ათანასე ამილახვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათანასე ამილახვარი - (დაახლ. 1705 - 09.06.1774, ქ. მოსკოვი), საეკლესიო მოღვაწე, დიპლომატი, მესტამბე, თბილელი მიტროპოლიტი.

ათანასეს (მისი ერისკაცობის სახელი უცნობია) მამა იყო ქართლის დიდი თავადი ავთანდილ ამილახვარი, დეკანოზი წმ. პოლიევქტოს კარბელაშვილი მეუფე ათანასეს შესახებ წერდა: „ათანასი ამილახვარი იყო ძმისწული და აღზრდილი ნიკოლოზ კათალიკოზისა. ჯერეთ მთავარდიაკონი ათანასი გაჰყვა რუსეთში ვახტანგ VI -ს. ასტრახანში აკურთხეს არქიმანდრიტად. სამშობლოში მოსულს ებოძა ეპისკოპოსობა რუისისა (1733-1749), ხოლო 1740-1752 წწ. - ტფილისის მიტროპოლიტობა. რუსეთში წავიდა 15 კაცით დესპანად და იქვე დარჩა. 1761 წ. 21 დეკემბრიდან შეუდგა ქართულ სტამბის საქმეს მოსკოვში (პრესნაზედ) და აღბეჭდა მრავალი საეკლესიო წიგნი: დავითნი, ლოცვანი, ჟამნი, სამოციქულო, სახარება, ქართული ანბანი და სხვ. ამ საქმეში ეხმარებოდნენ: მელქისედეკ კავკასიძე, დიმიტრი ციციშვილი (ბიძაშვილი დედით), ევგენ ამილახვარი. აღბეჭდა მრავლად ოდიკი — ყვითელ ატლასზედ და ტილოზედ. სტამბამ იმუშავა 1769 წლამდე“.

ათანასეს ოჯახი აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს პოლიტიკურ და საეკლესიო ცხოვრებაში. პატარა ათანასე ყრმობიდანვე აღსაზრდელად მიაბარეს შიომღვიმის მონასტერში, სადაც მან საფუძვლიანი საერო და სასულიერო განათლება მიიღო. სავარაუდოდ, აქვე აღიკვეცა ბერად და დიაკვნად ეკურთხა.

1724 წ. ქართლის მეფე ვახტანგ VI დიდი ამალით რუსეთში გადაიხვეწა. ამალაში იყო ბერ-დიაკონი ათანასე თავის ძმასთან ერთად. ასტრახანში მეფის ბრძანებით იგი მღვდლად აკურთხეს და შემდეგ არქიმანდრიტობა უბოძეს. ამ ხარისხით მან 9 წელიწადი გაატარა რუსეთში.

1733 წ.ათანასე სამშობლოში დაბრუნდა. აქ იგი კათოლიკოსმა ბესარიონმა (1724-1737) მროველ ეპისკოპოსად აკურთხა. 1740 წ. 8 მაისს ათანასეს თხოვნის საფუძველზე კათოლიკოსმა დომენტიმ (1705-1724, 1737-1741) პირადად მას და იმ დროიდან რუისის კათედრის მესაჭეებს მიტროპოლიტობა მიანიჭა. იმავე წლის 7 ივლისს ათანასე თბილელად დაადგინეს. ამ კათედრაზე ათანასე 12 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. მისი თბილელობის პერიოდში ქვეყანაში შედარებითი მშვიდობა სუფევდა და ათანასემ შექმნილ ხელსაყრელ პირობებში სამწყსო გააძლიერა და ეკონომიკურად დააწინაურა — გამოიხსნა თბილისის სიონის დაგირავებული მამულები და შეიძინა ახალი ქონება. ამავე დროს ზრუნავდა საყდრის წიგნსაცავის შევსებაზე.

ქართლ-კახეთის საზოგადოება დიდ ყურადღებას აქცევდა სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხს. თეიმურაზ II-ის ქართლში გამეფებას ქართლის თავადთა ერთი ნაწილი უკანონოდ მიიჩნევდა, რადგან თეიმურაზი ბაგრატიონთა კახური შტოს წარმომადგენელი იყო, მაშინ, როდესაც ქართლის სამეფო შტოს (მუხრანული შტო) მემკვიდრენი ცოცხლები იყვნენ. თეიმურაზის ლეგიტიმურ უფლებებს, მართალია, აძლიერებდა მისი ქორწინება ვახტანგ VI-ის ასულ თამარზე, მაგრამ დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებს ადვილად შეეძლოთ, ამოჰფარებოდნენ ტახტის პრეტენდენტ ბატონიშვილებს. ერთ-ერთი ასეთი ბატონიშვილი იყო იესე მეფის ძე აბდულა-ბეგი (ქრისტ. სახელი - არჩილი). თეიმურაზმა ქართლში გამეფების შემდეგ აბდულა-ბეგს საბატონიშვილოდ სამშვილდე მისცა. 1747 წ. თეიმურაზ II ნადირ-შაჰის ბრძანებით, ირანში გაემგაზავრა და ქართლის გამგებლობა ბატონიშვილ ერეკლესთან ერთად აბდულა-ბეგს ჩააბარა.

აბდულა-ბეგმა დრო იხელთა და ქართლის ტახტზე თავისი პრეტენზიები გამოაცხადა. ერეკლემ საქმის მშვიდობიანად მოგვარება სცადა და აბდულა-ბეგს მოციქულად ათანასე მიუგზავნა. გამაჰმადიანებულ ბატონიშვილზე ქრისტიანი მღვდელმთავრის შეპირებამ საბატონიშვილო მამულის „სარჩომად“ დატოვებაზე მაშინ, როდესაც აბდულა-ბეგს ქართლის მეფობა ეწადა, დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. „ქართლი ჩემია და კახეთი შენი, შენ იმას დასჯერედი, მე ქართლი დამანებე,“- ასეთი პასუხით გამოუშვა ათანასე აჯანყებულმა ბატონიშვილმა ერეკლესთან.

ირანიდან დაბრუნების შემდეგ თეიმურაზ II-ის პოლიტილური ორიენტაცია მკვეთრად გადაიხარა რუსეთისაკენ. 1752 წ. 30 მაისს თეიმურაზ II-მ პეტერბურგში ელჩობა გაგზავნა იმპერატორ ელისაბედ პეტრეს ასულთან. ელჩობის ხელმძღვანელი იყო ათანასე, კახეთიდან მას გააყოლეს თავადი სიმონ მაყაშვილი. წასვლის წინ ათანასემ სათბილელო საქმეები და საყდრის მთელი ქონება გადააბარა მის ნაცვლად კათედრაზე არჩეულ ქრისტეფორეს (მანამდე - მროველს).

რუსეთში ჩასვლისთანავე ათანასე ვიცე-კანცლერ მ. ვორონცოვთან გამოცხადდა და გადასცა ქართველ მეფეთა წერილები და ზეპირი დანაბარები. პასუხის მოლოდინში ათანასე უზრუნველად ცხოვრობდა ვახტანგის ამალის წევრის, თავისი გარდაცვლილი ძმის, ოჯახში. ელჩობაში გამოუცდელმა ათანასემ ელჩობის მიზნები გააცნო თავის ძმისწულს, „ნადვორნი სოვეტნიკს“, ეგორ (გიორგი) ამილახვაროვს, ამ უკანასკნელმა კი — ქართველი ემიგრაციის სხვა წევრებს. ემიგრანტი ქართველები ზედმეტად ჩაერივნენ ათანასეს საელჩო მისიაში და შეეცადნენ ქართლის ბაგრატიონების სასარგებლოდ მის გამოყენებას. თავისი ძმისწულის ჩაგონებით, ათანასე გამოცხადდა არა კანცლერ ბესტუჟევ-რიუმინთან, როგორც ეს თეიმურაზმა და ერეკლემ დაავალეს, არამედ ქართლის ბაგრატიონების გულშემატკივარ ვიცე-კანცლერ მ. ვორონცოვთან. მ. ვორონცოვმა ელისაბედ II-ს მოხსენებითი ბარათით აცნობა, რომ ქართველი ელჩები მიიღო, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა. როგორც ჩანს, ათანასეც საკმაოდ დაბნეულა და ორი წელიწადი სრულ უმოქმედობაში გაუტარებია. თავისი ნათესავების სახით იგი ქართველ ემიგრანტთა იმ წრეში აღმოჩნდა, რომლებიც, რამდენადაც შეეძლოთ, კახი ბაგრატიონის, თეიმურაზ II-ის, ქართლში მეფობას უთხრიდნენ ძირს. სანამ ათანასე საქმის ვითარებაში ბოლომდე გაერკვეოდა, დიდი დრო გავიდა. მისი უმოქმედობით შეწუხებულმა მეორე ელჩმა, - სვიმონ მაყაშვილმა, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაიგო, რომ ათანასეს კანცლერისათვის არც კი გადაუცია თეიმურაზისა და ერეკლეს გამოგზავნილი წერილი. ამ ამბავმა სიმონ მაყაშვილი იმდენად აღაშფოთა, რომ საქმე სერიოზულ კონფლიქტამდე მივიდა. ქართველ ელჩების ერთმანეთთან უსიამოვნების ამბავმა რუსულ უმაღლეს ხელისუფლებამდეც მიაღწია.

ს. მაყაშვილი იძულებული გახდა, მეფეთა სიტყვიერი დავალებანი და ათანასესთან კონფლიქტის მიზეზები მოხსენების სახით წარედგინა ბესტუჟევ-რიუმინისათვის, რომელმაც შემდეგში ქართლ-კახეთის მეფეთა მისამართით შედგენილი პასუხი სწორედ ამ მოხსენების საფუძველზე შეადგინა. ამის საპასუხოდ ათანასემ ქართველი მეფეები დაარწმუნა თავის ერთგულებაში და იმაში, რომ ს. მაყაშვილი ხელს უშლიდა ეფექტიან საქმიანობაში. ს. მაყაშვილმა მეფეებისაგან საყვედურით სავსე წერილი მიიღო.

ათანასე გრძნობდა, რომ საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში თავის წარუმატებელ ელჩობას ს. მაყაშვილს ვეღარ გადააბრალებდა და ამიტომ აყოვნებდა გამგზავრებას. 1755 წ. ივნისის ბოლოს, პეტერბურგიდან გამომგზავრების წინ, ათანასემ ავადმყოფობის საბაბით მოსკოვში დარჩენის ნება ითხოვა. მას დროებით გაუგრძელეს მოსკოვში ყოფნის ვადა. იმავე წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა კოლეგიამ სინოდისაგან მიიღო მომართვა, რომ ათანასე ჯანმრთელობის გაუარესების გამო რუსეთში სამუდამოდ დარჩენას ითხოვდა. კოლეგიამ ათანასეს ქართველი მეფეებს ნებართვა მოსთხოვა. უცნობია, ითხოვა ათანასემ ეს ნებართვა თუ არა, მაგრამ 1755 წ. 25 ნოემბრით დათარიღებულ მიმართვაში ქართველი მეფეები მას დაუყოვნებლივ გამომგზავრებას სთხოვდნენ. მიუხედავად ამისა, ათანასემ მაინც მოახერხა რუსეთში სამუდამოდ დარჩენა.

წარუმატებელი დიპლომატის საქმიანობა უფრო ნაყოფიერი გამოდგა ქართული წიგნის ბეჭდვა-გამოცემის საქმეში. 1761-1762 წწ. წმ. სინოდის ნებართვით, ათანასემ იმერეთის ეპისკოპოს ფილიმონისა და ქართველთა ახალშენის ახალგაზრდა მოღვაწეების დახმარებით მოსკოვში ქართული სტამბა გამართა. ქართული წიგნების გამოცემაში დახმარებისათვის ათანასეს მიუმართავს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიისათვის. აკადემიის ხელმძღვანელობას აღუთქვამს შემწეობა. 1764 წ. ივნისში ათანასემ მოსკოვის ჯვართამაღლების მონასტერში დაიწყო მღვდელმსახურება, სადაც მიღებული შემოსავლით ააშენა 4 სენაკი, სადაც სტამბა გადაიტანა. ამ სტამბაში დაიბეჭდა: „სამოციქულო“, „დავითნი“, „ლოცვანი“, „ჟამნი“ და სამი ანბანი: ლათ. ბერძნ. და რუს. ქართ. ეკლესიებისათვის ათანასე ბეჭდავდა წმინდანთა სურათებს, დაფარნებს, ოდიკებს, საამისოდ იგი რუსულ სტამბასაც იყენებდა. მან პირველმა დაიწყო ქართულად ნაბეჭდ წიგნებზე ტირაჟის აღნიშვნა.

1767 წ. ათანასემ სამთავისის - საკათედრო ტაძარს შესწირა ვერცხლის ბარძიმი, რომელზედაც არის მხედრული მინაწერი: „სახსენებელად შესწირავს ამას თვისით გაწყობილი იესო, რომელი შეიწირე მსხვერპლად სახსრად სოფლისა და შეიწირები... შეიწირე ესეცა... 1767 წ. ტფილისის მიტროპოლიტი ათანასი, თავადი ამილახოროვი, სამკვიდროსა თვისსა საებისკოპოზოსა სამთავისისა ეკლესიასა ქრისტეს ამაღლებისასა“. 1768 წ. ათანასე იმავე საყდარს სწირავს ქართულ ოდიკს: „ბრძანებითა... იმპერატრიცა ეკატირინა ალექსანდრესითა და კურთხევითა... სინოდისათა... იკურთხა უსამღვდელოესის ათანასი თფილელ მიტროპოლიტის მიერ, დასაბამითგან 6276 წ., შობითგან ქრისტესით 1768 წ., ინდიკტიონსა: ა: იანვარს 2 დღესა“. საყურადღებოა, რომ ათანასე აქაც, როგორც მის მიერ დაბეჭდილ წიგნებში, არ იხსენიებს არც ქართველ მეფეებს და არც კათოლიკოსს.

პლატონ იოსელიანი თავის თბილ. სიძველეთა აღწერაში აღნიშნავს: „1769 წლის 20 ოქტომბერს მიტროპოლიტი ათანასე თხოვნით მიმართავს წმინდა სინოდს, რომ კათოლიკოსი ანტონ ითხოვდა მოსკოვიდან წმინდა მირონის გამოგზავნას, რადგან საყოველთაო არეულობის გამო საბერძნეთიდან გაძნელდა მისი შემოტანა. სინოდმა გამოგზავნა 442 თუნგი ათანასის ხელწერილით. ეს იყო პირველი შემთხვევა რუსეთიდან მირონის შემოტანის. 5 წლის შემდეგ საქართველოში ვითარება ცოტა დაწყნარდა და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხარშულ იქნა წმინდა მირონი მეფისა და მთელი სამეფო კარის თანდასწრებით. ეს იყო ბოლო მირონის მოხარშვა ქართულ ეკლესიაში“.

ეკატერინე II-ის რუსეთის სამეფო ტახტზე ასვლას აღწერს უცნობი ქართველი თვითმხილველი მღვდელმთავრის წერილი, რომელსაც თ. ჟორდანია ათანასეს მიაწერს. დავით ბატონიშვილის მიხედვით, „მიტროპოლიტი ათანასე მსახურობდა კრემლის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში. ბოლოს ცხოვრობდა მოსკოვის ჯვართამაღლების მონასტერში. გარდაიცვალა 1774 წლის 9 ივნისს. დაკრძალულია დონის მონასტერში“.

ათანასეს ანდერძის თანახმად, მისი ქონების ნახევარი ქართლ-კახეთის მეფეს გაეგზავნა, მეორე ნახევარი — იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერსა და იერუსალიმის აღდგომის ტაძარს.

ა. ბაქრაძე
გ. მაჩურიშვილი

ლიტერატურა

  • გუგუშვილი პ., ქართული წიგნი, 1629-1929, ტფ., 1929;
  • კარიჭაშვილი დ., ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია, ტფ., 1922;
  • ჟორდანია თ., მთავარეპისკოპოსი იოსებ სამებელი, ქართული სტამბის საქმე XVIII საუკუნეში, „ივერია“, 1884, #2-3;
  • სიხარულიძე ფ., ათანასე თბილელის გამომცემლობა მოსკოვში, „მეცნიერება და ტექნიკა“, 1979, #10;
  • ცინცაძე ი., ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში (1752-1757), „საისტორიო მოამბე“, 1952, ტ. 6;
  • ჭიჭინაძე ზ., ვახტანგ VI და სხვათა შრომა ქართული სტამბის წინაშე, ტფ., 1916.


Logo1.JPG ათანასე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები