აიეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აიეტი(ბერძნ.) ლეგენდარული ქვეყნის, აიას (მოგვიანებით მას კოლხეთთან გააიგივებენ) მეფე; მზე – ღმერთის, ჰელიოსისა და ოკეანოსის ასულის, პერსეისის ძე. კირკეს, პასიფაესა და პერსესის ძმა. მედეას, ქალკიოპესა და აფსირტოსის მამა.

როდესაც ოქროს ვერძმა ფრიქსოსი აიაკოლხეთში მოიყვანა, აიეტმა შეიფარა იგი და თავის ქალიშვილ ქალკიოპეზე დააქორწინა. ოქროს საწმისის (ოქროს ვერძის ტყავის) ძიებაში არგონავტებმა მიაღწიეს კოლხეთის მიწას. ისინი წარსდგნენ აიეტის წინაშე და თავისი განზრახვა ამცნეს. გაოცდა მეფე აიეტი. ოქროს საწმისი მისი ქვეყნის ძლიერების თილისმა იყო. ასე იოლად ვერ დათმობდა მას. ხერხს მიმართა, არგონავტების წინამძღოლს აღუსრულებელი რამ შესთავაზა: სპილენძისფეხებიანი და ნესტოებიდან ცეცხლისმფრქვეველი ხარების უღელში შებმა, არესის ველის გადახვნა, ხნულებში პურის თესლის ნაცვლად გველეშაპის კბილების ჩაყრა და იქიდან აღმოცენებული მეომრების განადგურება. თუმცა იასონმა მედეას შემწეობით აღასრულა ეს დავალება, მაგრამ აიეტმა დაარღვია თავისი პირობა. მან განიზრახა დაეწვა „არგო“ და გაენადგურებინა მეხომალდენი. ისევ მედეას დახმარებით შესძლეს არგონავტებმა ოქროს საწმისის მოტაცება და გაქცევა. აიეტი მათ კვალდაკვალ მიჰყვა, მაგრამ იხილა რა ზვირთებში ასო-ასო აკუწული ძე – აფსირტოსი, დამწუხრებულმა შეწყვიტა დევნა. მალე აიეტი ტახტიდან ჩამოაგდო მისმა ძმამ პერსესმა. როდესაც მედეა და მისი ძე მედოსი კოლხეთში ჩამოვლენ, მოკლავენ პერსესს და ძალაუფლებას დაუბრუნებენ მეფე აიეტს (სხვა ვერსიით კი, პერსესის ჩამოგდების შემდეგ გამეფდება არა აიეტი, არამედ მედოსი).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები