ათენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ათენი. აკროპოლისი, ნიკეს ტაძარი
ათენი. აკროპოლისი, ერეხთეიონი
ათენი. აკროპოლისი, საერთო ხედი
ათენის სტადიონი, სადაც მოეწყო პირველი ოლიმპიური თამაშები

ათენი(ბერძნ.) ქალაქ-სახელმწიფო (პოლისი) ატიკაში, შუა საბერძნეთში, მონათმფლობელური დემოკრატიის კლასიკური ნიმუში, რომელიც წამყვან როლს ასრულებდა ძველი საბერძნეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, ანტიკური პერიოდის სამხედრო ხელოვნების განვითარებაში; ძლიერების მწვერვალს მიაღწია ძვ.წ. V საუკუნეში. ატიკის მთავარი ქალაქი. დღეს საბერძნეთის დედაქალაქი.

ათენი მთაგორიან ადგილას იყო გაშენებული ზღვიდან 5 კილომეტრის, ხოლო საპორტო ქალაქ პირეოსიდან 8 კილომეტრის დაშორებით. ქალაქის ცენტრში მდებარეობდა ზღვის დონიდან 156 მეტრის სიმაღლის ბორცვი, რომელსაც აკროპოლისი ეწოდებოდა.

ათენი ჯერ კიდევ მიკენურ ეპოქაში სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა. ატიკის გაერთიანება და მისი მოქცევა ათენის განმგებლობის ქვეშ მიეწერება ლეგენდარულ მეფე თესევსს. შესაბამისად, თავდაპირველად ათენს განაგებდნენ მეფეები, რომელთაგანაც უპირველესი იყო კეკროპსი. მას შემდეგ ათენში სახელმწიფო წყობა მრავალგზის შეიცვალა. ქალაქის დიდება დემოკრატიული ათენის ლიდერის, პერიკლესის ეპოქასთან არის დაკავშირებული. მან ბერძენ-სპარსელთა ომების დროს დანგრეული ქალაქის აღსადგენად და დასამშვენებლად თავისი დროის სახელოვანი ხუროთმოძღვრები, მხატვრები, მოქანდაკეები და მეცნიერები მოიხმო. მართალია, მათი შემოქმედება ნანგრევებად და ლეგენდებად შემორჩა, მაგრამ დღესაც მნახველთა აღფრთოვანებას იწვევს.

ათენის მთელი კლასიკური ღირსშესანიშნაობანი თავმოყრილია აკროპოლისზე. იქ მისაღწევად ფართო კიბეს უნდა ავუყვეთ შესასვლელისკენ, რომელსაც პროპილაია ეწოდება. გზად, მარჯვნივ, სპეციალურად ამოყვანილ ბასტიონზე, ათენა – ნიკეს პატარა ტაძარია შემოდგმული, მარცხნივ მდებარეობს შენობა, რომელიც, შესაძლოა, პინაკოთეკა ანუ სურათების გალერეა ყოფილიყო. გასცდებოდა თუ არა შემსვლელი პროპილაიას, ეზოში იხილავდა ათენა – პრომაქოსის („წინმებრძოლის“) დიდებულ ქანდაკებას, რომელიც სპილოს ძვლითა და ოქროთი ჰქონდა ნაკეთი სახელოვან ფიდიასს. ათენას ხელთ ეპყრა შუბი, რომლის ბუნიკის ელვარებას შუა ზღვიდან ამჩნევდნენ ათენისაკენ მომავალი მეხომალდენი. აკროპოლისის ძირითადი ნაგებობა, პართენონი, შესასვლელიდან მიმავალი გზის მარჯვნივ მდებარეობს, მარცხნივ კი პატარა, მაგრამ მშვენიერი ტაძარი, ერეხთეიონია აღმართული.

გარდა ამ ძირითადი ძეგლებისა, აკროპოლისის პლატოზე შეფენილი იყო სხვადასხვა დანიშნულების მქონე ნაგებობებიც. მათ შორის მნიშვნელოვანია ე.წ. პერიკლესის ოდეონი, რომელიც მუსიკალური სანახაობებისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ოდეონი ებჯინებოდა დიონისე ელევთეროსის ტემენოსს, ანუ საკულტო ადგილს, სადაც მდებარეობდა საკულტო დანიშნულების რამდენიმე ნაგებობა. უმთავრესი მათ შორის იყო დიონისეს გრანდიოზული თეატრი. თეატრის დასავლეთით, ზედა ტერასაზე გადიოდა პერიპატოსი, დაახლოებით 5 მეტრის სიგანის გზა, რომელიც მთელ აკროპოლისს უვლიდა გარშემო. მის ზემოთ მდებარეობდა მკურნალობის ღვთაების, ასკლეპიოსის წმინდა ადგილი სახელწოდებით ასკლეპიონი, რომელიც ნაგებობათა მთელ კომპლექსს მოიცავდა.

თეატრის დასავლეთით, პერიპატოსის ქვეშ, მოგვიანებით (ძვ.წ. 197–159 წ.წ.) ააგეს 163 მეტრი სიგრძის სტოა – სვეტებიანი, გადახურული გალერეა, რომლის ერთი ბოლო დიონისეს თეატრს, ხოლო მეორე ოდეონს ებჯინება. ეს ოდეონი ახ.წ. II საუკუნეშია აგებული ჰეროდეს ატიკუსის მიერ და 6000 მაყურებლისათვის განკუთვნილი ამფითეატრით თანამედროვე ათენის უმთავრეს თეატრალურ ნაგებობას წარმოადგენს. იქ იმართება საბერძნეთის ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრალური და მუსიკალური ფესტივალები.

აკროპოლისის დასავლეთით მდებარეობს კლდოვანი ბორცვი, არეოპაგოსი (ანუ არეოპაგი, „არესის ბორცვი“), სადაც წარჩინებულნი სათათბიროდ იკრიბებოდნენ. აქედან სამხრეთ-დასავლეთით მუზათა ბორცვია, რომელიც მნიშვნელოვანი ყოფილა სტრატეგიული თვალსაზრისით. დასავლეთით კი – პნიქსის ბორცვია, სადაც ათენის სახალხო კრებები (ეკლესია) იმართებოდა.

ათენი. აკროპოლისი, პართენონი

ათენის ვაკე ადგილთა ცენტრში განლაგებული ყოფილა აგორა, ქალაქის მთავარი მოედანი, რომელსაც არაერთი ტაძარი ამშვენებდა. მათგან შემორჩა მხოლოდ ჰეფესტიონი. აგორაზე საკმაოდ მრავალი სტოა ყოფილა. ეს არის შენობათა ტიპი, რომელსაც ერთ მხარეს სვეტები გასდევს, მეორე მხარეს კი – ყრუ კედელი. სტოას სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა, დაწყებული უბრალოდ გასასვლელი დერეფნიდან, დასრულებული ვაჭრობის, საგანმანათლებლო თუ საკულტო დაწესებულებით. აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს მოქალაქეები და საუბრობდნენ. სწორედ ამ სტოაში იკრიბებოდნენ სოკრატე და მისი მეგობრები და ფილოსოფიურ საკითხებზე მსჯელობდნენ. საქვეყნოდ ყოფილა განთქმული სტოა პოიკილე (ჭრელი სტოა), სადაც გამოფენდნენ ხოლმე ფერწერულ შედევრებს. აგორაზე მდებარეობდა სახელმწიფო დაწესებულებებიც. მათ შორის: ბულევტერიონი ანუ საქალაქო საბჭო. თოლოსი ანუ მრგვალი სახლი, სადაც 50 პრიტანი ყოველდღიურად იკრიბებოდა სახელმწიფოს ხარჯზე. ოდეონი, ათასკაციანი საკონცერტო დარბაზი. ბაზარი, სადაც მუდამ გაცხოველებული ვაჭრობა იყო გაჩაღებული. წყაროთა სახლი. ჰელიაია ანუ სახალხო სასამართლო ნაგებობა, ბიბლიოთეკა, გიმნასიონი და სხვა. აგორას კვეთდა ე.წ. პანათენური ქუჩა, რომელიც მიემართებოდა დიპილონიდან აკროპოლისისაკენ.

ქალაქის გალავნის ჩრდილო-დასავლეთით განლაგებული ყოფილა წმინდა დიპილონის კარიბჭეები. აგრეთვე ე.წ. კერამეიკონი, თავისი ცნობილი სამარხების ქუჩით. ამ კერამეიკონთან თავს იყრიდნენ ის გზები, რომლებიც ელევსინიდან, პირეოსიდან და ბეოტიიდან მოემართებოდნენ და აღწევდნენ იმ აკადემოსის ჭალამდე, სადაც პლატონს ფილოსოფიური სკოლა, აკადემია, დაუარსებია.

აღსანიშნავია გალავნის შიგნით მდებარე ოლიმპიელი ზევსის წმინდა ადგილი, ოლიმპეიონი, რომლის მთავარმა ნაგებობამ, ზევსის ტაძრის გრანდიოზული ნანგრევების სახით მოაღწია ჩვენამდე. გალავნის გარეთ კი, ოდნავ მოშორებით, მდებარეობდა სტადიონი, სადაც იმართებოდა ჯერ პანათენური ასპარეზობები, რომაელთა ბატონობის ეპოქაში კი – სისხლიანი შერკინებები გარეულ ცხოველებთან. ახლა იქ ოლიმპიური შეჯიბრებების ჩასატარებლად იკრიბებიან სახელოვანი სპორტსმენები.

ასეთი იყო ათენი, ძველი საბერძნეთის სულიერი ცხოვრების ცენტრი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები