767–1850), მწერალი, მთარგმნელი, დრამატურგი, მოგზაური, სახელმწიფო მოღვაწე, ცნობილი ბიბლიოგრაფი და კოლექციონერი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა მეითარ იოანეს ოჯახში. მონათლა გიორგი ბატონიშვილმა (შემდგომში – გიორგი XI). 10 წლის ასაკში დაობლებულ გიორგიზე მზრუნველობა იკისრა დამ, მაიამ, და სიძემ, გარსევან ჭავჭავაძემ. პირველდაწყებითი განათლება ანტონ I-ის მოწაფის, ტრიფილე ჩერქეზიშვილის, და მოგვიანებით გაიოზ რექტორის ხელმძღვანელობით მიიღო. იზრდებოდა სამეფო სახლთან დაახლოებულ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანთა წრეში. ბავშვობიდანვე შეითვისა ქართული ლიტერატურის ტრადიციები და ანტონ I-ის პატრიოტულ-საგანმანათლებლო პრინციპები. 1784 წელს ქართლ-კახეთის მინისტრ-რეზიდენტად დანიშნულმა გ. ჭავჭავაძემ პეტერბურგში წაიყვანა განათლების მისაღებად. მალე ქართული საელჩოს მდივანი გახდა. 1788-1794 წწ. ერეკლე II-ის კარზე მდივნისა (ჰქონდა შესანიშნავი კალიგრაფია) და ბაზიერთუხუცესის მოვალეობებს ასრულებდა. 1791 წელს ერეკლემ გაგზავნა ირანის აზერბაიჯანის ქალაქების „მოსახილველად“, სავარაუდოდ, სპეციალური დავალებით. 1794-1802 წლებში თავდაპირველად, როგორც საელჩოს მდივანი და შემდეგ ელჩი, გ. ჭავჭავაძესთან ერთად მრავალგზის იყო რუსეთში ტრაქტატის პირობების შესრულებისა მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. რუსეთის მიერ სახელმწიფოებრიობის გაუქმებითა და რუსეთის გუბერნიად საქართველოს გამოცხადებით თავზარდაცემული ელჩები მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ - მათ ქვეყნის მოღალატეობაში დასდეს ბრალი. ეს ბრალდება დღეს სავსებით მოხსნილია უამრავი საარქივო მასალის საფუძველზე. ორივენი პატრიოტი მოღვაწეები იყვნენ და „ორმაგი თამაშის“ პოლიტიკით ყველანაირად ცდილობდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. ამ მიზნით ავალიშვილმა თავის დისწულ ა. ჭავჭავაძესთან ერთად 1804 წელს მთიულეთის აჯანყებაშიც კი მიიღო მონაწილეობა, რაც მან, როგორც დიპლომატმა, თავისებურად განუმარტა რუსეთის მთავრობას. ამასვე ადასტურებს მისი პროკლამაციაც, რომელშიც თბილისელ მოქალაქეებს მოუწოდებს აქტიური მოქმედებისკენ „ოქროს საუკუნის“, ანუ დამოუკიდებლობის, აღსადგენად.

შემოქმედება

ავალიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მოიცავს როგორც ორიგინალურ, ისე თარგმნილ საერო და სასულიერო თხზულებებს. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ა. სუმაროკოვის კომედიების მისეული თარგმანები, რომლებიც ერეკლე მეფის კარის თეატრის დასის ძირითად რეპერტუარს შეადგენდა და დღეისათვის დაკარგულია ისევე, როგორც ორიგინალი პიესა „თეიმურაზ მეფე“. ამ პიესებმა მას ქართული დრამატურგიის მამამთავრის სახელი მოუხვეჭა. ავალიშვილის თარგმანები რუსული ენიდან 50 დასახელების ნაწარმოებს აჭარბებს, რომლებიც ეკუთვნის სხვადასხვა ეპოქისა და ლიტერატურის მიმდინარეობის ევროპელ და რუს მწერლებს, ესენი არიან: ფრანგი მწერლები — ჟ. ფლოსიანი („ნუბა პომფილია“, „ღონზალ კორდუანელი“), კ. ლამბერი („ცხოვრება სიცილიელი ქალისა“), ფ. ფენელონი („მოკლე აღწერა ცხოვრებისა ძველთა ფილოსოფოსთა“), ფ. ვოლტერი („ზადიღი ანუ ბედი“, „ხილვალ ბაბუკასი“); გერმანელი მწერლები – ქ. შარსი („მოხუცი ყველგან და არსადა“), ი. ტაულერი (თ-ს ცხოვრებისა და ვნებათა ქრისტე მაცხოვრისათა“), ი. დუში („ელეგია კლეონასი ცინეის მიმართ“); ინგლისელი ჯ. მილტონი („დაკარგული სამოთხე“); ნიდერლანდელი ჰუმანისტი ე. როტერდამელი („ხრისტეანენ, მხედარი ხრისტესი“); ბერძენი რომანისტი ხ. აფროდიელი (გარდასავალი ვერეთ და კალლიროიასი“); ეკლესიის გამოჩენილი მამათაგანი ნეტარი ავგუსტინე („საუბე ფსალმუნი“); რომაელი იმპერატორი და მწერალი მარკუს ავრელიუსი („სწავლა კომოდისადმი“); რუსი მწერლები: თ. ემინი („გზა ცხოვრებისადმი“), მ. ხერასკოვი („პოლიდორ, ძე კადმისი და წარმონიასი“), ა. სერებრენიკოვი („რუსული ორატორიის სახელმძღვანელო“) და სხვ. ავალიშვილის თარგმანები ემსახურებოდა არა მარტო ქართველი ხალხის განათლების დონის ამაღლებას, არამედ ქვეყანაში ევროპული პროგრესული იდეებისა და ლიტეტატურული გემოვნების დამკვიდრებას, ამდენად, იგი ევროპეიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი მთავარი ორიგინალი თხზულებაა „მგზავრობა ტფილისიდან იერუსალიმამდე“, რომელიც მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია და დიდად საინტერესოა ქართული ისტორიული გეოგრაფიის თვალსაზრისითაც. თხზულებაში აშკარად იგრძნობა ავტორის განმანათლებლური სულისკვეთება, სამშობლოში გადმოიტანოს უცხო ქვეყნებში ნანახი სიახლეები. ფასეულია მისი შთაბეჭდილებები ქრისტიანული სიძველეების აღწერის სფეროში, აგრეთვე დაკვირვებები ოსმალთა იმპერიაში შემავალი ხალხების ყოფა-ცხოვრების შესახებ. მისი ლექსთა კრებული „ხმა ცოდვილისა ღმრთისადმი“ გამოიცა თბილისში 1884 წელს.

ავალიშვილი თავისი დროის ცნობილი ბიბლიოფილი და კოლექციონერი იყო. მის ბიბლიოთეკას ამშვენებდა უნიკალური წიგნები და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ბიბლიოთეკიდან წამოღებული უძვირფასესი ხელნაწერები (მას აჩუქეს ბიბლიოთეკის წიგნები, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოიყენა ეს იშვიათი შესაძლებლობა). ავალიშვილს ჰქონდა აგრეთვე ქართველ ემიგრანტთა — მ. ბარათაშვილის, მ. გურამიშვილის, ი. სააკაძის, ლიტერატურული ნაწარმოებები, დ. ბაგრატიონის პირადი არქივი, ი. მურადაშვილის შემოქმედების ნიმუშები, ა. ჭავჭავაძის ლექსთა ნუსხები, ს.ს. ორბელიანის ავტორიზებული ლექსიკონი, ვახტანგ VI-ის გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“, პირადად მის მიერ შედგენილი ანთოლოგიები და კრებულები, საკუთარი თხზულებების ხელნაწერები. თავისი ბიბლიოთეკით უშურველად ასარგებლებდა მოსწავლე-ახალგაზრდობას, ქართული მწერლობით დაინტერესებულ ქართველ თუ უცხოელ მკითხველს. ენის საკითხში გ. ავალიშვილი ანტონ I-ის ერთგული მიმდევარია — მისი ენა მეტად ხელოვნური და ძნელად გასაგებია, რამაც ერთგვარად დააკნინა ავალიშვილის მემკვიდრეობის მნიშვნელობა და შეამცირა შემდგომი თაობების ინტერესი მისი შემოქმედების მიმართ. მიუხედავად ამისა, ავალიშვილის მემკვიდრეობამ თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ქართველი მკითხველი საზოგადოების განათლების დონის ამაღლებასა და საქართველოში ევროპული ლიტერატურული გემოვნების დამკვიდრების საქმეში.

ლ. კიკნაძე

თხზულებები

  • მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1967.
  • ხმა ცოდვილისა ღმრთისადმი : პოემა (ავტორი). - თბილისი, გამოც. ალექსანდრე ეპისკოპოსისა , 1884.

ლიტერატურა

  • კიკნაძე ლ., გიორგი ავალიშვილის ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1993;
  • მეგრელიძე ი., რუსთველოლოგები, თბ., 1970; მეტრეველი ე., გიორგი ავალიშვილი - ბიბლიოფილი და კოლექციონერი, კ. კეკელიძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 1959.

იხილე აგრეთვე

გიორგი ავალიშვილი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები