აიზენკი ჰანს იურგენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აიზენკი ჰანს იურგენ

აიზენკი ჰანს იურგენ - Eysenck Hans Jürgen, Айзенк Ганс Юрген, 1916-1997

გერმანული წარმოშობის ბრიტანელი ფსიქოლოგი, პიროვნების სამფაქტორული თეორიის ავტორი, პიროვნების და ინტელექტის პოპულარული ტესტების შემქმნელი. განათლება მიიღო ლონდონის უნივერსიტეტში და იქვე მუშაობდა თავის მიერ ჩამოყალიბებულ ფსიქოლოგიის ინსტუტუტში (1955-1983). 1983 წლიდან საპატიო პროფესორი იყო. დააფუძნა და რედაქტორობდა 2 ჟურნალს: „პიროვნება და ინდივიდუალური განსხვავებები” და „ბიჰევიორელური კვლევები და ფსიქოთერაპია”. იყო მრავალი სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომის ავტორი, მკითხველთა დიდი საერთაშორისო აუდიტორიით.

მეცნიერებაში თავისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობით, განსაკუთრებით დიაგნოსტიკური მეთოდების შემოტანით, აიზენკმა ფართო აღიარება მოიპოვა. აიზენკის შეხედულებები მთლიანად თავსდება პერსონოლოგიური ფსიქოლოგიის იმ განხრაში, რომელსაც პიროვნების თვისებების ფსიქოლოგია ეწოდება. ამ მიმართულებით მან ფრიად მნიშვნელოვანი იდეები გამოთქვა და, რაც მთავარია, მრავალი საინტერესო მონაცემით გაამდიდრა პიროვნების ფსიქოლოგია. აიზენკი ექსპერიმენტული და სტატისტიკურ-კორელაციური მეთოდების შეუღლების მომხრე იყო და გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი მომთხოვნელობით ემპირიული კვლევის სიზუსტისა და სანდოობის მიმართ. აქედან გამომდინარე, იგი უაღრესად კრიტიკული იყო სხვა ავტორებისა და მთელ მიმდინარეობათა მიმართაც, თუკი ისინი სათანადოდ არ ზრუნავდნენ ემპირიული მონაცემების სანდოობასა და ვერიფიკაციაზე. ამ მხრივ აიზენკი ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსის სახელითაა ცნობილი.

აიზენკმა შექმნა შეხედულებათა სისტემა, რომლის თანახმად პიროვნების თავისებურება აღიწერება სამი მთავარი ფაქტორის, „სუპერფაქტორის” მეშვეობით: ექსტრავერსია-ინტრავერსია, ნევროტიზმი-სტაბილობა, ფსიქოტიზმი-ძლიერი სუპერეგო. აიზენკი ხაზს უსვამდა ამ ფაქტორების გენეზისურ, საბოლოოდ კი ბიოქიმიურ განსაზღვრულობას. მრავალ ემპირიულ და გამოყენებითი ხასიათის კვლევაში ნაჩვენები იქნა, რომ ეს თეორიული მოდელი პრაქტიკაში კარგად „მუშაობს” და სანდო განსხვავებებს იძლევა დამნაშავეობის სტატისტიკაში, სულიერი და ფსიქოსომატური დაავადებებისადმი, უბედური შემთხვევებისადმი მიდრეკილების შემთხვევაში, პროფესიათა შერჩევაში, სპორტულ თუ სხვა წარმატებებში, ქმნის შესაბამის ტიპოლოგიას.

ამ კონცეფციას ეფუძნება აიზენკის შეხედულება ავადმყოფობასა და მკურნალობაზე. აიზენკის ე.წ. „დიათეზისურ-სტრესული” მოდელის მიხედვით, ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი მიდრეკილებებით ამათუიმ ფსიქიკური აშლილობის მიმართ. ერთი მხრივ, მართალია, რომ ფსიქიკურ დარღვევებს განაპირობებს ის მიდრეკილებები (დიათეზები), რომლებსაც ფსიქოტიზმის სკალაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ; მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ხდება არა ერთმნიშვნელოვნად, არამედ სტრესული სიტუაციის მნიშვნელოვან ზემოქმედებასთან ერთად. იგივე ხდება ნევროზების შემთხვევაშიც; ნევროზით დაავადებული პაციენტების უმრავლესობას ნევროტიზმის დონე მაღალი აქვს, ხოლო ექსტრავერსიისა - დაბალი. მაგრამ ნევროტიზმის სკალაზე მაღალი მაჩვენებელი, თავისთავად, სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანს ნევროზი სჭირს ამ სიტყვის ფსიქოპათოლოგიური მნიშვნელობით. ამრიგად, გენეტიკურ ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა კი აქვს; მაგრამ, ამის მიუხედავად, ტრავმატული ფაქტორის მინიმიზაციამ ქცევის სათანადო რეგულაციის გზით, შეიძლება მოგვცეს საგრძნობი დადებითი ეფექტი როგორც პროფილაქტიკის, ისე თერაპიის თვალსაზრისით. ამიტომ აიზენკი ყოველმხრივ პროპაგანდას უწევდა ბიჰევიორისტულ თერაპიას. კლასიკურად არის მიჩნეული აიზენკის გამოკვლევები ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მეთოდების ეფექტურობის გამოვლენის კუთხით.



წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები