ათინაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათინაგ-ი / ცირღისან-ი (ოს. Атынæг / цыргъисæн) – ტერმინი Атынæг-ი, ვ. აბაევის აზრით, მომდინარეობს კვირაცხოვლობის ანუ თომას კვირის ქართული სახელწოდებიდან — ათენაგანი.

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში იერუსალიმური კანონარის შემოსვლისა და სომხური გავლენის საფუძველზე IV საუკუნის სებასტიის ეპისკოპოსის წმ. მღვდელმოწამე ათინოგენის კულტი დამკვიდრდა. ათინოგენობა, რომელიც დიდი დღესასწაული იყო და ლიტურგიკული წელიწადის ორი მნიშვნელოვანი პერიოდის გამყოფად გვევლინებოდა, განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნებოდა. მან გადაფარა წმინდანის თაყვანისცემა და ყოფაში დღესასწაულის ფორმით დარჩა. სპეციალისტების აზრით, აღნიშნული დღეობა ძველია და კავკასიის ხალხებში — ოსებში, ქართველ მთიელებში, ადიღეელებში, ინგუშებში და სხვ. მცენარეულ კულტს უკავშირდება. ლ. ჩიბიროვი თვლის, რომ ტერმინ „ათინაგის“ გავრცელებამდე ოსებში იგი „ცირღისანის“ სახელით იყო ცნობილი და ზაფხულის მზებუდობას (сæды хурхæтæн) ემთხვეოდა.

მცენარეულ კულტთან დაკავშირებული ნაყოფიერების მფარველი ღვთაება, რომელზედაც დამოკიდებული იყო ბალახის სიუხვე და თიბვის დროს კარგი ამინდი. ოსურ სამიწათმოქმედო კალენდარში ღვთაება ათინაგის ამავე სახელწოდების საერთო სასოფლო დღესასწაული თიბვის დაწყების წინ ივლისის თვეში იმართებოდა. სადღეობო სუფრას მხოლოდ მცენარეული და რძის პროდუქტების კერძებით აწყობდნენ. დღეობაზე უხუცესები დანიშნავდნენ სათიბში გასვლის დღეს; მანამდე აღნიშნული სამუშაოს შესრულება ყველას ეკრძალებოდა; ტრადიციის დამრღვევს თემის სასარგებლოდ აჯარიმებდნენ (ერთი ან ორი ხარით) ან ბოიკოტს უცხადებდნენ. დანიშნულ დღეს უამინდობის შემთხვევაშიც კი უნდა გასულიყვნენ სათიბად, რათა თიბვაზე დაწესებული აკრძალვა მოხსნილიყო. შეიძლება ითქვას, რომ პირველი დღე ფაქტიურად რიტუალური თიბვის დღე იყო.

ათინაგის დღეობას სხვანაირად ცირღისანი [цыргъ – „ბასრი“, айсын – „აღება“, ე. ი. „ბასრის (ცელის) აღება“] ერქვა. დიგორის ხეობაში იგი კვირა დღეს იცოდნენ, ხოლო სათიბად ორშაბათს გადიოდნენ. ზოგიერთ სოფელში სათიბად კოლექტიურ გასვლას წინ უსწრებდა პირველი მთიბავის არჩევა, რომლის მოვალეობას შეადგენდა გამოერკვია, მზად იყო თუ არა სათიბი სამუშაოების დასაწყებად.

მართალია, ათინაგის დღეობას ოსეთის ყველა ხეობაში მართავდნენ, მაგრამ დღესასწაულისათვის განსაკუთრებული მზადება და მისი მაღალ დონეზე აღნიშვნა მდ. დიდი ლიახვის ზემო წელში, კერძოდ როკის ხეობაში, ქართველების მეზობლად მცხოვრებმა ოსებმა იცოდნენ (აქ იყო ათინაგის სახელობის სამლოცველო — ხისთი ძუარი), რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ათინაგის ანუ წმ. ათინოგენის კულტი ოსეთში საქართველოდან გავრცელდა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში — ხევში, თუშეთში და ფშავ-ხევსურეთში ყველაზე დიდი და ხანგრძლივი დღესასწაული — ათენგენობა (ათნიგენობა) სწორედ იმ პერიოდზე მოდის, როცა ოსები ათინაგს ზეიმობენ.



ლიტერატურა

  • Жускаев С. В. Атынаг. Праздник у осетин перед начатием сенокоса и жатвы // ЗВ. 1855. № 32;
  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1959;
  • Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები