აილამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჲლამ-ი (ინგუშ. Айлам – „სამყარო“) – კოსმიური სივრცე ინგუშურ მითოლოგიაში. სივრცის სტრუქტურირების შესახებ ინგუშთა წინაპრების არქაულ წარმოდგენებს შეიძლება, მივაკუთვნოთ ქაოსიდან სამყაროს დაბადება, კოსმოსის დაყოფა ღვთაებათა და ადამიანთა სამკვიდრო ზონებად, ცენტრის საკრალიზაცია, სივრცის ანთროპოცენტრული იერარქია, გამოხატული ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სტრატიფიკაციაში, აგრეთვე, ქვეყნიერების მხარეთა დიფერენციაცია, საწყისი დროის პარადიგმა, სივრცითი კატეგორიების აქსიოლოგიური შინაარსი.სამყაროს აგებულების ინგუშური მოდელი ვერტიკალურ ჭრილში სამნაწილიანია: პირველ დონეს განეკუთვნება – „მიწა თავისი ზღვებითა და მდინარეებით, მთებითა და დაბლობებით, ადამიანებითა და ცხოველებით“, მეორეს – „ცა, რომელიც პირველ სფეროს თაღის სახით ხურავს, სადაც ღმერთები, სულები, მზე, მთვარე და ვარსკვლავები მკვიდრობენ“, მესამეს – „მიწისქვეშეთი, მიცვალებულთა საუფლო“. თითოეულ ამ სივრცეს (სამყაროს), ანუ ზესკნელს, შუასკნელს, ანუ სამზეოს, და ქვესკნელს, ანუ შავეთს, შეესაბამება ფერთა გარკვეული მახასიათებელი, მაგალითად, ზესკნელი თეთრი ფერისა, შუასკნელი – წითელი, ქვესკნელი – მუქი ლურჯი / შავი.

აღნიშნულ ვერტიკალურ სივრცეებს გააჩნიათ საერთო ნიშნები, მაგრამ განსხვავდებიან ხარისხობრივი მახასიათებლებით: საიქიო, აგებული შვიდ წელიწადში, სამ წელიწადში აგებული შუასკნელის, ცოცხალთა სამყოფის, ანალოგიურია, მაგრამ ადამიანთათვის უცხო, თუმცა იმავდროულად იგი კეთილდღეობის საცავს წარმოადგენს; ზესკნელი ღვთაებრივი სივრცეა, ხოლო საკუთრივ სამზეო – ჩვეულებრივ ნეიტრალური.


სამყაროს ცენტრს წარმოადგენს „მზის ღმერთი“ (Маьлх Даьла). მისი ხელშეწყობით, ჩრდილოეთისა და სამხრეთის თანავარსკვლავედებიდან მიწაზე სხვა ღმერთები ეშვებიან. მზის ღმერთი, არის რა სამყაროს ღერძი, მას თითისტარივით ატრიალებს. ზ. მადაევას მიხედვით, სელა, რომელსაც ქვეყნიერების ჩრდილოეთის მხარე უჭირავს, სამყაროს თავია, ჰელა (სამხრეთი) – ფეხები, ალა (აღმოსავლეთი) და ბალა (დასავლეთი) – ხელები. ზეციდან მიწამდე ჩამოშვებულია ოქროს ჯაჭვი (ვარიანტი: ძაფი). „უწინდელ დროში ზეციდან ეშვებოდა ჯაჭვი, რომელთანაც ხალხი ნებისმიერი დავის დროს მიდიოდა და იქ წყვეტდა სადაო საკითხებს“, – მოგვითხრობს თქმულება. გადმოცემის სხვა ვარიანტით, „ცოლ-ქმარი და ის მამაკაცი წავიდნენ წმინდა ჯაჭვთან, რათა გადაეწყვითათ, ვინ იყო მათ შორის მართალი, ვინ – მტყუანი“.

ფრიად საინტერესოა ერთი კოსმოგონიური მითი, რომელშიც ნათქვამია: „იმ ძველ დროში მთელი ქვეყნიერება ჯერ კიდევ მადლით იყო მოცული... არავინ იცოდა, რა იყო ქარის ქროლვა. ციდან ეშვებოდა ძაფი, რომელზედაც გამობმული ქსოვილის ნაჭერი საერთოდ არ იძვროდა“. სწორედ აქ იკითხება მითოსური „საწყისი დრო“. ეს დრო ინგუშური წარმოდგენით, უკავშირდება აბსოლუტურ კეთილდღეობას, ოქროს ხანას, რომლესაც საფუძვლად უდევს მსოფლიო მადლის, ბარაქის იდეა, ანუ ინგუშური „დუნენ ბერქათი“, „მიალხენ ფარალი“.


ლიტერატურა

  • Антология ингушского фольклора. Сост. И. А. Дахкильгов. Т. 1. Нальчик, 2003;
  • Антология ингушского фольклора. Сост. И. А. Дахкильгов. Т. 4. Нальчик, 2006;
  • Ингушский нартский эпос. Сост. И. А. Дахкильгов. Нальчик, 2012;
  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
  • Мадаева З. А. Модель мира в мифологии вайнахов // Всесоюзная сессия по итогам полевых этнографических и антропологических исследований 1984-1985 гг. Йошкар-Ола, 1986;
  • Танкиев А. Х. Духовные башни ингушского народа. Сборник статей и материалов о народной культуре. Саратов, 1997; * Кантариа М. Познание мира у вайнахов // Лавровский сборник. СПб., 2011;
  • Акиева П. Х. Архетипы цветовидения ингушей // Лавровский сборник. СПб., 2013; მისივე, Пространственная картина мира в древнеингушских космогонических представлениях // Лавровский сборник. СПб., 2015.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები