ათნიგენობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათნიგენობები – აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში, ასევე ადიღებში, ინგუშებში, ოსებში (იხ. „ათინაგი“) გავრცელებულ დღეობათა ციკლის საერთო სახელწოდება, რომელიც IV საუკუნის სებასტიის ეპისკოპოსის წმ. ათენოგენის სახელს უკავშირდება. მართალია, საქართველოში იერუსალიმური კანონარის შემოსვლისა და სომხური გავლენის საფუძველზე ათენოგენის კულტი დამკვიდრდა, მაგრამ ქართველ მთიელებში და ზემოდასახელებულ ხალხებში წმინდანის თაყვანისცემა, როგორც ჩანს, მისი სახელობის დღესასწაულმა ისე გადაფარა, რომ სებასტიელი ეპისკოპოსის შესახებ ცოდნა მათი მეხსიერებიდან მთლიანად წაიშალა.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა შორის ყველაზე შთამბეჭდავი და ნაირგვარი წეს-ჩეულებებით დატვირთული თუშური ათნიგენობებია, რომელიც „მკვდართ რიგებს“ (მიცვალებულთა ხსოვნის დღეებს) მოსდევს, და თავისი მასშტაბურობით, ზამთრის „წელწდობების“ (შობა-ახლწლის დღეობების) ტოლია.

თუშური ათნიგენობები, დასაწყისების მიხედვით, ორად განიყოფიან: ერთი ნაწილი მკათათვის შუა რიცხვებში იწყება, კვირის რომელიმე განსაზღვრულ დღეს, ხოლო მეორე – აღდგომას; გრძელდება ორი კვირის განმავლობაში.

ათნიგენობების დაწყების დღეს ხელოსანი დროშას „გამოაბრძანებდა“, ხატის ნიშზე გადმოკიდებდა, რითაც სოფელს დღეობის დაწყებას ამცნობდა. სანამ დროშას შეეხებოდა, იგი რამდენიმე დღის განმავლობაში „წმიდაობდა“: ცოლს არ გაეკარებოდა, არც თვითონ შევიდოდა სხვისას და არც სხვას შემოუშვებდა სახლში, წინა დღეს ცივი წყლით განიბანებოდა და ღამეს ხატში გაათევდა. სანამ დროშა გარეთ იყო და სალოცავიდან სალოცავში მოგზაურობდა, ხელოსანი მას არ სცილდებოდა, დღეღამ ყარაულობდა (ადგილობრივთა რწმენით, დროშასთან ერთად, თვით ჯვარი გამოდიოდა გარეთ და ხელოსანი მას უწევდა საპატიო ყარაულობას).

დროშის გამობრძანების შემდეგ, საფუარში მთავარი კოდი დაილოცებოდა. საამისოდ ყველა ოჯახიდან სამ-სამ ხმიადს, ერთ სანთელს, ერთ კალტის კვერს ან ყველის ნაჭერს, ერთ პატარა არყიან ზედაშეს გამოგზავნიდნენ. ხელოსანი ლუდით სავსე თასით ხელში სადიდებელს იტყოდა და სოფელს დაამწყალობნებდა; შემდეგ საკლავს (დაუკოდავ მამალ ცხვარს) სანთლით შუბლს შეუტრუსავდა, აღმოსავლეთისკენ მიბრუნებულს ყელს გამოჭრიდა, სისხლს ხატის ნიშის ყორეებს მიასხურებდა და ჯვრისკარიდან ქვემოთ გადმოაგდებდა, თან სამჯერ, სწყალობდესო, შესძახებდა. ამ დროს ხდებოდა „ყმის ჯვარში გაყვანა“: ახალშობილი ვაჟის პატრონი გამოაცხობდა „ყმის კოტორს“ (დიდ ქადას), რომელსაც, სანთელთან და ზედაშესთან ერთად, ოჯახის მეკვლე ჯვარის კარზე გაიტანდა, თან ბავშვსაც წაიყვანდა და ხელოსანს წარუდგენდა. ეს უკანასკნელი სანთელს აანთებდა, ზედაშით ჯვარს შეავედრებდა: შენს კარზე მოსულა სანთელ-ზედაშით, კოტრით, იყმე და იმსახურეო. ბავშვს სხვანიც დალოცავდნენ, კოტორს დაჭრიდნენ, ნაწილს იქვე შეჭამდნენ, ნაწილსაც სოფლის ახალრძლებს გაუგზავნიდნენ, გაისად თქვენგან ელის ჯვარი ყმის კოტორსო. როცა სანთელ-ზედაშეს ყველა ოჯახი მოიტანდა და საკლავის ცორციც რომ მოიხარშებოდა, კაცების საჯარეში დასალოც სუფრას დააგებდნენ: ძირს დაფენილ თეთრი ტილოს ნაჭერზე სამ პურს დაალაგებდნენ, ზედ ხორცის მარჯვენა მხრის თითო ნაჭერს დადებდნენ; იქვე იდო სამი სანთელი და ალუდის ნათაურათი სავსე ერთი თასი. ხელოსანი პურებზე სანთლებს აანთებდა თასით ხელში სადიდებელს იტყოდა:

„დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, ღმერთო, გაუმარჯვე ღმერთსა-დ კვირა‘ესა, ღმერთო, გაუმარჯვე დღეს დღესინდელსა, დღეს ნახსენებ ღვთიშვილებსა: გმირს კოპალეს კარატისასა, დევთა მეომარსა, აღს იახსარსა, ლახვრიანს, მათრახიანსა, ქაჯუეთის დამჭერსა, სანებას სახარისასა, გიორგის გომეწრისასა გიორგის ლაშარისასა, გიორგის ხახმატისასა, გიორგის სახეოსასა, გიორგის მუხროვნისასა, ანგელოზს ვესტომთისთავისასა, ცალა ფიჭვ საჩიღოლოსასა, ისრიელ ბიქუურთისასა, ბატონ ცვარიელდადიკურთისასა, ცალარქა ბეღელაისთავისასა, თურსიეხ არდოტისასა, ჭიხალე ხისოსთავისასა, ელია ნაქერლისასა, შაფურთა ქუმელაურთისასა, მიქაელ ხვავგორისასა, ლაღს ბიჭეხელსა, ღვთის პირის მეღვინესა, ღვთის მესამსახურესა, ლაღნრო ღვთიშვილნო, დიდად სადიდებელნო, ძვირად სახსენებელნო, თქვენ გეხვეწებიან, თქვენ გევედრებიან თქვენნი მლოცავნი, თქვენდ შემოუწირავ ეს გაშლილი სუფრა, სანთელ-სამწკრინი, საფუვრის თავი, ცეფისკვერი, ქაჯანგიანი. სადიდებელი თქვენი იყოს, სამწყალობნო იმათი. თქვენ თქვენ მორიგე ღმერთს შესწირიდითა, თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა. მთას გაუჭირდეს, მთას დაეშველნიდითა, ბარს გაუჭირდეს, ბარს დაეშველნიდითა, ზე კალთა დააფარიდითა მწყემსსა, მეცხვარესა, მოლაშქრესა, მონადირესა; ჯოხ აიღონ, ვახშამ მისციდითა, თოფ აიღონ, სახელ მისციდითა, თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა. თუ რა სარჯიელ ეხედვებოდეს ან ზღვათა გამოსული, ან ცითა ჩამოსული, ხმელეთზე მატარებელი, წყალთა მორიალეი, მიწრიელ დაულაგმიდითა, გზა უკუღმ გაუბრუნიდითა, ცხვა გუბერნიელ, ცხვა ქალაქელ მააჩვენიდითა, თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა. დაიხსნიდით, დაიფარნიდით ალაღებული მტრისაგანა, ადიდებული წყლისაგანა, მთის ზვავისა, მთის ნაპრალისაგანა, ჭალაის ალთო-ყინულისაგანა. ნუ ჩამოაგდებთ ამათ ეზო-ყურეში მტრის ჭკვასა, სიკვდილის ხმასა, თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა. ძალთაგან ძალ ნუ მოღრიიდითა, სწორთაგან – სამართალი, ამათა ამჯობინიდითა ამათ მტრისასა. მტერს მიზევდენ, მისწივნიდითა, მოზდევდენ – გამაახრწივნიდითა, შინ მშვიდობა ნუ მოუშალიდით, ველს – გამარჯვება, თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა. ჯვარ დასწერიდითა ცხენსა, ცხენის მხედარსა, კაცსა, საქონელსა, ორფეხსა, ოთხფეხსა. ქალს, ქალწულს უმატიდითა, ფურს, ფურის ხბოს უმატიდითა, ცხვარს, ცხვრის კრავს უმატიდითა, ჯვარ დაუწერდით ხარსა, ხარის ნახნავსა, ფურსა, ფურის ნაწველ-ნადღვებსა. ნაქადებს არ გიმტყვნიანთ, ნაძახებ გაუგონიდითა, თავის ნამათრახალზედ ლხინის წამალ დააყარიდითა, ცხვათ ნამათრახალზედ შუაკაცად ჩამოუხვიდნითა, თქვენ ღმერთი გადიდებსთ, გაგიმარჯვებსთა. იქნებითამც მცველნი, მფარველნი, მშველელნი, მწყალობელნი. სწყალობდეს!“

ამ სადიდებელ-სავედრბელის დასრულებისთანავე მხიარული პურობა დაიწყებოდა: კაცები ცალკე დასხდებოდნენ, ქალები – ცალკე. მათ შორის საცეკვაოდ მოედანი რჩებოდა. მზის ჩასვლისას კაცები აიშლებოდნენ, ხუთი მხარგადახვეული ახალგაზრდა წრეს შეკრავდა, მხარი-მხარ გაბმული ოთხი კაცი მათ მხრებზე დადგებოდა და გამართავდნენ ქორბეღელას, რომლის შუაში ფანდურით ხელში „მეციხოვნე“ მოეწყობოდა. წაღმა ნელი ტრიალითა და „ჯვარულის“ სიმღერით, ქორბეღელა საჯარიდან ხატის კარისკენ წავიდოდა; იქ კვლავ წაღმა შემოტრიალდებოდა და დაიშლებოდა.

თუშეთის სოფლებში ათნიგენობები, საკულტო რიტუალების მხრივ, თითქმის, ერთნაირი იყო, განსხვავება ვლინდებოდა საერო წეს-ჩვეულებებში, რომლებშიც გარკვეული რელიგიური-მაგიური რწმენა-წარმოდგენები იყო უკუფენილი და არსობრივად ადამიანისა და პირუტყვის ნაყოფიერების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

ქართულ-ნახური ურთიერთობების თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია თიბვასთან დაკავშირებული ხალხური დღეობა (ათენგენობა), რომელსაც ხევსურები და ინგუშები მორიგეობით აწყობდნენ და რომელშიც ინგუში და ქართველი სტუმრების მონაწილეობა სავალდებულო იყო.


ლიტერატურა

  • გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 126-147.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები