აზნაური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აზნაური - ფეოდალური საზოგადოების დაწინაურებული ფენის წარმომადგენელი. თავდაპირველად ძველ ქართულ ნათარგმნ ლიტერატურაში (ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში) „აზნაური“ და „აზნაურებაჲ“ თავისუფალს და თავისუფლებას ნიშნავდა. კორინთელთა მიმართ მე-2 ეპისტ.: „სადა სული უფლისა, მუნ აზნაურება არს“ (თავი 2, 17). „აზნაურება“ ბერძნული „ელევთერიას“ თარგმანს წარმოადგენდა და ა.შ. შესაბამისად, „შუშანიკის წამებაში“ (ახ. წ. V ს.) „აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი“ შესაძლებელია გავიგოთ, როგორც თავისუფალ და არათავისუფალ ქართლის მკვიდრთა მნიშვნელობითაც. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ტერმინი „აზნაურნი დიდ-დიდნი“ თავისთავად ჩვეულებრივი აზნაურის არსებობასაც გულისხმობს. ამრიგად, აზნაური V ს-ში უკვე წოდების აღმნიშვნელი ტერმინი უნდა ყოფილიყო. IX-XIII სს. აზნაურის სტატუსმა თანდათან სახე იცვალა და სხვადასხვაგვარად ჩამოყალიბდა. გიორგი მერჩულის თხზულება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ გვიჩვენებს, რომ გაბრიელ დაფანჩული, რომელიც იყო დიდებული აზნაური აშოტ კურაპალატისა, მეფის წინაშე დამსახურებითაც ყოფილა გამორჩეული აზნაურთა შორის. „დიდებული აზნაური“ დიდი მამულისა და მრავალრიცხოვან ყმათა მფლობელი იყო; მას საკუთარი ციხეც ჰქონდა. ამდენად, „დიდებული აზნაური“ და „ციხოვანი“ ანუ „ციხის უფალი აზნაური“ თითქმის ერთი და იგივე იყო. იყვნენ აგრეთვე „უცხონი აზნაურნი“ - საშუალო და წვრილი აზნაურობა. ზოგი იყო „ნათესავით აზნაური“ ანუ ჩამომავლობით აზნაური და არა მეფის წყალობით აღზევებული. ჩამომავლობით აზნაური იყო სწორედ „გუარიანი“, მისი წოდებრივი ღირსება გვარის აზნაურობას ეფუძნებოდა და მხოლოდ გვარიშვილობით ჰქონდა აზნაურობა მიღებული. IX-X სს-ში პოლიტიკურ ცხოვრებასა და ბრძოლაში აზნაურთა წოდების მაღალი წრე აქტიურად იყო ჩართული, ხოლო XI-XIII სს-ში მხოლოდ დიდებულები და წარჩინებულები წყვეტდნენ ქვეყნის ბედს. თავადთა ხელში პოლიტიკური ძალაუფლების გადასვლის შემდეგ აზნაურთა წოდება შედარებით დაკნინდა, თუმცა XVI-XVII სს-დან აზნაურობას თანდათან ჩამოუყალიბდა მყარი ურთიერთობები სამეფო სახლთან, ეკლესიასა და თავადებთან. სამეფო აზნაურები მეტი პრივილეგიებით სარგებლობდნენ, ვიდრე საეკლესიო და სათავადო აზნაურები. ხშირ შემთხვევაში მცირემამულიანობის ან უმამულობის გამო ისინი იძულებულნი იყვნენ მსხვილ საეკლესიო თუ საერო მიწისმფლობელთა მფარველობისათვის მიემართათ. აზნაურები სამ ხარისხად იყოფოდნენ, უმთავრესად, მამულის სიდიდისა და ყმათა რიცხვის მიხედვით, ნაწილობრივ კი - შთამომავლობის მიხედვითაც. სისხლის ფასის მხრივ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი იცნობს დიდ (ანუ გადიდებულს), შუასა და ცალმხრივ აზნაურს, პირველის სისხლს აფასებს 192, მეორისას - 96, მესამისას - 48 თუმნად.

ჩამომავლობასა და წოდებრივი ღირსების გარდა, საქართველოში პირად ღვაწლსა და დამსახურებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. როდესაც ადამიანი პირადი ღირსებით „საჩინოჲ კაცი“, „განთქმული და საჩინო კაცი“ იყო, მისი წოდება მაღლდებოდა, ხოლო „სამსახური“ შესაფერისად ჯილდოვდებოდა. მაშინ ის მარტო „გუარიანი“ კი აღარ იყო, არამედ მას და მის ოჯახს „მსახურეული სახლის“ სახელგანთქმულობაც ემატებოდა, იგი „დიდად საპატიო და ნამსახური“ და „საპატიო აზნაურიშვილი“ ხდებოდა. ყმა-გლეხსაც შეეძლო თავისი დამსახურებით დაწინაურება. იგი არა უბრალო ყმა, არამედ „ვარგი" და საცნაური აზნაურის ყმა ხდებოდა. საყურადღებოა, რომ სვანურში „ვარგ“ აზნაურსაც კი ნიშნავს.

იმ ფაქტს, რომ პირადი ღირსებითა და მსახურებით შეიძლებოდა დაწინაურება და გადასვლა დაბალი წოდებიდან უფრო მაღალი წოდების საფეხურზე, ჯუანშერის სიტყვებიც ამტკიცებს: არჩილმა თავისი ტაძრეულნი „აზნაურ ყუნა“. წოდებრივ ამაღლებას „აღზევება“, ხოლო დაწინაურებულებს აღზევებული ეწოდებოდა.

სამეფო აზნაური

მეფის უშუალო ვასალი ფეოდალი შუა საუკუნეების საქართველოში. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში სამეფო აზნაურებში შედიოდნენ მთლიანად ფეოდალური კლასის წარმომადგენლები, XI ს-დან - მისი დაბალი წოდების წარმომადგენლები. სამეფო აზნაურები რაოდენობრივად აღემატებოდნენ საეკლესიო და სათავადო აზნაურებს. სამეფო აზნაურების სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა მეფის სიძლიერესა და მთლიანად ქვეყნის მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. სამეფო აზნაურს დაწინაურების უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, ვიდრე სათავადო და საეკლესიო აზნაურს. ზოგიერთი სამეფო აზნაური XVII-XVIII სს-ში თავისი სიძლიერით თავადს არ ჩამოუვარდებოდა (სააკაძე, შანშიაშვილი, გაბაშვილი, თურქისტანიშვილი, ყორღანაშვილი და ა.შ.). ერეკლე II-მ საკმაოდ გააფართოვა სამეფო აზნაურთა წრე. 1783 წლის ტრაქტატზე დართული სიის თანახმად, იმდროინდელ ქართლში იყო 82 სამეფო აზნაურის სახლი, ხოლო კახეთში - 36 აზნაური. რუსეთთან შეერთების შემდეგ საქართველოს სამეფო აზნაურები ჩაირიცხნენ სახაზინო უწყებაში და თავადებთან ერთად რუსეთის „დვორიანსტვოს“ გაუთანაბრდნენ.



წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები