ავგუსტინე ნეტარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავგუსტინე ნეტარი

ავგუსტინე ავრელიუს - Augustin Aurelius, Августин Аурелиус, 357-430

ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა შუასაუკუნეთა თეოლოგიურ, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ აზროვნებაზე. ავგუსტინეს მსოფლმხედველობრივი მრწამსი ქრისტიანობისკენ მკვერად შემობრუნდა 387 წელს და იგი მოინათლა კიდეც. ამიერიდან მთელი მისი ცხოვრება ეკლესიის სამსახურს მიეძღვნა. თავის მშობლიურ ქალაქ თაგასატაში (ნუმიდია, ახლანდელი ალჟირი) მან ბერების თემი ჩამოაყალიბა, ხუცესად იკურთხა, ხოლო 395 წელს აქვე ეპისკოპოსი გახდა და სიკვდილამდე მღვდელმთავრად იღვაწა.

ავგუსტინეს თანახმად, ყოველგვარი ცოდნა მეორადია რწმენასთან შედარებით. ცოდნისკენ მიმავალი გზა რწმენაზე გადის. ეს ეხება ფსიქოლოგიურ ცოდნასაც, ფსიქიკურ მოვლენათა კვლევას, სულის ცხოვრებაზე დაკვირვებასა და თვითანალიზს, რომლის შესანიშნავი ნიმუში მოცემულია ავგუსტინეს ერთერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებში „აღსარება” . 30 წლამდე მისი შინაგანი სამყარო ღმერთისადმი სიყვარულისა და სხეულებრივი ლტოლვების მძაფრი დაპირისპირებით იყო გამსჭვალული. ეს შინაგანი ამბიდენტობა გასაოცარი გულწრფელობითა და გამჭრიახობით არის გადმოცემული „აღსარებაში” , რომელსაც ყველა მკვლევარი თვითანალიზის შედევრად აღიარებს. ეს ნაშრომი განსაკუთრებულ ინტერესს ფსიქოანალიტიკოსებში იწვევს, რომლებიც მასში თავიანთი მრავალი იდეის დადასტურებას ხედავენ. კერძოდ, ესაა ადამიანის სულში ქვეცნობიერი ლტოლვების არსებობა; ესაა ფსიქიკის არსებითად ანტისოციალური, ეგოისტური ხასიათი, რომელიც, ეგოცენტრიზმის სახით, უკვე ბავშვობაში იჩენს თავს. აქედან გამომდინარე, ავგუსტინეს ხშირად ფსიქოანალიზის წინამორბედად მოიხსენიებენ.

ავგუსტინეს ფსიქოლოგიურ სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერების ფსიქიკური ფუნქციაა. ავგუსტინეს მიხედვით, სწორედ მასშია განთავსებული მთელი ცოდნა და მის მოსაპოვებლად საჭირო არაა სულის გარეთ გასვლა, ბუნების კვლევა - საკმარისია საკუთარი თავის შესწავლა, თვითჩაღრმავება. შემეცნება თვითშემეცნებით ხორციელდება - ეს თეზისი მისი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მოძღვრების ლაიტმოტივია. ჭეშმარიტების გამოგონება კი არ ხდება, არამედ მისი აღმოჩენა საკუთარ გონებაში. აქედან გამომდინარე, სწავლა „გახსენებაა” და ვინაიდან მთელი ცოდნა შინაგანია, სწავლის პროცესიც ამ შინაგანის გამომზეურებაა (ანუ - გაცნობიერება). მასწავლებელი იმაზე მეტს ვერ მოგცემს, რაც შენში იყო. ის მხოლოდ საუკეთესო პირობებს ქმნის სულის სათანადო აქტივობისთვის, რასაც ცოდნის ექსპლიკაცია მოჰყვება (შდრ. ევრისტიკული მეთოდი). ცოდნა და სწავლა იწყება ღმერთით {წინასწარჩანერგილი ცოდნა} და თავდება ღმერთით (მისი შემეცნება). ამ კონცეფციაში ფსიქოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებია გაერთიანებული (შემეცნების პროცესი, მეხსიერება, სწავლა და სწავლება, თანდაყოლილი და შეძენილი). ეს კონცეფცია, არსებითად, პლატონისა და ნეოპლატონიზმის გაგრძელებაა და ქრიასტიანული ღმერთის იდეასთან დაახლოება.

ავგუსტინე იმ მოძღვრების სათავესთან დგას, რომელსაც შემდგომში ვოლუნტარიზმი ეწოდა. ეს ფილოსოფიური მიმართულება მთელი ყოფიერებისა და სულის ცხოვრების საწყისად ნებისყოფას მიიჩნევს. მართლაც, ავგუსტინესთან სინამდვილის შემოქმედი პირველსაწყისი ღვთაებრივი ნებაა. ფსიქოლოგიური კუთხით კი ნებისყოფა ყველა სულიერ ფუნქციაზე მაღლაა. ავტორი იმასაც ამბობს, რომ ადამიანი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მხოლოდ ნებისყოფა. ყოველ შემთხვევაში, ავგუსტინეს მიხედვით, ფსიქიკურ პროცესებს განაგებს არა გონება, როგორც ეს მისი წინამორბედების უმრავლესობას მიაჩნდა, არამედ ნებისყოფა. ნებისყოფა მთელ სულს გამსჭვალავს, ის მთავარი სულიერი ძალაა.

ავგუსტინე კარგად ხედავს ფსიქიკური სამყაროს სიღრმესა და მრავალფეროვნებას და სხვებსაც მოუწოდებს, შემობრუნდნენ საკუთარი სულისკენ: „ადამიანები სამოგზაუროდ მიეშურებიან, რათა მთის მწვერვალებით და ზღვის ზვირთებით დატკბნენ. მათ ხიბლავს ფართო, მჩქეფარე მდინარეები, ოკეანის გაშლილი სივრცეები და ვარსკვლავთა გზები, თავისთავს კი ივიწყებენ და არ აკვირვებთ საკუთარი შინაგანი ცხოვრება” . ადამიანის შინაგან სამყაროზე ასეთმა ინტელექტუალურმა კონცენტრაციამ, არ შეიძლება უკვე თავისთავად არ შეგვძინოს ცოდნა ფსიქიკური მოვლენების შესახებ და, ამდენად, ხელი არ შეუწყოს ფსიქოლოგიის წინსვლას. აქედან გამომდინარე, avgustine, პლატონთან და არისტოტელესთან ერთად, ფსიქოლოგიის ისტორიის დასაწყისის ყველაზე გამოჩენილი მოაზროვნეა.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ავგუსტინეს მიერ დროის ცნების გამოკვლევა. ის ღმერთისადმი ლოცვით იწყება (ღმერთო, დამეხმარე ამ უძნელესი საკითხის გარკვევაშიო) და დროის არსის ინტუიციური აღმოჩენით გვირგვინდება: დრო - სამყაროში მიმდინარე ცვლილებათა ადამიანური საზომია. სამყაროში არავითარი ცვლილება რომ არ ხდებოდეს, არც დრო იარსებებდა. ხოლო ღმერთი, ვითარც მარადიული და უცვლელი, დროის მიღმაა, ზედროულია. დრო ღმერთის მიერ სამყაროს შექმნისთანავე გაჩნდა. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები