ათონი (მთა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ათონის მთა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ათონის მთა

ათონის მთა - (წმ. მთა; ბერძნ. „Αγιον Οροs“; აგიონ ოროს) მართლმადიდებელ ბერმონაზონთა უდიდესი ცენტრი მსოფლიოში. მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. საეკლესიო-ადმინისტრაციულად შედის კონსტანტინოპოლის (მსოფლიოს საპატრიარქოს იურისდიქციაში; სამოქალაქო-ადმინისტრაციული თვალსაზრისით წარმოადგენს საბერძნეთის რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს, რომელსაც მართავს საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული გუბერნატორი. არსებული ტრადიციით, ათონის მთის გუბერნატორი ინიშნება თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკტის პროფესორთა შემადგენლობიდან. წმ. მთიდან, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრად ითვლება და მისი მფარველობის ქვეშ იმყოფება, უკვე ათას წელზე მეტია, რაც ღვთისადმი აღევლინება მართლმადიდებელ ბერ-მონაზონთა უწყვეტი ლოცვა-ვედრება (დღეისათვის შემონაზვნებულთა რაოდენობა 1700-ს აღემატება).


სარჩევი

ათონის წმ. მთის საწესდებო ქარტია

ძველ დროში ბერ-მონაზვნური ცხოვრების წესი განისაზღვრებოდა, როგორც დაუწერელი, ტრადიციული წეს-ჩვეულებებით, ასევე სამონასტრო და ზოგადათონური წესდებებითა (ტიპიკონებით) და ბიზანტიის იმპერატორების, ოსმალეთის სულთანებისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქების ბრძანება-გადაწყვეტილებებით. 1860, 1862 და 1877 წლებში თურქეთის ხელისუფლებამ სცადა ათონისთვის ცალკე კანონმდებლობის შემოღება და გამოსცა კიდეც აქტები (კანონიზმები), მაგრამ ათონის ბერ-მონაზონთა ერთობამ ეს კანონები არ მიიღო. 1911 წელს ათონელმა ბერებმა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მონაწილეობით, განსაზღვრეს „წმ. მთის მთავარი კანონიზმები“, რომლებიც თურქეთის მთავრობას არ დაუმტკიცებია. - 1912 წელს ათონი გახდა ბერძნნული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი და ასეთად იქნა საერთაშორისოდ აღიარებული 1924 წელს. იმავე წლის 10 მაისს წმ. მთის საგანგებო კრების ხუთწევრიანმა კომისიამ გამოიმუშავა „ათონის წმ. მთის საწესდებო ქარტია“, რომელიც ასევე ცნობილია „ახალი კანონიზმის“ სახელწოდებით. იურისტ-კანონმდებელთა კომისიის მიერ შეტანილი უმნიშვნელო ხასიათის ცვლილებების შემდეგ ეს, 188 მუხლისგან შემდგარი წესდება, 1926 წლის სექტემბერში დაამტკიცა საბერძნეთის პარლამენტმა. წესდების ბოლო, 188-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ის ეყრდნობა „იმპერატორთა გადაწყვეტილებებს, პატრიარქთა სიგილიებს, სულთანთა ფირმანებს, ძველ სამონასტრო ტიპიკონებსა და არსებულ მთავარ კანონიზმებს“.

წესდების თანახმად, წმ. მთა აერთიანებს „20 წმინდა სამეფო საპატრიარქო სტავროპიგიალურ მონასტერს“, რომლებიც, უძველესი დროიდან არსებული წესის მიხედვით, განლაგებული არიან შემდეგი იერარქიული რიგის მიხედვით:

1. დიდი ლავრა, წმ. ათანასე ათონელის სახელზე;
2. ვათოპედი, ხარების სახელზე;
3. ივირონი, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე;
4. ხილანდარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე;
5. დიონისესი (დიონისიატი), წმ. იოანე წინასწარმეტყველის შობის სახელზე;
6. კუტლუმუსიუ, ფერისცვალების სახელზე;
7. პანტოკრატოსი, ფერისცვალების სახელზე;
8. ქსიროპოტამუ, ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელზე;
9. ზოგრაფი, წმ. დიდმოწამე გიორგის სახელზე;
10. დოქიარიუ, მთავარანგელოზთა სახელზე;
11. კარაკალუ, მოციქულების – პეტრე და პავლეს - სახელზე;
12. ფილოთეოსი, ხარების სახელზე;
13. სიმონპეტრე, მაცხოვრის შობის სახელზე;
14. წმ. პავლე, მირქმის სახელზე;
15. სტავრონიკიტა, წმ. სასწაულმოქმედ ნიკოლოზის სახელზე;
16. ქსენოფონტეს, წმ. დიდმოწამე გიორგის სახელზე;
17. წმ. გრიგოლი (გრიგორიატი), წმ. სასწაულმოქმედ ნიკოლოზის სახელზე;
18. ესფიგმენი, მაცხოვრის ამაღლების სახელზე;
19. პანტელეიმონი (რუსიკი), წმ. პანტელეიმონის სახელზე;
20. კასტამონიტი (კონსტამონიტი), წმ. პირველმოწამე სტეფანეს სახელზე.

ათონზე მხოლოდ ამ 20 მონასტერს აქვს საკუთრების უფლება. ყველა დანარჩენი სამონაზვნო დაწესებულება – სკიტები, კელიები, ისიქასტირიები, კილივები, მათი შენობებითა და ტერიტორიებით რომელიმე მონასტრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მონასტერთა რაოდენობის შეცვლა დაუშვებელია. ასევე კატეგორიულად აკრძალულია სკიტების გადაქცევა მონასტრებად ან კელიებისა — სკიტებად და კალივებისა — კელიებად.

ყველა მონასტერი იმართება თავისი შიდა წესდების (კანონიზმების) მიხედვით. ცალკეული მონასტრის წესდებას ან მასში შეტანილ ცვლილებას ამტკიცებს წმ. კინოტი.ათონის უმაღლეს საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოს წარმოადგენს საგანგებო ოცწევრიანი კრება, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომიდან 15 დღის გასვლის შემდეგ და 20 აგვისტოს. უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის წმ. კინოტსა და წმ. ეპისტასიას. წმ. კინოტი შედგება ყველა მონასტრის წარმომადგენლისგან. მისი სხდომები იმართება კვირაში სამჯერ. სხდომებში მონაწილეობის უფლება აქვს წმ. მთის გუბერნატორს. წმ. ეპისტასია (მეთვალყურეობა) პროტოეპისტატისა და ეპისტატების მეშვეობით თვალყურს ადევნებს წესრიგს, კეთილმოწყობის, სისუფთავის მდგომარეობას, აწესებს ფასებს პროდუქტებზე. ათონის ადმინისტრო ცენტრი, რომელშიც მდებარეობს მმართველობის რეზიდენცია — პროტატონი — არის კარეაში (კარიასი); მთავარი პორტია დაფნი.

ლეგენდა ათონის მთის შესახებ

ათონის მთის გაჩენაზე ერთ-ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, თითქოს ამ ადგილზე ერთმანეთს ეხეთქებოდნენ საომრად აღძრული გიგანტები და ღმერთები. თრაკიელი გიგანტის მითიური სახელი ყოფილა ათოსი. (თრაკია ბულგარეთის ერთ-ერთი რეგიონია.) ამ მითის მიხედვით ბრძოლის მიზანი იყო ღმერთებსა და გიგანტებს შორის საზღვრების დადგენა. ათოსმა მოატეხა დედამიწას უზარმაზარი კლდე და ესროლა ზღვაში ამომართულ პოსეიდონს. ამ კლდით ზღვაში გაჩნდა ხმელეთი. ხმელეთს ათოსის პატივსაცემად ეწოდა ათონი, რომელიც ბერძნულად გამოითქმის როგორც ათოსი. ეგეოსის ზღვაში შეჭრილი მთიანი ნახევარკუნძული გაჩნდა - ვითარცა საზღვარი - გიგანტთა და ღმერთთა საბრძანებელთა შორის.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, დაახლ. 44 წ. ათონის მთაზე იმყოფებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. მან თავისი ქადაგება შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „დაე ეს ადგილი იყოს ჩემი წილხვედრი, რომელიც მომეცა მე ჩემი ძისა და ღმერთის მიერ. დაე დაივანოს მისმა მადლმა ამ ადგილას და აქ მცხოვრებლებზე.

იხილე აგრეთვე

ბერთა რესპუბლიკა


Logo1.JPG ათონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები