აზერბაიჯანის სასაზღვრო ფრონტი (1920 წლის აპრილ-მაისი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აზერბაიჯანის სასაზღვრო ფრონტი, 1920 წლის აპრილ-მაისი - 1920 წლის მაისის ბოლოს, საქართველოს საზღვრებთან შექმნილი რთული ვითარების გამო, შეიქმნა „რესპუბლიკის დაცვის საბჭო“. ამავე დროს თბილისის, თელავის სიღნაღის, ბორჩალოს, ახალციხის, ახალქალაქის, გორის, დუშეთისა და თიანეთის მაზრებში გამოცხადდა სამხედრო წესები. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა გენერალი გ.კვინიტაძე.

27 აპრილს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ სამხედრო მოქმედებები დაიწყო აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის წინააღმდეგ. 28 აპრილს საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა ბაქოში, ხოლო 1 მაისს წითელი არმიის ნაწილები განჯაში შევიდნენ.

აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა იმავეს გაკეთება საქართველოშიც მოისურვეს და უკვე 1 მაისს მოხდა პირველი სამხედრო შეტაკებები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. 2 და 3 მაისს ბრძოლები მიმდინარეობდა წითელი და ფოილოს ხიდების რაიონებში. 4 მაისს მოწინააღმდეგემ სცადა, ალყაში მოექცია ფოილოს ხიდთან მყოფი ქართული შენაერთები, თუმცა ამ უკანასკნელთა მიერ ტაქტიკური უკან დახევის გამო, ჩანაფიქრი ვერ შეასრულა. ს. ორჯონიკიძე მოსკოვში უპატაკებდა, რომ ყველაფერი კარგად მიდის და არაუგვიანეს 12 მაისისა ის თბილისში იქნება. საბჭოთა ქვედანაყოფების შეტევის შესაჩერებლად ქართული მხარე იძულებული გახდა, 5 მაისს ფოილოს სარკინიგზო ხიდი აეფეთქებინა. ამის შემდეგ ფოილოს ხიდის რაიონში მხოლოდ პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა.

მეტად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა წითელი ხიდის მიდამოებშიც. მართალია, ქართული შენაერთები უკან იხევდნენ, მაგრამ მტერი მაინც ვერ ახერხებდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას.

იმ დროს, როდესაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ბრძოლები მიდიოდა, მოსკოვში მოლაპარაკებებს აწარმოებდა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი გ.ურატაძე. ამ მომენტისთვის საბჭოთა რუსეთი რთულ ვითარებაში იმყოფებოდა, რადგან მარცხს მარცხზე განიცდიდა დასავლეთის ფრონტზე პოლონეთთან მიმდინარე ომში. 6 მაისს პოლონელებმა კიევი დაიკავეს. ამავე დროს სამხედრო მოქმედებები გაააქტიურა ყირიმში მყოფმა ბარონმა ვრანგელმაც. შექმნილ ვითარებაში საბჭოთა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ უკეთესია საქართველოსთან ხელშეკრულების დადება, რაც მოხდა კიდეც 7 მაისს.

მიუხედავად მოსკოვში დადებული შეთანხმებისა, ბრძოლა არ შეწყვეტილა. 8 და 9 მაისს მოწინააღმდეგემ შეძლო ბობკარისა (ბაბაკი - არის) და ტარსის სიმაღლეების დაკავება და 4-5 ვერსის მანძილზე შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე წითელი ხიდის რაიონში. ამავე პერიოდში თავდასხმა მოხდა ლაგოდეხის რაიონში განლაგებულ ქართულ სასაზღვრო საგუშაგოზეც.

საქართველოს სხვა საზღვრებზე და ასევე ქვეყნის შიგნით შექმნილი რთული ვითარების გამო დაგვიანდა დამატებითი სამხედრო შენაერთების მობილიზაცია და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გაგზავნა. მხოლოდ 9 და 10 მაისს მივიდნენ ახალი ბატალიონები სადგურ სანდარაში (მარნეულის მახლობლად), საიდანაც უკვე საკუთარი სვლით დაიძრნენ ფრონტის ხაზისკენ. ამავე დროს, ფრონტის ხაზზე მყოფმა სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონმა, სამეგრელოსა და კახეთის ბატალიონებმა, ცხენოსანი დივიზიონის დახმარებით, მოწინააღმდეგეზე იერიში მიიტანეს და უკან დაახევინეს. ქართული შენაერთების წინააღმდეგ მოქმედებდა საბჭოთა რუსეთის ორი პოლკი და საბჭოთა აზერბაჯანის რამდენიმე რაზმი.

11 მაისს შეტევაში უკვე ფრონტზე წინა დღით ჩამოსული ქვედანაყოფებიც ჩაერთვნენ. იერიში ორ კოლონად განხორციელდა. მარცხენა ფრთა, რომელსაც მეთაურობდა საგანგებო რაზმის უფროსი პოლკოვნიკი ვანო ცომაია, წითელი ხიდის მიმართულებით უტევდა. მარჯვენა ფრთა კი, პოლკოვნიკ გოგი ხიმშიაშვილის ხელმძღვანელობით, სადახლოდან დაიძრა. მას ტარსის მთა - ბაბაკიარის ქედი - სოფელი ასლანბეგის მიმართულებით უნდა ემოძრავა. მათ ბაბაკიარის ქედს მიაღწიეს და რამდენიმე სიმაღლეც დაიკავეს. ბრძოლაში მონაწილეობდა ორი ქართული თვითმფრინავიც, რომელიც მოწინააღმდეგეს ბომბებს უშენდა. მიღწეული წარმატების შემდეგ მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, ფრონტზე მყოფი შენაერთები გენერალ ა. ჯიჯიხიას დაუქვემდებარა და თავად თბილისში დაბრუნდა. მთავრსარდლის ჩანაფიქრით, ეს 17 ქვედანაყოფები მხოლოდ მეწინავე ნაწილს წარმოადგენდა და ძირითადი საბრძოლო ოპერაციები ფრონტის ხაზზე მოგვიანებით გადასროლილ შენაერთებს უნდა ეწარმოებინათ.

12 მაისს, გამთენიისას, 3 საათზე შეტევა გაგრძელდა. 5 საათისთვის მარცხენა კოლონამ დაიკავა წითელი ხიდი და სტრატეგიული სიმაღლეები, აიღო სოფელი შიხალო. ამავე დროს მარჯვენა კოლონამ სრულად დაიკავა ბაბაკიარის ქედის სიმაღლეები. შეტევაში მონაწილეობდნენ გვარდიის იმერეთის, კახეთისა და თბილისის ბატალიონები, რომელთაც ეხმარებოდა ცხენოსანი დივიზიონი. მოწინააღმდეგემ უკან დაიხია, კავალერია ცდილობდა, უკანდახეულები დაეცვა. სამწუხაროდ, ქართულ შეიარაღებულ ძალებს არ ჰყავდათ საკმარისი შენაერთები იმისთვის, რომ უკანდახეული მტრისთვის მარჯვენა ფლანგიდან მოევლოთ და სრულად გაენადგურებინათ. შუადღისათვის ქართველების ჯავშანმატარებელმა ფოილოს ხიდთან ძლიერი ცეცხლი გაუხსნა მოწინააღმდეგეს.

13 მაისისთვის მოწინააღმდეგე მდინარე ინჯასუს მარჯვენა ნაპირზე არსებულ სიმაღლეებზე იყო გამაგრებული. ქართულმა შენაერთებმა, და ეს ძირითადად კვლავ სახალხო გვარდიის ბატალიონები იყო, მტერს შეუტიეს. მოწინააღმდეგის მხრიდან ბრძოლაში ჩაება აქამდე რეზერვში მყოფი დასვენებული შენაერთები. ქართულმა ქვედანაყოფებმა დაიკავეს კაიმახლუს მთის სიმაღლეები. შევიდნენ სოფლებში: ზედა და ქვედა კამარლუ. დღის ბოლოსთვის ქართველების მარჯვენა კოლონის მარცხენა ფრთა სოფელ ასლანბეგში შევიდა. კოლონის ცენტრისა და მარჯვენა ფრთის ნაწილები კი აბეგის ქედიდან 6-7 ვერსის დაშორებაზე იმყოფებოდნენ.

14 მაისს, მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში მონაწილე დანაყოფები უკვე დაღლილი იყო, რეზერვიც ჩამორჩა და აღალიც, მაინც გადაწყდა შეტევის გაგრძელება. მოწინააღმდეგე იძულებული გახდა, უკან დაეხია და ქართულმა შენაერთებმა აბეგის ქედის სიმაღლეები დაიკავეს. ქართული შენაერთები უკვე 20-25 ვერსის მანძილზე იყვნენ შეჭრილი საბჭოთა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

15 მაისს, შუადღისას, მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გახსნა ქართული პოზიციების მიმართულებით. საღამოსთვის სროლა კიდევ უფრო გახშირდა. 15-დან 16 მაისის ღამეს სამტრედიის ბატალიონის ერთმა ჯგუფმა მოწინააღმდეგის შეტევა ვერ შეამჩნია და სტრატეგიული სიმაღლე დაკარგა მარჯვენა ფრთაზე. სამტრედიელთა უკან დახევამ სხვა შენაერთებშიც პანიკა გამოიწვია. ქვედანაყოფებმა პოზიციები მიატოვეს და უკან დახევა დაიწყეს. კომუნიკაციის თითქმის არარსებობამ, გარკვეულმა გაუგებრობამ და შეუთანხმებლობამ ის გამოიწვია, რომ მთელი ღამის მანძილზე ქართული შენაერთები უკან დახევას განაგრძობდნენ. მათი შეჩერება და კვლავ საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა მხოლოდ 16 მაისს მოხერხდა, როდესაც უკანდახეულებმა წითელ ხიდს მიაღწიეს. აქ გენერალმა ჯიჯიხიამ ხელახლა დაიწყო მათი დაწყობა. ამ დროისთვის ფრონტზე ჩამოვიდნენ მთავარსა რდალი გენერალი კვინიტაძე და სახალხო გვარდიის შტაბის უფროსივ. ჯუღელი.

17 მაისს ქართულმა შენაერთებმა კვლავ დაიწყეს წინსვლა. მთავარსარდლის განკარგულებით შექმნილი იყო ოთხი საიერიშო კოლონა:

  • პოლკოვნიკ ჩხეიძის - სადახლოდან აღმოსავლეთით, კერპილთან;
  • გენერალ ჯიჯიხიასი - წითელი ხიდის აღმოსავლეთით;
  • გენერალ გედევანიშვილის - სალოღლისთან ფოილოს ხიდის მიმართულებით;
  • გენერალ სუმბათაშვილის - ლაგოდეხთან.

მთელი ამ ძალების 4/5 თავმოყრილი იყო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადახლოს ზოლიდან წითელ ხიდამდე. ქართული სარდლობა საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა აზერბაიჯანის შენაერთების წინააღმდეგ დიდი შეტევის დაწყებას აპირებდა.

18 მაისს თბილისიდან მთავრობის თავმჯდომარის განკარგულება მოვიდა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ამიტომ მთავრსარდალმაც შეტევა აღარ დაიწყო.

26 მაისს საქართველოსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის დროებითი ზავი დაიდო. საზავო ხელშეკრულება კი 12 ივნისს გაფორმდა.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • ზ. დათიაშვილი, „წერილები ფრონტიდან“, გაზ. „ერთობა“ 1920,№127,131,139,140,144;
  • ა. ზაქარიაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, თბ.,ტ. IV, 2003;
  • გ. კვინიტაძე, მოგონებები, ტ. I, თ ბ., 2014;
  • ა. ჩხეიძე, სამხედრო სკოლა, ჟურ. მხედარი, 1991, №1-4;
  • В. Джугели, Тяжолый крест (Записки народного гвардейца), Тф.,1920;
  • А. Кадишев, Интервенция и гражданская война в закавквзии 1960, М.;
  • М. Трас кунов, Героический боевой путь 11-ой армии на фронтах Гражданской войны, Тб., 1958 г.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები