ათლარ ჩოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათლარ ჩოფა / ეთლარ ჩოფა (აფხ. Aҭлар чоҧа, Еҭлар чоҧа)რიტუალი და საწესო საფერხულო სიმღერა, რომელიც მეხნაკრავი ადამიანის, ცხოველის ან ხის გარშემო სრულდებოდა [იცოდნენ ასევე საცხოვრებელ თუ სამეურნეო ნაგებობებზე, ნებისმიერ საგანზე მეხის დაცემისა და გვალვის შემთხვევაში, იალაღებზე საქონლის გარეკვისა და უკან მობრუნების ჟამს, ზოგიერთი დაავადებების – ეპილეფსიის (კრუნჩხვების), გონწასვლის, გულშეღონების დროს. აბჟუის აფხაზები ათლარ ჩოფას მღეროდნენ ყვავილბატონების მფარველი ღვთაებების („ა-ხი ზოსხანი“, „ხანია შქვაქვა“) პატივსაცემად].

მეხის დაცემის ადგილზე მთელი სოფელი შეიკრიბებოდა. ისინი მეხნაკრავი ადამიანის ან ცხოველის გარშემო წრეს შეკრავდნენ და იწყებდნენ საწესო სვლას და სიმღერას ორ გუნდად. პირველი გუნდის მოძახილზე „ვაი, ეთლარ“, მეორე პასუხობდა – „აითარ ეთლარ“, შემდეგ – „ეთლარ ჩოუფარ“ – „ჩოუფარ ეთლარ“ და ა.შ. (არის სიმღერის ტექსტის სხვა ვარიანტებიც). დაჭრილის ან მკვდრის გარშემო რამდენიმე შემოვლის შემდგომ მეხნაკრავს ათლარ ჩოპას სიმღერით მაღლა ასწევდნენ, ორ მეტრამდე სიმაღლის ოთხ ბოძზე შემდგარ ფიცარნაგზე – აშვამქჲათზე დაასვენებდნენ და იქვე დატოვებდნენ [გარდაცვლილ ადამიანს მოგვიანებით კუბოში ჩაასვენებდნენ, მაგრამ ადგილს არ შეუცვლიდნენ (შეიძლებოდა ხეზე ჩამოკიდება), ვიდრე გვამი არ გაიხრწნებოდა. ასეთ შემთხვევაში მიცვალებულის ძვლებს ჩვეულებრივ დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვით დაასაფლავებდნენ (ასე იცოდნენ აფხაზებმა XX საუკუნის დასაწყისამდე). ჭირისუფალს ეკრძალებოდა მიცვალებულის ტირილი და გლოვა. მეხის დაცემის დღეს ოჯახი ტაბუირებულ დღედ იწესებდა, უქმობდა და სახლიდან არაფერს გასცემდა („ა-მშშარა“)].

ათლარ ჩოფას რიტუალში ყურადღებას იპყრობს მეხნაკრავი მიცვალებულის გვამის „ჰაერზე დამარხვა“, რაც XVII-XVIII საუკუნეების ავტორების – ჯიოვანი ლუკას, არქანჯელო ლამბერტის, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობებითაც დასტურდება (ამ ცნობებში საუბარია არა მხოლოდ მეხნაკრავის, არამედ ზოგადად მიცვალებულის ხეზე ჩამოკიდების შესახებ). აფხაზი მეცნიერები (და არამარტო ისინი) აფხაზთა ყოფაში დამოწმებული ამ წესის მემკვიდრეობით პარალელს კოლხების მიერ ხარის ტყავში გახვეული მიცვალებულის ხეზე ჩამოკიდების ჩვეულებაში ხედავენ. ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებში „ჰაერზე დამარხვის“ წესის არსებობა ანტიკური ეპოქის შემდგომ XVII საუკუნემდე არ დასტურდება. ანტიკური პერიოდის ავტორთა (აპოლონიოს როდოსელი, ნიკოლოზ დამასკელი, კლავდიუს ელიანუსი) მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, კოლხების მიერ მიცვალებულის გვამის „ჰაერზე დამარხვა“ სქესობრივი ნიშნითაა განსაზღვრული, რასაც აფხაზური წესი არ ითვალისწინებს (ამ მხრივ საინტერესოა სამეგრელოში დადასტურებული ჩვეულება, რომლის თანახმად მეხნაკრავი მამაკაცის ტანსაცმელს მაღალ ხეზე ჰკიდებდნენ მაშინ, როცა იდენტურად გარდაცვლილი ქალის სამოსის გამოფენა არ შეიძლებოდა). კოლხები „ჰაერზე ასაფლავებდნენ“ მამაკაცს, რომელიც, ცის მამრული საწყისის გათვალისწინებით, ცისიერად ანუ ცის კუთვნილებად მიაჩნდათ, ხოლო ქალს მიწაში მარხავდნენ, რადგანაც მიწა, მათი რწმენით, მდედრული ბუნების იყო. რამდენადაც ადრესამიწათმოქმედო კულტურის ხალხებში ყოველგვარი კვლავწარმოება ცისა (მამრისა) და მიწის (მდედრის) საკრალური კავშირით განისაზღვრებოდა, ბუნებრივია, განაყოფიერების პროცესის მონაწილე მიცვალებულთა სულებიც (ასე მოიაზრებოდნენ ისინი) შესაბამისად იყვნენ განაწილებულნი (ზემოთ და ქვემოთ, ცაში და მიწაში). რაც შეეხება საკუთვრივ აფხაზურ და კავკასიის ხალხების ცოცხალ ყოფაში დამოწმებულ „ჰაერზე დამარხვის“ (ხეზე ჩამოკიდება, ამაღლებულ ფიცარნაგზე ან ე.წ. „დუმილის სახლებში“ დასვენება გვამის გახრწნამდე და მეორადი დასაფლავება) ჩვეულებას, იგი მაზდეანური ტრადიციებიდან მომდინარე ჩანს. მართალია, კავკასიის ხალხებს ზოროასტრის რეფორმა არ შეხებიათ, მაგრამ ირანული დაკრძალვის პრაქტიკას თავის დროზე მიდიის იმპერიაში შემავალი არაირანელი კასპების მეშვეობით უნდა გასცნობოდნენ აღმოსავლეთ კავკასიის ხალხები, რომელთაგან იგი დასავლეთ კავკასიის მოსახლეობას უნდა გადმოეღო (გ. შარაშიძე).

აფხაზური „ათლარ ჩოფას“ იდენტური რიტუალი და საწესო საფერხულო სიმღერაა ოსური „ალდარ ცოფფაი“. გარდა ოსებისა მას „ჩოფას“ ან „ილირ-ჩოფას“ სახელით კარგად იცნობენ დასავლეთ კავკასიის ხალხები (აბაზები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, ბალყარელები, ყარაჩაელები).

ტერმინ „ათლარ ჩოფას“ მნიშვნელობა აფხაზთათვის გაუგებარია (იგი აფხაზური ენით არ იხსნება). „ათლარ ჩოფაში“ მოცემული „ათლარი“ („ეთლარი“) იგივე უნდა იყოს, რაც ოსებისათვის ცნობილი რიტუალის სახელწოდებასა („ალდარ ცოფფაიდ“) და სიმღერის ტექსტში („ალდარ ცოფფა“) დაცული ალდარი – „თავადი“, „ბატონი“. რაც შეეხება „ჩოფას“ („ცოფფას“), იგი, როგორც ჩანს, ღვთაების სახელია. მეხის დაცემის შემთხვევაში ჭექა-ქუხილის ღვთაებისადმი კულტმსახურების იდენტური ფორმა და რწმენა-წარმოდგენათა იგივეობა, ასევე რიტუალისა და საწესო სიმღერის ერთნაირი სახელწოდება გვაფიქრებინებს, რომ ჩოფა ანუ ათლარ ჩოფა (ალდარ ცოფფა) – „ბატონი ჩოფა“ („ბატონი ცოფფა“) ერთ დროს კავკასიის ზოგიერთი ხალხის ჭექა-ქუხილის ღვთაების საერთო სახელი უნდა ყოფილიყო, ვიდრე მას შეცვლიდა ოსებში უაცილას (წმ. ილიას), ჩერქეზებში შიბლეს, აფხაზებში აფის კულტი. რომ არაფერი ვთქვათ უაცილზე, საკუთვრივ აფხაზური ღვთაება აფი (ა-ф), ისევე როგორც შიბლე, ამავე ტერმინით აღნიშნული „მეხის“ გვიანდელ პერსონიფიკაციას უნდა წარმოადგენდეს (ამის გამოა, რომ ჭექა-ქუხილის ღვთაების ფუნქციებს ითავსებენ ხან ან ცვა, ხან აერგი, ხანაც აითარი. ეს ფუნქცია შეინიშნება აჟვეიფშასა და შაშვის ბუნებაშიც). თუ „ათლარ ჩოფა“ აფხაზების მიერ უშუალოდ ოსებისგან ნასესხები მოვლენა არ არის, იგი (ჩოფა) ჭექა-ქუხილის ღვთაების თავდაპირველი სახელი უნდა ყოფილიყო. ამ აზრს აძლიერებს ვ. აბაევის მიერ აფხაზეთში ჩაწერილი სიმღერის ტექსტის ერთი სტროფი („ო, აფი, აფი, ეთლარ, ეთლარ, ეთლარ ჩოფა!“), რომელშიც ნახსენები „აფი“ უნდა გავიგოთ არა როგორც ღვთაების სახელი, არამედ როგორც „მეხი“. ამ შემთხვევაში ტექსტი შემდეგნაირად წაიკითხება: „ო, მეხო, მეხო, ბატონო, ბატონო, ბატონო ჩოფა!“ (ტექსტში „ბატონად“ იწოდება არა აფი, არამედ ჩოფა).

ტერმინი „ჩოფა“, განსაკუთრებით მისი ოსური ფორმა „ცოფფაი“ მატერიალურ და სემანტიკურ (აფხაზები და კავკასიელები ჩოპას, ცოპპაის უმღერიან გულწასულ ან გონწართმეულ ადამიანს, ასევე სულით ავადმყოფს) სიახლოვეს ავლენს ქართულ „ცოფთან“ (შდრ. „ცოფი არს გონება და ცნობა მოძარცვული“, – სულხან-საბა). როგორც ჩანს, არქაული ადამიანი გაცოფებას, გაგიჟებას, ცნობისა და გონების წართმევას ჭექა-ქუხილის ღვთაების რისხვას მიაწერდა.


ლიტერატურა

  • С.Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;
  • Н. Дубровин. История войны и владычества русских на Кавказе. Т. I. Очерк Кавказа и народов его населяющих. Книга II. Закавказье. СПб., 1871;
  • О. Урусбиев. Сказания о народных богатырях у татар-горцев Пятигорского округа. – СМОМПК. Вып. I. Тф., 1894;
  • В. Миллер, М. Ковалевский. В горских обществах Кабарды // Вестник Европы. 1884. №4;
  • И. Иванюков, М. Ковалевский. У подошвы Эльбруса // Вестник Эвропы. 1886. №1;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • А.А. Аншба. Абхазский фольклор и действительность. Тб., 1982;
  • В.И. Абаев. Осетинский язык и фольклор. I. Л., 1959; მისივე. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. IV. Л., 1989;
  • გ. შარაშიძე. მაზდეანობის გადმონაშთები ქართველ მთიელებში // ლიტერატურა და ხელოვნება. თბ., 1993. №3-6;
  • ს. ბახია-ოქრუაშვილი. აფხაზთა ეთნიკური ისტორიის პრობლემები (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა). სადოქტორო დისერტაცია. თბ., 2006 (ინახება ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში).


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები