ათანასია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სქემიღუმენია ათანასია (სალაყაია)

ათანასია - (სალაყაია აღათი, 1847/48 ქუთაისის გუბერნია, სენაკის მაზრა, სოფელი თეკლათი, – 5.04.1903, თეკლათის დედათა მონასტერი) სქემიღუმენია, XIX საუკუნის II ნახევრის ქართველი მონაზვნობის თვალსაჩინო მოღვაწე, თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღვარი (1878-1903).

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბი აზნაურის, სეხი სალაყაიას, ოჯახში. დედა ადრე გარდაეცვალა და წვრილშვილით დარჩენილმა მამამ პატარა აღათი სამეგრელოს ერთ-ერთი თავადიშვილის ოჯახს მიაბარა აღსაზრდელად, სადაც მან წერა-კითხვა შეისწავლა. აღათის სიყრმიდანვე სურდა ღვთის მსახურებას შესდგომოდა, მაგრამ 16 წლის ასაკში, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მამამ გაათხოვა. ერთი წლის თავზე მამაც და მეუღლეც გარდაიცვალნენ, რის შემდეგაც აღათიმ გადაწყვიტა მონასტერში წასვლა, მაგრამ საერო ცხოვრების დატოვება მისთვის ადვილი არ აღმოჩნდა. რამდენიმე წელი მღელვარებასა და გულისთქმათა ჭიდილში გაატარა. ორჭოფობის ამ მძიმე პერიოდში მას სულიერად ამხნევებდნენ და მონაზვნობისკენ მოუწოდებდნენ სულიერებით გამორჩეული სასულიერო პირები – მონაზონი სალომე (თავდგირიძე) და მეუდაბნოე ბერი სქემმონაზონი ონისიფორე (ფაჩულია).

1867 წელს აღათი სენაკის მაზრის სოფელ ზედა თეკლათში (ახლანდელი სოფელი მენჯი) „მთავარანგელოზთა კუნძულზე“ მდებარე დედათა სავანეში მივიდა, რომლის წინამძღვარი და დამაარსებელი იყო მონაზონი სალომე (თავდგირიძე). სავანეში მისვლისთანავე აღათი მოშურნეობით გამოირჩეოდა და წინამძღვარს დიდ სულიერ თანადგომას უწევდა, რის გამოც მრავალი სასწაულის მხილველი და მონაწილე გახდა.

გარკვეული ხნის მკაცრი მონაზვნური ცხოვრების შემდეგ აღათიმ განიზრახა განმარტოებით ეღვაწა ერთ- ერთ დასთან ერთად, რისთვისაც შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყო. სავანიდან ორიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარე მთაზე მან წმ. გიორგის ძველი ბაზილიკა აღმოაჩინა, ადგილი მოეწონა, წმ. გიორგის პარაკლისი გადაიხადა და სამოღვაწეოდ აქ დაბინავება გადაწყვიტა.

აღათი სალაყაიამ რჩევისათვის მეუდაბნოე ბერ ონისიფორეს (ფაჩულია) მიმართა, რომელმაც განმარტოებით მოღვაწეობაზე კურთხევა არ მისცა, ურჩია დედა სალომესთვის ეკითხა და მისი დარიგებისამებრ ემოქმედა. არც დედა სალომემ ურჩია აღათის განმარტოება და სავანესთან განშორება. წინამძღვარმა თავად მოინახულა ეს ადგილი, მოეწონა იგი და დედათა მთელი კრებულის ახალ ადგილზე გადმოყვანა გადაწყვიტა.

იმერეთის ეპისკოპოსმა, წმ. გაბრიელმა (ქიქოძე), სამეგრელოში მოგზაურობისას პირადად ინახულა ორივე ადგილი და მისი ლოცვა-კურთხევით 1873 წ. დედათა სავანემ „მთავარანგელოზთა კუნძულიდან“ ახალ ადგილზე გადაინაცვლა, სწორედ იქ, სადაც ამჟამად თეკლათის დედათა მონასტერი მდებარეობს.

თეკლათის სავანე

1878 წელს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსმა დედა სალომე (თავდგირიძე) მღვიმევის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანა და იმავე წლის 2 მაისს თეკლათის სავანის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად მორჩილი აღათი დანიშნა. იმ დროისათვის დედათა დასი, აღათის ჩათვლით, 8 წევრისაგან შედგებოდა.

დების რაოდენობა აღათი სალაყაიას მოღვაწეობის წყალობით თანდათან იზრდებოდა და, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა და ხშირად შიმშილისაც, ყველა თავგანწირვით შრომობდა. ისინი თავიანთი სახსრებით სენაკებს აშენებდნენ, სამშენებლო მასალას ეზიდებოდნენ, დაუღალავი შრომის შემდეგ კი ღამეს სენაკების მშენებლობის დასრულებამდე ტაძარში ათევდნენ. დღესასწაულებზე და შაბათ-კვირაობით ლობიო და მჭადი იყო მათი საზრდო: სადაგ დღეებში კი თითო მცირე მჭადითა და წყლით კმაყოფილდებოდნენ, ამასაც ღვთის წყალობად მიიჩნევდნენ.

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის შუამდგომლობით 1883 წლის 23 ოქტომბერს წმ. სინოდმა თავისი განჩინებით თეკლათის სავანეს ზოგადსაცხოვრებელი კრებულის სტატუსი მიანიჭა და წლიურად 860 მან. გამოუყო. ამავე განჩინებით სავანეს გადაეცა ცაიშისა და ქვემო თეკლათის გაუქმებული მამათა მონასტრების მიწები.

დების რიცხვმა ამ დროისათვის 40-ს მიაღწია. დედა სალომე თავდგირიძის მიერ აღდგენილი ბაზილიკა მათთვის უკვე მცირე იყო, თანაც სიძველის გამო იშლებოდა, ამიტომ წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის რჩევით მორჩილმა აღათიმ ახალი ტაძრის აგება გადაწყვიტა. მისი თხოვნით მშენებლობისთვის სახსრების მოძიების საქმეში სავანეს დიდი დახმარება გაუწია წმ. გაბრიელ ეპისკოპოსმა, რომელმაც 1885 წელს გელათის მონასტრის ორ მღვდელ-მონაზონს — ამბერკისა და მაკარის - იმერეთში შეწირულობათა შეგროვება დაავალა. ერთი წლის განმავლობაში მათ 7000 მან. შეაგროვეს. წმ. გაბრიელის კურთხევით 1887 წლამმდე შეწირულობებს აგროვებდა ასევე თეკლათის მონასტრის დიდი მოამაგე მედავითნე გიორგი (ბაკურაძე), რომელიც 1887 წელს მღვდლად აკურთხეს და სავანის შტატიან მოძღვრად დაინიშნა. აღათის დავალებით თანხებს აგროვებდნენ ასევე თეკლათელი მონაზვნები – გულქანი და მაია.

1885 წ. 13 სექტემბერს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის კურთხევითა და დედათა კრებულის სურვილით თეკლათის სავანის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად კვლავ აღათი სალაყაია დაინიშნა.

თეკლათის მონასტრის აღორძინების საქმეში წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის დამსახურებათა შორის აღსანიშნავია ქართულ ენაზე მისი ხელით გადაწერილი (და, შესაძლოა, რუსულიდან თარგმნილიც) წმ. სინოდის მიერ 1845 წ. დეკემბერში გამოცემული დედათა მონასტრების წესდება. ტექსტში ერთი მუხლი წმ. გაბრიელის მიერ საკუთრივ თეკლათის სავანისთვის არის დამატებული. დანამატის შინაარსიდან ჩანს, რომ წესდება თეკლათელ დედებს წმ. გაბრიელმა აღათი სალაყაიას წინამძღვრობის პერიოდში გადასცა.

1885 წელს სამეგრელო-გურიის მხარე გამოეყო იმერეთის ეპარქიას და ახალი გურია-სამეგრელოს ეპარქია დაარსდა, რომლის მმართველადაც ახლად ნაკურთხი ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი) დაადგინეს. იგი მალევე ეწვია თეკლათის სავანეს, ახალი ტაძრისთვის ადგილი შეარჩია და დედებმა შეგროვებული ფულით მშენებლობა დაიწყეს. მღვდელმთავრის კურთხევით მორჩილი აღათის მიერ შეწირულობათა შეგროვება გრძელდებოდა.

1886 წლის 4 აგვისტოს აღათი სალაყაია ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მამათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ათანასია ეწოდა.

ტაძრის მშენებლობის დასრულებისათვის დედებს ფული დააკლდათ, რის გამოც დახმარებისთვის გრიგოლ ეპისკოპოსს მიმართეს. იგი თავად მობრძანდა სავანეში, 560 მან. პირადი შემოსავლიდან შესწირა და მშენებლობაც მალე დასრულდა.

1888 წ. საქართველოში მყოფმა იმპერატორმა ალექსანდრე III-მ თეკლათის მონასტერს შესწირა ღვთისმშობლის შობის ხატი შესაბამისი ვერცხლის წარწერით. ხატი დღესაც მონასტერშია დაბრძანებული, ხოლო ვერცხლის ფირფიტა 1923 წ., მონასტრის დარბევის დროს, დაიკარგა.

ახალი ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელზე იყო აგებული. ეს იყო საკმაოდ დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკა, რომლის დასავლეთ მხარეს მიშენებული ჰქონდა სამიარუსიანი სამრეკლო. ტაძარი 1889 წლის 1 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) მრავალი სასულიერო პირის თანხლებით აკურთხა. საზეიმო მსახურების შემდეგ მეუფემ ქადაგება წარმოთქვა, რომელშიც, სხვათა შორის, მოუწოდა მონაზვნებს, ეზრუნათ თავიანთი კუთხის ახალგაზრდა ასულთა განათლებაზე, შემოეკრიბათ ისინი და ესწავლებინათ მათთვის ლოცვები, საღმრთო სჯული, ხელსაქმე და ა.შ. საზეიმო ტრაპეზზე მოწვეულმა საზოგადოებამ მონასტრისთვის შეწირულობა გაიღო. მათ შორის – დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ ახალ ტაძარს კანკელის ხატების შეწირვა აღუთქვა, რაც მალე განახორციელა კიდეც.

ეპისკოპოს გრიგოლის ქადაგებას, რომელიც ლოცვა-კურთხევად იყო აღქმული, უკვალოდ არ ჩაუვლია. ათანასიას კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა, მით უფრო, XIX საუკუნის 80-იან წლებში როცა იმპერიის რუსიფიკატორული პოლიტიკის გამკაცრების გამო სამეგრელოში განსაკუთრებით მწვავედ დადგა ქართული ენის სწავლებისა და გადარჩენის საკითხი. ამიტომ თეკლათის სავანის წინამძღვარი დიდი შემართებით შეუდგა ეპისკოპოს გრიგოლის იდეის განხორციელებას და განიზრახა მონასტერთან ქალთა ორწლიანი სკოლის დაარსება. ამ მიზნით თეკლათელი დედები და სავანესთან დაახლოებული პირები წლების განმავლობაში აგროვებდნენ შეწირულობას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გადმოცემის თანახმად, მონაზვნებს მანჯურიამდეც კი მიუღწევიათ. შეწირულობათა შეგროვების საქმეში განსაკუთრებით იღვაწეს თეკლათის სავანის ეკონომოსმა დედა აღათი ცომაიამ და მონაზვნებმა: კესარია ბარკალაიამ და ნატალიამ (გვარი უცნობია), მღვდელ-მონაზონმა ალექსი ჭანტურიამ და სხვ.

დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუ როდის შეუდგა ათანასია თანხის შეგროვებას, მაგრამ შემორჩენილია მისი 1894 წლის 23 აგვისტოთი დათარიღებული წერილი იმჟამინდელი გორის ეპისკოპოს წმ. ალექსანდრესადმი (ოქროპირიძე), რომელშიც იგი აცნობებს მღვდელმთავარს სკოლის დაარსების განზრახვას და სთხოვს, რომ მფარველობა გაუწიოს მის მიერ აღმოსავლეთ საქართველოში ფულის შესაგროვებლად გაგზავნილ ორ მონაზონს — აღათისა და კესარიას.

1890 წელს გულით დაავადებულმა ღირსმა ალექსი მღვდელ-მონაზონმა (შუშანია) ეპისკოპოს გრიგოლის (დადიანი) კურთხევით სამუდამოდ დატოვა ხობის მამათა მონასტერი და სამკურნალოდ დროებით თეკლათის დედათა მონასტერში დამკვიდრდა, სადაც უკვე რამდენიმე წელი მონაზვნობდნენ მისი დედა და დები. აქ მან დაახლოებით ორი წელიწადი დაყო.

1897 წელს თეკლათის სავანეს - დედათა მონასტრის სტატუსი მიენიჭა (მანამდე სავანე მხოლოდ ზოგადსაცხოვრებელ კრებულად ითვლებოდა).

1898 წელს დასრულდა სკოლისთვის განკუთვნილი დროებითი ხის შენობის აგება. იმავე წლის 14 ოქტომბერს მონასტერში გურია-სამეგრელოს ეპარქიის ახალდანიშნული მღვდელმთავარი წმ. ალექსანდრე (ოქროპირიძე) მიბრძანდა. ჩასვლის დღეს მან წირვა აღავლინა, შემდეგ შენობა აკურთხა და ფოთიდან ჩამოყვანილ ხუროთმოძღვართან ერთად პირადად შეარჩია ადგილი სკოლის მომავალი კაპიტალური შენობისათვის, რომლის ასაშენებლად, იმდროინდელი პერიოდული გამოცემების ცნობით, დაახლოებით 8000 მანეთამდე იყო საჭირო.

1898 წლის 17 დეკემბერს ათანასია იღუმენიის ხარისხში აღიყვანეს და თეკლათის მონასტრის წინამძღვრად დაამტკიცეს. მისი იღუმენიის ხარისხში აყვანის გამო გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი) შუამდგომლობას აღძრავდა ჯერ კიდევ 1890 წლიდან. მან 1894 წლის ჩათვლით არაერთხელ მიმართა ამ საკითხის თაობაზე ეგზარქოსსა და საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას. 1894 წელს 27 სექტემბერს სინოდალურმა კანტორამ საპასუხო წერილით მეუფე გრიგოლს აცნობა, რომ ათანასიას იღუმენიის ხარისხში აღყვანა ჯერჯერობით შეუძლებელი იყო, ვინაიდან ამ ხარისხში ყოფნა მხოლოდ მონასტრის სტატუსის მქონე სავანის წინამძღვრისთვის იყო შესაძლებელი, თეკლათის სავანეს კი ეს სტატუსი არ გააჩნდა.

სკოლის დროებითი შენობის კურთხევის შემდეგ ათანასია შეუდგა კაპიტალური შენობის მშენებლობას, რისთვისაც კვლავ განაგრძობდა შეწირულობათა შეგროვებას.

1899 წლის 2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოგზაურობისას თეკლათის დედათა მონასტერს ეწვია საქართველოს ეგზარქოსი ფლაბიანე (გოროდეცკი, 18981901), გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს წმ. ალექსანდრესა და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად.

თეკლათის მონასტერის ქალთა სკოლა

1900 წ. 20 იანვრიდან წმ. ალექსანდრე ეპისკოპოსის კურთხევით თეკლათის მონასტერში სკოლის ახალი შენობის მშენებლობის მეურვეობა დაევალა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მეთვალყურეს, არქიმანდრიტ გიორგი ალადაშვილს (შემდგომში – გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი). იმდროინდელი წყაროების ცნობით, მშენებლობა ათანასიას წინამძღვრობის პერიოდშივე დასრულდა, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. სკოლის ორსართულიან შენობაში განთავსებული იყო წმ. გიორგისა და წმ. მოციქულთა სწორი ნინოს ტაძრებიც. სკოლაში ისწავლებოდა ქართული ენა, მათემატიკა, ისტორია, საეკლესიო გალობა, ხელსაქმე (ქარგვა, ჭრა-კერვა) და ა.შ.)

ათანასიას დროს სავანის გარშემო აშენდა ქვის გალავანი, ეზოში დაიგო ქვაფენილი.

საქართველოს ორი დიდი წმინდანის, ალექსანდრე ეპისკოპოსისა (ოქროპირიძე) და ღირსი ალექსი სენაკელის (შუშანია), ეპისტოლური მემკვიდრეობიდან ვგებულობთ, რომ XIX საუკუნის მიწურულს თეკლათის მონასტერში დედების რაოდენობამ 80-ს მიაღწია.

1902 წელს ათანასია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა. ამავე წელს მონასტრის ქალთა სკოლას სარევიზიო კომისია ეწვია, რომელმაც ათანასიას უახლოეს მომავალში სკოლის ოთხწლიან სასწავლებლად გადაკეთება აღუთქვა. 1903 წლის იანვრიდან კი სკოლის შესანახად მონასტერს წლიურად 2000 მან. დაუნიშნეს.

ათანასიას სგარდაცვალება

1903 წლის 5 აპრილს, აღდგომის წინა დღეს, ჯერ კიდევ მხნე ათანასია სამი დღის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. სიკვდილი მორჩილის ტრაგიკულმა შეცდომამ გამოიწვია, რომელმაც წამლის ნაცვლად იღუმენიას კარბოლის მჟავა დაალევინა. თეკლათის დედათა მონასტრისადმი მიძღვნილ თხზულებაში - „წინამძღვარი დედა ათანასია და თეკლათის დედათა მონასტერი“- სავარაუდო ავტორი ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია) ათანასიას გარდაცვალებაზე საუბრისას მას დიდსქემოსნად მოიხსენიებს, თუმცა დიდ სქემაში მისი აღკვეცის თარიღი უცნობია.

ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს მონასტრის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს წმ. ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ნებართვით ათანასიას ნეშტი მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში სამხრეთ კარიბჭესთან მდებარე სვეტთან (ამ ადგილზე ადრე წმ. გიორგის მცირე დარბაზული ეკლესია იყო) დაკრძალეს. ანდერძის მიხედვით, ათანასია ჭილოფში გახვეული მიაბარეს მიწას. დაკრძალვის დღეს საღვთო ლიტურგია და წესის აგება მრავალ სასულიერო პირთან ერთად თავად ყოვლადუსამღვდელოესმა წმ. ალექსანდრემ აღასრულა. აღსანიშნავია, რომ მსახურებაში მონაწილეობა მიიღო ასევე თეკლათის დედათა მონასტრის დიდმა მოამაგემ და ათანასიას სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა ალექსი სენაკელმა, რომელიც დაყუდების ღვაწლს აღასრულებდა და, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სენაკიდან არსად გადიოდა. წირვის შემდეგ სიტყვა წარმოთქვა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მეთვალყურის თანაშემწემ, მღვდელ-მონაზონმა დავითმა (კაჭახიძე). წესის აგების შემდეგ დამსწრეთ სიტყვით მიმართა წმ. ალექსანდრე ეპისკოპოსმა, რომელიც გამოთხოვების დროს ცრემლებს ვერ იკავებდა. თვითმხილველთა გადმოცემით, მასთან ერთად მთელი ტაძარი ცხარედ დასტიროდა ღვაწლმოსილი იღუმენიის ცხედარს.

1903 წლის 29 აპრილს თეკლათის მონასტერს ეწვია საქართველოს ეგზარქოსი ალექსი (ოპოცკი), რომელმაც ათანასიას საფლავზე პანაშვიდი გადაიხადა.

ათანასიადმი მიძღვნილ ვრცელ გამოსათხოვარ წერილში მისი ღვაწლის წარმოჩენასთან ერთად აღნიშნული იყო, რომ მრავალი ადამიანი იღუმენიასთან შეხვედრის შემდეგ განცვიფრებული აღნიშნავდა მის დიდ გონიერებასა და ენერგიას, რომელიც ათანასიას ყოველ მოქმედებაში ვლინდებოდა.

ათანასიას სამწერლობო მემკვიდრეობა

ათანასიას სამწერლობო მემკვიდრეობიდან გამოქვეყნებულია „სიტყვა დედისა ათანასიასი, თქმული თეკლათის დედათა მონასტრის დებთა მიმართ“ და ლექსი „საღმრთო სიტყვანი, ლექსად დაწერილი დედა ათანასიასაგან“. აღსანიშნავია ასევე მენჯის მთავარანგელოზთა სავანის არქივში აღმოჩენილი ათანასიას და ღირსი ალექსი სენაკელის ერთმანეთისადმი ლექსად დაწერილი დღემდე გამოუქვეყნებელი წერილები, რომლებიც 1899-1903 წლებით თარიღდება. მიმოწერიდან ირკვევა, რომ ათანასიას განსაკუთრებული სულიერი და, როგორც თავად აღნიშნავს, დაძმური სიახლოვე ჰქონდა ღირს ალექსისთან, რომელმაც თეკლათის მონასტრის სულიერ და მატერიალურ აღმშენებლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ერთ-ერთ წერილში იღუმენია აღნიშნავს, რომ მათი ასეთი ურთიერთობა უკვე 30 წელი გრძელდებოდა. მიმოწერიდან ასევე ცხადი ხდება, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ათანასიას სულიერი მოძღვარი სწორედ წმ. ალექსი ბერი იყო.

ქართული მონაზვნური ცხოვრების ორი ღირსეული და თვალსაჩინო მოღვაწის სულიერ სიახლოვეს ადასტურებს ასევე ორი თხზულება — ერთი პოეტური, მეორე პროზაული — რომლებიც დედა ათანასიასა და თეკლათის მონასტერს ეძღვნება. ესენია: ღირსი ალექსის მიერ დაწერილი ლექსი „1870 წლიდან, მორჩილობის დროს მამა ალექსისგან თქმული თეკლათის დედათა მონასტრის შესახებ“ და „წინამძღვარი დედა ათანასია და თეკლათის დედათა მონასტერი“, რომლის ავტორი უცნობია, მაგრამ სტილისა და ენობრივი თავისებურებების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი ავტორიც ღირსი ალექსი სენაკელია.

უნდა აღინიშნოს ასევე ათანასიას სულიერი სიახლოვე მეორე დიდ მოღვაწესთან, მეუდაბნოე, განდეგილ ბერთან, სქემმონაზონ ონისიფორესთან (ფაჩულია). ღირსი ალექსი (შუშანია) ათანასიას მის მეგობრად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მამა ონისიფორე მომავალ იღუმენიას ჯერ კიდევ მონასტერში მისვლამდე როგორც სიტყვით, ისე წერილობით მოძღვრავდა.

მამა ონისიფორემ გარდაცვალებამდე (1903 წ. 20 მაისი) დაახლოებით ორი თვე თეკლათის დედათა მონასტერში გაატარა. იგი მძიმედ იყო დასნეულებული და ღირსი ალექსის კურთხევით უდაბნოდან დედათა მონასტერში წამოიყვანეს, მისი მოვლა და მსახურება ათანასიამ ითავა. ალექსი ბერი მოგვითხრობს, რომ ათანასია მონასტრის დებთან ერთად სიხარულით უვლიდა მამა ონისიფორეს, მაგრამ ტრაგიკული შემთხვევის გამო თვითონ მასზე ადრე გარდაიცვალა.

თეკლათის მონასტერი იყო სამეგრელოში პირველი და იმ დროისათვის ერთადერთი დედათა მონასტერი, რომლის აღმშენებლობა და სულიერი აღორძინება სწორედ ათანასიას სახელთან არის დაკავშირებული. მისი მოღვაწეობა ქართული სამონაზვნო სკოლის ორი დიდი წარმომადგენლის – ღირსი ალექსი სენაკელისა (შუშანია) და მეუდაბნოე ბერის, ონისიფორეს (ფაჩულია) — სულიერი გავლენითა და შემწეობით წარიმართა. მათი ლოცვითა და ათანასიას წინამძღვრობით თეკლათის მონასტერში აღიზარდა მონაზონთა გამორჩეული თაობა. გასაბჭოების შემდეგ დაწყებული დევნა თეკლათელ დედებსაც შეეხო, მაგრამ ათეისტურმა ხელისუფლებამ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, მათ მონასტერი ვერ დაატოვებინა. დედებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს სავანე და სამონაზვნო ღვაწლსა და ლოცვას ფარულად აღასრულებდნენ. მათი თავგანწირული ღვაწლის შედეგად თეკლათის დედათა მონასტერი მთელი XX საუკუნის განმავლობაში განაგრძობდა არსებობას და არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე აღუზარდა საქართველოს ეკლესიას.

მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები