აია-სოფიას ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აია-სოფიას ტაძარი. საერთო ხედი
აია-სოფიას ტაძარი. ინტერიერი

აია-სოფიას ტაძარი – (აია-სოფია, სოფიაწმინდა), (ინგლ. Hagia Sophia < ბერძ. hágios წმინდა, საღმრთო და sophía სიბრძნე, ოსტატობა, ცოდნა; კეთილგონიერება; გამჭრიახობა, ეშმაკობა <sophós ბრძენი, ჭკვიანი; ხელობაში გაწაფული) – ყოფილი მართლმადიდებლური საპატრიარქო ტაძარი თანამედროვე თურქეთის ქალაქ სტამბოლში (ყოფილი კონსტანტინოპოლი, ძვ. ქართ. ბიზანტიონი, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი 1453 წლამდე, რომელიც ახ. წ. 324 წელს დაარსა რომის იმპერატორმა კონსტანტინე I დიდმა). შემდეგ – მეჩეთი (1931 წლამდე), ამჟამად – აია სოფიას მუზეუმი (გაიხსნა 1935 წლის 1 თებერვალს); სახელი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმიდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს. მსოფლიოში ცნობილი ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ძეგლი, ბიზანტიის „ოქროს ხანის“ სიმბოლოა.

სურ. 1. მარმარილოს კარის ფრაგმენტი;
სურ. 2. ძლიერ სახეცვლილი ფორმის კორინთული სვეტები ნატიფი კაპიტელებით;
სურ. 3. საიმპერატორო კარიბჭის მოზაიკა – შარავანდედმოსილი ბიზანტიის იმპერატორი ლეონ VI ბრძენი მუხლს იყრის უფალ იესო ქრისტეს წინაშე; მოთავსებულია ტიმპანში, კარიბჭის თავზე;
სურ. 4. მეორე სართულის გალერეის დასავლეთი ნაწილი

ისტორია

აია-სოფიას ტაძარი სამჯერ აშენდა. პირველი იყო „მეგალა ეკლესია“, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის მეფობისას, 360 წელს ააგეს. ეს ტაძარი იყო ხისგან ნაგები შენობა ხუთნავიანი ბაზილიკის სტილში, ხის სახურავით გადახურული. ტაძრის ნაწილი 404 წლის სახალხო აჯანყების დროს ხანძარმა იმსხვერპლა. აღდგენილი ბაზილიკა ისევ ხანძრისაგან განადგურდა 415 წელს. იმავე წელს, ბიზანტიის (აღმოსავლეთ რომის) იმპერატორის, თეოდოსიუს II უმცროსის ბრძანებით, ბაზილიკის სტილის ტაძარი მეორედ აშენდა. მას ჰქონდა ხის სახურავი და მონუმენტური შესასვლელი. 532 წელს, „ნიკას“ სახელით ცნობილი სახალხო აჯანყების დროს ტაძარი კვლავ დაიწვა.

დღევანდელი სახით ის ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის მმართველობის დროს, არქიტექტორების ისიდორე მილეთელისა და ანთემიოს (ანთიმოზ) ტრალელის ძალისხმევით აშენდა. ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა 537 წლის 27 დეკემბერს. მისი ინტერიერის სიმაღლეა 55,6 მ, გუმბათის დიამეტრი – 31 მ. ბიზანტიის იმპერიის არსებობის პერიოდში ტაძარი იდგა კონსტანტინოპოლის ცენტრში, იმპერატორის სასახლის გვერდით.

ათასზე მეტი წლის განმავლობაში აია-სოფიას ტაძარი იყო ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდი ტაძარი, ვიდრე არ ააშენეს წმინდა პეტრეს ტაძარი რომში. აია-სოფიას ტაძრის მშენებლობისათვის გამოყენებული იყო მრავალფეროვანი, საუკეთესო ხარისხის საშენი მასალა: მარმარილო, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, ალმასი, მინა, ძვირფასი მერქანი, სპილოს ძვალი და სხვ. აღსანიშნავია, რომ იმ დროის განთქმული ნაგებობებიდან გადმოიტანეს სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტი. მაგ., რომიდან – „მზის ტაძრის“ 8 ცალი პორფირის სვეტი; ეფესოს არტემიდას ტაძრიდან – მწვანე იასპის 8 სვეტი, ბაალბექიდან (ძვ. ქალაქი ლიბანში) – 8 კორინთული სვეტი და სხვ. ზოგადად, ტაძარი ძალიან მდიდარია სხვადასხვაგვარი მასალისგან დამზადებული დახვეწილი სვეტებით. აღსანიშნავია, რომ ტაძრის მშენებლობას მოხმარდა ბიზანტიის იმპერიის სამი წლის შემოსავალი. იმპერატორ იუსტინიანეს დროს ტაძარს ემსახურებოდა 525 ადამიანი.

მშენებლობის დამთავრებიდან რამდენიმე წელიწადში მიწისძვრამ ნაწილობრივ დააზიანა ტაძარი (ძირითადად გუმბათი), რომელიც მალევე აღადგინეს. 989 წელს მიწისძვრამ კვლავ მნიშვნელოვნად დააზიანა გუმბათი, რომელიც თავიდან ააგეს. იგი წინამორბედზე მაღალი იყო. კედლები გაძლიერდა კონტრფორტებით, რამაც ძველი იერსახე დაუკარგა ტაძარს. 1054 წლის 16 ივნისს აია-სოფიას ტაძარში მოხდა ქრისტიანული ეკლესიის ორად გაყოფა (დიდი სქიზმა – საეკლესიო განხეთქილება, რომელმაც ქრისტიანული ეკლესია ორ ნაწილად, აღმოსავლეთ მართლმადიდებელ და დასავლეთ კათოლიკურ ეკლესიად გაჰყო), როდესაც რომის პაპის, ლეონ IX-ის დესპანმა კარდინალმა ჰუმბერტ სილვა- კანდიდელმა, ღვთისმსახურების დროს, პაპის სიგელი გადასცა კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიქაელ I კერულარიოს. სიგელის საპასუხოდ, 20 ივნისს, პატრიარქმა პაპის დესპანები ანათემას გადასცა.

1453 წლის 29 მაისს ტაძარი თურქებმა დაიპყრეს, პირწმინდად გაძარცვეს ის და უმოწყალოდ ამოხოცეს ქრისტიანი მლოცველები. მეორე დღეს მართლმადიდებლური ტაძარი მეჩეთად მოაქციეს. მოგვიანებით ტაძრის ირგვლივ ოთხი მინარეთი აღმართეს, ინტერიერს კი მიჰრაბი (სალოცავი ნიშა ისლამურ მეჩეთებში), მინბარი (კათედრა კიბითურთ იმამისთვის ან სხვა სასულიერო პირისთვის დიდ მეჩეთში, მიჰრაბის მარჯვენა მხარეს) და სხვა დეტალები დაამატეს. უნიკალური, მოოქროვილი მოზაიკით შესრულებული მართლმადიდებლური გამოსახულებები (ფრესკები) მოაცილეს ან მოხატული ბათქაშით დაფარეს. ბათქაში დროთა განმავლობაში იშლება და მოზაიკის ფრაგმენტები პირვანდელი სახით ჩნდება.

ცენტრალური გუმბათის ხედი ქვემოდან – კუთხეებში ჩანს ოთხი ექვსფრთიანი ანგელოზის გამოსახულება

აღწერილობა

გეგმით ტაძარი წაგრძელებული ოთხკუთხედის (75,6×68,4 მ) ფორმისაა, აქვს ერთი შუა და ორი განაპირა ნავი (იგივე ნაოსი, ცელა ან ნეფი). ინტერიერში ორი სართულია, რომელიც გვირგვინდება გუმბათით. იატაკიდან 55,6 მეტრზე აზიდული გუმბათი ეყრდნობა 40 თაღიან ფანჯარას, საიდანაც შემოდის დღის შუქი და თანაბრად ნაწილდება ტაძრის შიდა სივრცეში.

გუმბათქვეშა სივრცეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება ნახევარსფეროს ფორმის ორი კოლოსალური ნიშა, ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხრიდან კი გვერდითი ნავების თაღები, რომელთაც იჭერს პორფირისა და მალაქიტის სვეტები (ჩამოტანილია ეგვიპტიდან და მცირე აზიიდან). გარე მხრის ნართექსები შემოსაზღვრულია სვეტებიანი გალერეებით. ტაძრის შიდა კედლების მორთვა გრძელდებოდა რამდენიმე ასწლეულის მანძილზე და მნახველს ატყვევებდა მისი სიმდიდრითა და გრანდიოზულობით. აია-სოფიას ტაძარი სამართლიანად ითვლება მსოფლიო კლასიკური არქიტექტურის შედევრად.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები